Facebook Twitter

№ა-1247-შ-34-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის დირექტორი ა. რეშეტნიკოვი

მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონის პროკურორის სარჩელი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის ინტერესებში დაკმაყოფილდა სრულად, ა. დ-ს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 12 466, 84 რუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის დირექტორი ა. რეშეტნიკოვმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 16 იანვარს, ა. დ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, ასევე განაჩენი სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონის პროკურორის სარჩელი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის ინტერესებში დაკმაყოფილდა სრულად, ა. დ-ს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 12 466, 84 რუსული რუბლის გადახდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.

იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის დირექტორი ა. რეშეტნიკოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ქ. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონის პროკურორის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (რომლის ძალითაც ა დ-ს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 12 466, 84 რუსული რუბლის გადახდა) და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე