№ას-933-895-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ მ-ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ. ს. TV“, გ. კ-ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - პ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ. ს. TV-სა“ და გ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეებისათვის ზიანის საკომპენსაციოდ 100 000 ლარის და 10 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების, ასევე მორალური ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურებისა და ბოდიშის მოხდის დავალდებულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივარს ერთვის განქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც თ. თ-ს განქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი მ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით თ. მ-ას განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად აპელანტმა მიუთითა, რომ მიმდინარეობს მისი სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცესი და ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით, აპელანტის მოთხოვნით, ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად თ. მ-ამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით თ. მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და შემწეობის მიღება. თ. მ-ს ოჯახის სარეიტინგო ქულაა 80450.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, თ. მ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის მაინც. მოსარჩელე განიცდის ფინანსურ სირთულეებს, მცირეწლოვან შვილთან ერთად სარდაფში ცხოვრობს, განქორწინდა და უმუშევარია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით თ. მ-ას განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. ხარვეზის შევსების ვადა ორჯერ გაგრძელდა. თ. მ-ამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა წარადგინა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს მოწმობა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს, რადგანაც აპელანტის სარეიტინგო ქულა 80450 იყო, ანუ შემწეობას არ იღებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, შესაბამისი მტკიცებულებები კი, თავად მხარემ უნდა წარადგინოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მხარე საარსებო შემწეობას იღებს, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ავტომატურად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია კი, შემწეობის მიღების გარეშე, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლებელია, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ამ შემცირების საფუძველი გახდეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია თ. მ-ას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, ასევე შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომ თ. მ-ას 2014 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება და საჯარო რეესტრის ცნობა, რომ მის სახელზე თბილისში უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ან მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებაზე იმსჯელოს, ვინაიდან თ. მ-ას სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის - 5000 ლარის გადახდა ეკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება და საქმე თ. მ-ას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე