Facebook Twitter

№ას-974-935-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- ნ. წ-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. წ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 24713,75 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. წ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 17.04.2008 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 571 ლარის, 24.04.2008 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4164,16 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. წ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ნ. წ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინების პასუხად, კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ნ. წ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა და ნ. წ-ას ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. განჩინება ნ. წ-ას 19 ნოემბერს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 20 ნოემბრიდან დაიწყო და (დასვენების დღის გათვალისწინებით) 24 ნოემბერს ამოიწურა. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. წ-ას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი