№ ა-2712-გან-3-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელი ნ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი, რ. მ-ი, ნ. კ-ე, თ. ქ-ა
გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ზ. ნ-იმ, ე. რ. ნ-იმ, ი. ნ.-რ-მა, ო. რ-მა, ი. ს. ნ. შ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. კ-ის, თ. ქ-ას, თ. ბ-ისა და რ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი ნ. კ-ის მიერ მ. ზ. ნ-ის სახელით თ. ქ-სთან 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნეს ცნობილი ნ. კ-ის მიერ მ. ზ. ნ-ის სახელით რ. მ-თან 2009 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნეს ცნობილი ნ. კ-ის მიერ მ. ზ ნ-ის სახელით 2009 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება იპოთეკის გაუქმების თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
თ. ქ-ამ სარჩელი არ ცნო შესაგებლით და აღნიშნა, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელე მ. ზ. ნ-ისა და თ. ქ-ას შორის ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო - საცდელი მეურნეობის შესყიდვაზე. მ. ზ. ნ-ის წარმოადგენდა მინდობილი პირი ნ. კ-ე, თ. ქ-ას მინდობილობის საფუძველზე, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მ. ფ-მა. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 400 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში და იმავე დღეს აღირიცხა თ. ქ-ას საკუთრებად. 15 000 აშშ დოლარი სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მეშვეობით გადაირიცხა ისრაელში მოსარჩელის ანგარიშზე, რომელიც მოპასუხეს გადასცა ნ. კ-მ, ხოლო 31 აშშ დოლარი ნ. კ-მ მიიღო ხელზე. დარჩენილი თანხა თ. ქ-ას მოსარჩელისათვის უნდა გადაერიცხა ნ-ის ანგარიშზე. ამის შემდეგ, მისთვის ცნობილი გაცხდა რომ, ნ. კ-ის მინდობლობა იყო ყალბი. ამდენად მოპასუხის განმარტებით, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ.- რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ.- შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, კ-ას ქ. №3-ში, ბინა №38; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, დიღმის სასწ.საცდელი მეურნეობა, მიწის ნაკვეთი -4000.00 კვ.მ.; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება იპოთეკის გაუქმების შესახებ და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, დიღმის სასწ.საცდელი მეურნეობა (ზონა-თბილისი ..., სექტორი ...-, კვარტალი ...- , ნაკვეთი ....; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეუნეო, დაზუსტებული ფართობი: 4000.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: მშენებარე შენობა №1 საერთო ფართი -1703.45 კვ.მ.) აღდგა იპოთეკის შესახებ რეგისტრაცია (იპოთეკარები: ნ-ი ე. რ, ი. რ-ი, ო. რ-ის, ნ-ი შ. ი-ს); რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რ. მ-ს, მ. ზ. ნ-ის სასარგებლოდ,დაეკისრა 1625 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. თ. ქ-ას, მ. ზ. ნ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 6425 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ზ. ნ-იმ და თ. ქ-ამ.
მ. ზ. ნ-იმ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა თ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე, 4000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ზ. ნ-ის სარჩელი ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე, 4000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, მ. ზ. ნ-ის, თ. ქ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა.
2014 წლის 12 აგვისტოს მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, კერძოდ, გადაწყვეტილებით საერთოდ არ დგინდება, თუ ვის აქვს თ. ქ-სგან სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის (354000 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლება, უზენაესი სასამართლოს ასეთი მიდგომით კი, ლეგიტიმური ხდება თ. ქ-ას უსაფუძვლო გამდიდრება, რომელმაც 1 მილიონ დოლარად ღირებულ ქონებაზე საკუთრების უფლება რეალურად მოიპოვა 46000 აშშ დოლარად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა განემარტოს, ვის აქვს თ ქ-სგან 354000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებამოსილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, კ-ას ქ. №3-ში, ბინა №38; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, დიღმის სასწ.საცდელი მეურნეობა, მიწის ნაკვეთი -4000.00 კვ.მ.; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება იპოთეკის გაუქმების შესახებ და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, დიღმის სასწ.საცდელი მეურნეობა (ზონა-თბილისი , სექტორი -..., კვარტალი - ..., ნაკვეთი... ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეუნეო, დაზუსტებული ფართობი: 4000.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: მშენებარე შენობა №1 საერთო ფართი -1703.45 კვ.მ.) აღდგა იპოთეკის შესახებ რეგისტრაცია (იპოთეკარები: ნ-ი ე. რ., ი. რ-ი, ო. რ-ის, ნ-ი შ. ი.); რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თ. ქ-ას კასაციის პრეტენზიას წარმოადგენდა ნ. კ-ის მიერ მ. ზ. ნ-ის სახელით თ. ქ-ასთან 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა, ხოლო მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იყო რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება.
განმცხადებელი ბუნდოვნად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომლითაც სარჩელი ნ. კ-ის მიერ მ. ზ. ნ-ის სახელით თ. ქ-ასთან 2009 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სავსებით გასაგებია, ბუნდოვანი არ ყოფილა, იგი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს საკასაციო საჩივრებზე და შეესატყვისება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ სასამართლო მსჯელობას და, შესაბამისად, მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე