№ა-3398-ა-17-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - თ. ც-ა
წარმომადგენელი -ა. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჩ-ა, გ. გ-ა, გ. ჩ-ა, გ. გ-ე, ვ. ქ-ე, თ. ნ-ე, თ. ბ-ა, თ. კ-ი, ი. ს-ა, ლ. მ-ი, მ. წ-ი, მ. ლ-ე, ნ. ბ-ა, ნ. შ-ა, ტ. შ-ე, იბა „მ-ის 7“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ც-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის 7-ის“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ას სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ თ. ც-ას კუთვნილი თბილისში ღ-ის ქ. N8-ში მდებარე უძრავი ქონების გათავისუფლება ავტომობილებისა თუ სხვა მოძრავი ნივთებისაგან.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტების გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, მ. წ-ის, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, ი. ს-ასა და იბა „მ-ის 7-ის“ წარმომადგენელ თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა წარმოება საქმეზე №2ბ/6826-13 აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის 7-ის“ სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ას მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე №/3/3744/13 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული განჩინება თ. ც-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით თ. ც-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გასაჩივრებული დასაბუთებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა თ. ც-ას წარმომადგენელი ა. თ-ი (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.66-68) (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.II, ს.ფ. 199-209). კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2014 წლის 9 ივლისს და დამთავრდა 2014 წლის 21 ივლისს (20 ივლისი იყო დასვენების დღე). კერძო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 25 ივლისს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ კერძო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ. II, ს.ფ.223), კერძო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2014 წლის 25 ივლისი (იხ. ტ.II, ს.ფ.227), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
2014 წლის 30 ოქტომბერს თ. ც-ას წარმომადგენელმა ა. თ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მისი მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის სხდომაზე დასაბუთებული განჩინება არ გამოცხადებულა, არამედ გამოცხადდა მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. დასაბუთებული განჩინება მხარეს 21 ივლისს ჩაბარდა, შესაბამისად, კერძო საჩივარი ვადაშია შემოტანილი. განცხადებას ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის შენიშვნა იმავე სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის ოქმთან დაკავშირებით. შენიშვნის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისს აპელანტების გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, მ. წ-ის, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, ი. ს-ას და იბა ,,მ-ის 7-ის“ წარმომადგენლის თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა წარმოება საქმეზე №2ბ/6826-13 აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, იბა ,,მელიქიშვილის 7-ის“ სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ას მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე N/3/3744-13 საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის განმავლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) კერძო საჩივრის წარდგენის გზით. სასამართლოს ამგვარი განმარტება ეფუძება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს სხდომაზე, ადგილზე თათბირის შედეგად არ გამოუცხადებია მოტივირებული საოქმო განჩინება, რაც ასახულია კიდეც სასამართლო სხდომის ოქმის ელ.ვერსიაში (მოუსმინეთ 16:51:41). სასამართლო გავიდა სათათბიროდ და თათბირის შემდეგ ადგილზე გამოაცხადა მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ამიტომაც განემარტათ მხარეებს, რომ განჩინება საჩივრდებოდა მოტივირებული განჩინების ჩაბარებიდან და არა სხდომაზე განჩინების გამოცხადებიდან. რაც შეეხება სხდომის ელ.ვერსიის შემდეგ მოცემულ მოტივაციას, აღნიშნული მოტივაცია შეიქმნა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, თუმცა, აისახა არა სხდომის ოქმისგან განცალკავებით, ცალკე შექმნილ საპროცესო დოკუმენტში, არამედ ამავე ოქმში, ნაბეჭდი სახით. შესაბამისად, მხარეს არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა მითითებული მოტივაციის გაცნობის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა მოტივირებული განჩინების გამოცხადებას, მითითებული მოტივაცია ასახული იქნებოდა სხდომის ელექტრონულ ვერსიაში, როგორც სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინება, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილის `ზ~ ქვეპუნქტისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და მიიჩნია, რომ თ. ც-ას წარმომადგენელ ა. თ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით თ. ც-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა გაშვებული ჰქონდა. საკასაციო სასამართლომ ვადა განჩინების გამოცხადების მომენტიდან აითვალა, ვინაიდან, მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასაბუთებული განჩინება გამოცხადდა. მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს შენიშვნა ნათლად ადასტურებს, რომ სასამართლოს სხდომაზე, ადგილზე თათბირის შედეგად არ გამოუცხადებია მოტივირებული საოქმო განჩინება. სასამართლო გავიდა სათათბიროდ და თათბირის შემდეგ ადგილზე გამოაცხადა მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. დასაბუთებული განჩინება შეიქმნა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ აისახა იმავე ოქმში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკასაციო სასამართლოსათვის გადაცემული რომ ყოფილიყო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, თ. ც-ას კერძო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს განჩინების ჩაბარებიდან - 2014 წლის 21 ივლისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საჩივარი ვადაშია შემოტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 423-ე, 431-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ც-ას წარმომადგენელ ა. თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და თ. ც-ას კერძო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი