Facebook Twitter

№ას-971-932-2014 3 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ-ე

წარმომადგენელი - დ. ყ-ე

მოპასუხე - ნ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. მ-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თ. და ნ. დ-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ზ მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. და ნ. დ-ებს სოლიდარულად დაეკისრათ 18600 აშშ დოლარის გადახდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინა თ-რ დ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. დ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება თ. დ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. დ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე ნ. ფ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი (ხელმოწერილი) კერძო საჩივრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში, თ. დ-ს ხარვეზის განჩინება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - წყალტუბოს რაიონი, სოფ. უ-ი. გზავნილები სასამართლოში დაბრუნდა მითითებით, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს, მითითებული ტელეფონის ნომერი კი, არასწორია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს გზავნილის მისამართზე განმეორებით მიტანის მომენტიდან - 2014 წლის 24 ნოემბრიდან და ამ მომენტიდან დაიწყოს ხარვეზის შევსების ვადის ათვლა. ვინაიდან მხარემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, თ. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. დ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი