№ას-987-948-2014 16 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ბ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ. გ-ე, თ-რ გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ბ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. ბ-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 1000 აშშ დოლარის, თანხის გადაცემიდან სარჩელის აღძვრამდე სარგებლის - 3000 აშშ დოლარის გადახდის, ასევე თანხის სრულად დაბრუნებამდე სარგებლის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 1000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 3000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტ თ ბ-ის წარმომადგენლების თ. გ-ისა და თ-რ გ-ის განცხადება სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენლებმა სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინეს განცხადება სხდომის გადადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ. განცხადებას შესაბამისი მტკიცებულება არ ერთვოდა. აპელანტის წარმომადგენლების სხდომის თაობაზე დიდი ხნით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები და მათ საკმარისი დრო ჰქონდათ ამგვარი მტკიცებულების მოსაპოვებლად.
აღნიშნული განჩინება თ. ბ-ის წარმომადგენლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, კანონი არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ მხარემ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მტკიცებულებებით დაადასტუროს. განცხადებაში მითითებული იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლე, შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა არსებობდა. ბ. ქ-ის და სხვათა წინასასამართლო სხდომა არ ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რამდენიმე დღე გაგრძელდა, რის გამოც, სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობეს. ბ. ა-ის და ჯ. თ-ის პროცესი კი, გვიან დაიწყო, რის შესახებაც სხდომის დღეს, 10:00 საათზე გახდა ცნობილი და დაუყოვნებლივ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.
თ. ბ-ის წარმომადგენლებმა სხდომის დღეს აცნობეს სააპელაციო სასამართლოს, რომ გამოცხადებას ვერ ახერხებდნენ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში იღებდნენ მონაწილეობას. განცხადებას რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სხვა საქმის განხილვა იყო დანიშნული, არ ერთვოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მიერ სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ წარმოდგენს სხდომის გადადების პირდაპირ საფუძველს, არც იმგვარი გარემოებაა, რის შესახებაც იგი წინასწარ ვერ აცნობებს სასამართლოს, ამასთან, ადვოკატმა სხვა სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ სათანადო მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული არ ყოფილა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მართებულად არ გაიზიარა.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ბ. ქ-ის და სხვათა წინასასამართლო სხდომა არ ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რამდენიმე დღე გაგრძელდა, რის გამოც, სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობეს. ბ. ა-ის და ჯ. თ-ის პროცესი კი, გვიან დაიწყო, რის შესახებაც სხდომის დღეს, 10:00 საათზე გახდა ცნობილი და დაუყოვნებლივ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივარზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობიდან არ ირკვევა, რომ ბ. ა-ის და ჯ. თ-ის პროცესი სხვა დროს იყო დანიშნული, მაგრამ დაგვიანებით დაიწყო, რაც შეეხება ბ. ქ-ის და სხვათა პროცესს, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სხდომა რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მოულოდნელად გადაიდო. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებებს კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე