Facebook Twitter

№ა-3690-ა-19-2014 25 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ა-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივლისის Nას-810-774-2014 განჩინებისა გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე ე. ბ-ის სარჩელის გამო მ. ა-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

იმავე კოდექსის 426.1-2 მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში დაცული განაცხადით დასტურდება, რომ მ. ა-ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივლისის Nას-810-774-2014 განჩინება 2014 წლის 9 ოქტომბერს ჩაიბარა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან გახდა მისთვის ცნობილი, რომ საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი საპროცესო ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო ის ფაქტი, რომ კერძო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 2014 წლის 25 ნოემბერსაა შემოტანილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს ცნობის მიღება 2014 წლის 7 ნოემბერს, ვინაიდან, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის თაობაზე მისთვის, სულ მცირე, 2014 წლის 9 ოქტომბრიდანაა ცნობილი და ის ფაქტი, რომ საჭირო მტკიცებულება თავად მოითხოვა სააპელაციო სასამართლოსაგან დაგვიანებით, განცხადების შეტანის ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი