Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

№ას-961-922-2014 1 დეკემბერი 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ო

წარმომადგენელი - ვ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ-ა, ნ. გ-ე, ვ. ბ-ე, ი. გ-ე, ე. ჩ-ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა. 42ა“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ბათუმის მერია

წარმომადგენელი - ე. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. შ-მა, ს. კ-მ, ვ. შ-ის მემკვიდრე - ს. კ-მ და ე. შ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა. 42ა-ს“, ბათუმის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 105 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ 52920 ლარის გადახდის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-სა და ე. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე - ს. კ-სა და ე. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქ. ბათუმის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა. 42ა-ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2247,38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. შ-მა, ს. კ-მ, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-მ და ე. შ-მა ნაწილობრივ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-სა და ე. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და იბა „ა. 42ა-ს“ ლ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 25 956 ლარი.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ,,ა. 42ა’’, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ლ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა. 42ა-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2014 წლის 11 ივლისს იბა „ა. 42ა-ს“ წევრებმა ც. კ-ამ, ნ. გ-მ, ვ. ბ-მ, ი. გ-მ, ე. ჩ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმავე სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს. მათ ასევე მოითხოვეს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინებით ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-ს, ე. ჩ-ის 2014 წლის 11 ივლისის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-ს, ე. ჩ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ. კ-ს წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-ს, ე. ჩ-ის განცხადება უსაფუძვლოა. ამხანაგობის თავმჯდომარე ი. ბ-ს გააჩნდა უფლებამოსილება სასამართლოში ამხანაგობის წარმომადგენელი ყოფილიყო. ეს უფლებამოსილება 2010 წლის 21 აპრილის N13 კრების ოქმით გადაეცა. მოვალის უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება 2014 წლის 10 ივნისს მოხდა, შესაბამისად, მხარისათვის ამ სამართალწარმოების შესახებ, სულ ცოტა, 10 ივნისს გახდა ცნობილი, ამდენად, განცხადება ერთთვიანი ვადის დარღვევითაა შეტანილი. ი. გ-ე ჯერ კიდევ 2010 წლის სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ გაასაჩივრა აღსრულების შეჩერების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინება, თუმცა, კერძო საჩივრის დასაბუთება მთლიანად მიმართულია ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-ს, ე. ჩ-ის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წინააღმდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილებით და, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეაჩერა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ც. კ-ას, ნ. გ-ის, ვ. ბ-ის, ი. გ-ს, ე. ჩ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ლ. კ-ს წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებს (განცხადება ხანდაზმულია, ამხანაგობის თავმჯდომარე ი. ბ-ს გააჩნდა უფლებამოსილება, სასამართლოში ამხანაგობის წარმომადგენელი ყოფილიყო და ა.შ), ეს გარემოებები სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას და შესაძლებელია, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, მაგრამ აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე, 432-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე