Facebook Twitter

№ას-972-933-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მისო „ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მისო „ბ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 5808 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მისო „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 5808 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით ლ. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, დამატებით 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. ს-ს ხარვეზის განჩინება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ვერ ჩაბარდა. სასამართლომ გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნია კურიერის მისამართზე მეორედ გამოცხადებიდან და ამ მომენტიდან აითვალა ხარვეზის შევსების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ფოსტის თანამშრომელი არ დაუკავშირდა მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მითითებული იყო მისი წარმომადგენლის, გ. ს-ის მონაცემებიც და სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, მისთვის, როგორც ლ. ს-ის კანონიერი წარმომადგენლისათვის გაეგზავნა განჩინება. გარდა ამისა, მის ინტერესებს იცავდა დ. მ-ე, რომლის მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი ასევე იყო საქმეში წარმოდგენილი და სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, განჩინება მისთვის ჩაებარებინა. სააპელაციო სასამართლოს არ უცდია ლ. ს-სთან ტელეფონით დაკავშირება. ხარვეზი დადგინდა მხოლოდ დამატებით 10 ლარის გადახდის ნაწილში, რაც დაკავშირებულია ვალუტის კურსის ცდომილებასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით ლ. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, დამატებით 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

განჩინება ორჯერ გაეგზავნა ლ. ს-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლ. ს-ს შესაგებელში და სააპელაციო საჩივარშიც მითითებული ჰქონდა მხოლოდ ძირითადი მისამართი - ბათუმი, კ-ის ქ. N5, ბ78. სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ამ მისამართზე ორჯერ გაიგზავნა და ადრესატს ვერ ჩაბარდა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მისი კანონიერი წარმომადგენლის - გ. ს-ის ძირითადი და ალტერნატიული მისამართები. სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, განჩინება მისთვის ჩაებარებინა, გარდა ამისა, მის ინტერესებს ასევე იცავდა დ. მ-ე, რომლის მონაცემებიც საქმეში წარმოდგენილი იყო. ლ. ს-ის მითითებით, გ. ს-ე მისი კანონიერი წარმომდგენელია.

აღნიშნული მტკიცების საპასუხოდ, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო განჩინება შეიძლება ჩაბარდეს მხარეს ან წარმომადგენელს. სასამართლო თვითონ ირჩევს, ვის ჩააბაროს განჩინება და კანონით გათვალისწინებული რომელი საშუალება გამოიყენოს. ცხადია, ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმოქმედოს იმ ვარაუდით, რომ შერჩეული ფორმა საუკეთესო საშუალებაა გზავნილის მხარისათვის ჩასაბარებლად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ლ. ს-ე სრულწლოვანია, ამასთან არ დასტურდება, რომ მას ქმედუნარიანობა შეზღუდული აქვს და დანიშნული ჰყავს მზრუნველი, შესაბამისად, საქმეში კანონიერი წარმომადგენლის ჩაბმის აუცილებლობა არ არსებობდა, გ. ს-ე კი, მის ინტერესებს მინდობილობის საფუძველზე იცავდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში შეიძლება იყოს მხოლოდ ადვოკატი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გზავნილს გ. ს-ს ვერ ჩააბარებდა. რაც შეეხება დ. მ-ს, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრის წარმომადგენლის გრაფა შევსებული არ იყო, გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთიან სიაში კი, ეს უკანასკნელი არ იძებნება, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ხარვეზის განჩინება დ. მ-სათვის ჩაებარებინა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ფოსტის თანამშრომელი მას მობილური ტელეფონით არ დაუკავშირდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების კვლევა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათის მიხედვით, ფოსტის თანამშრომელმა შეტყობინება დატოვა, რომელსაც თავად ლ. ს-ე არ შეეხმიანა (ს.ფ 142).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე