№ას-975-936-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ. და დ. ჭ-ები (მოსარჩელეები)
მოპასუხეები - ე. ჭ-ა, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. და დ. ჭ-ებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნ. გ-ის, ე. ჭ-ას და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. და დ. ჭ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. ც-ის მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი დაყადაღების N21753 აქტში მითითებული შ. და დ. ჭ-ების კუთვნილი მოძრავი ნივთები.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა 10 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ნ. გ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში - 2014 წლის 3 ივლისსა გადახდილი, მაგრამ ნ. გ-ს გაუკეთდა ოპერაცია და ამ ქვითრების წარდგენა სასამართლოში ვერ მოხერხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა 10 დღით გაგრძელდა.
კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას იმ მოქმედების შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ იარსებებს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნათლადაა მითითებული, რომ მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა.
კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად შევსებული არ იყო და სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ნ. გ-ის წარმომადგენელი მხოლოდ სიტყვიერად განმარტავს, რომ ქვითრების წარდგენა აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეფერხდა, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ვინაიდან ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. ნ. გ-ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს 03/07/2014 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარი შემდეგი ანგარიშიდან ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე