№ას-973-934-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ი, ზ. კ-ე, ბმა „ა. 22“ (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - თ. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. ნ-ის, ზ. კ-ისა და ბმა „ა. 22-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა. 22-ის წვერთა 2008 წლის 4 მარტის კრების N9 ოქმი ზ. კ-სათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5,19 კვ.მ-ს გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 23 აგვისტოს ზ. კ-სა და ლ. ნ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. ნ-სათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5,19 კვ.მ-ს გადაცემის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა N2/15635-13 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს N2/15635-13 სამოქალაქო საქმის წარმოება იმავე მხარეების მონაწილეობით. ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა ნ. კ-ის კუთვნილი სარდაფის სახლის სადარბაზოს მხრიდან ამჟამინდელი შესასვლელის გაუქმება და ნ. კ-ის მხრიდან ლ. ნ-ის კუთვნილი სარდაფის შესასვლელით სარგებლობის აკრძალვა. სააპელაციო სასამართლოში განხილვის საგანია კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ნ. კ-ის კუთვნილი ფართით სარგებლობა სადარბაზოს მხრიდან შეუძლებელია სადავო 5,19 კვ.მ-ს გამოყენების გარეშე, შესაბამისად, ამ ფართის ზ. კ-სათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ნ. კ-ს, როგორც ფართით უშუალოდ მოსარგებლეს, მონაწილეობა უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სარჩელით სადავოდაა გამხდარი სწორედ ნ. კ-ის მიერ სადავო ფართით სარგებლობის მართლზომიერება, მათ შორის, იმ კარის ღიობის არსებობის ლეგიტიმურობა, რაც აღნიშნული ფართის ნ. კ-ის მხრიდან ფლობის ფაქტს ადასტურებს, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია N2/15635-13 სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. კ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, აპელანტების შუამდგომლობის მიზანს მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა 2008 წლის 4 მარტის კრების N9 ოქმი ზ. კ-სათვის საერთო სარგებლობის დერეფნიდან 5,19 კვ.მ-ს გადაცემის ნაწილში და 2011 წლის 23 აგვისტოს ზ. კ-სა და ლ. ნ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე ხელშეკრულების დადებისას, ნ. კ-ის სარდაფში ჩასასვლელი კარი განთავსებული იყო დღეს არსებული მდგომარეობით. მოპასუხეებმა ხელშეკრულების დადებისას იცოდნენ, რომ ნ. კ-ის საკუთრებას განკარგავდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272.(დ) მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში N2/15635-13 სამოქალაქო საქმე იმავე მხარეებს შორის, სადაც სადავოა ნ. კ-ის კუთვნილი სარდაფის სახლის სადარბაზოს მხრიდან ამჟამინდელი შესასვლელის გაუქმება და ნ. კ-ის მხრიდან ლ. ნ-ის კუთვნილი სარდაფის შესასვლელით სარგებლობის აკრძალვა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მოცემული ორი სამოქალაქო საქმე ურთიერთკავშირშია. განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანია კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ნ. კ-ის კუთვნილი ფართით სარგებლობა სადარბაზოს მხრიდან შეუძლებელია სადავო 5,19 კვ.მ-ს გამოყენების გარეშე, შესაბამისად, ამ ფართის ზ. კ-სათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ნ. კ-ს, როგორც ფართით უშუალოდ მოსარგებლეს, მონაწილეობა უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სარჩელით სადავოდაა გამხდარი სწორედ ნ. კ-ის მიერ სადავო ფართით სარგებლობის მართლზომიერება, მათ შორის, იმ კარის ღიობის არსებობის ლეგიტიმურობა, რაც აღნიშნული ფართის ნ. კ-ის მხრიდან ფლობის ფაქტს ადასტურებს.
საკასაციო სასმაართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების საწინააღმდეგო არგუმენტები კერძო საჩივარში არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, მხარე თავად ადასტურებს, რომ გადამწყვეტი ამ საქმეზე ნ. კ-ის მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტია, მაშინ როდესაც N2/15635-13 საქმეზე სადავოა სწორედ ამ მფლობელობის მართლზომიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე