№ა-2427-შ-74-2014 30 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დ. მ-ი
წარმომადგენელი - გ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლეშემის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლეშემის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დ. მ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
გ ჭ-ას წარმომადგენლებმა შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არ არსებობს შეთანხმება მეორე მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის შესახებ, რის გამოც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა თელ-ავივის იაფოს ოლქის სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2011 წელს გ. ჭ-ას განცხადების საფუძველზე დ. მ-ის მიმართ დაიწყო გამოძიება დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე. სასამართლოს მიერ გამოყენებული ე.წ. აღიარება გაყალბებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლეშემის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 731-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
იმავე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;
ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;
ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;
ა.ვ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი.
მოპასუხის მტკიცებით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არ არსებობს შეთანხმება მეორე მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის შესახებ, რის გამოც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია. 2011 წელს გ. ჭ-ას განცხადების საფუძველზე დ. მ-ის მიმართ დაიწყო გამოძიება დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე. სასამართლოს მიერ გამოყენებული ე.წ აღიარება გაყალბებულია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლო დავას არსებითად არ იხილავს, არამედ, უნდა გადაწყდეს უკვე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი, რა მიზნითაც, სასამართლო იკვლევს, ხომ არ განხორციელდა საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც კერძოსამართლებრივი დავების განხილვის ძირითად პრინციპებს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას გამორიცხავს („არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამგვარი გარემოებების არსებობის შესახებ მოპასუხემ უნდა მიუთითოს და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ შეუსრულებია.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არ არსებობს შეთანხმება მეორე მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც საქართველო, ისე ისრაელი მიერთებულები არიან „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციაზე.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა თელ-ავივის იაფოს ოლქის სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასმაართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინებით უზენასმა სასამართლომ იმსჯელა არა არბიტრაჟის, არამედ ისრაელის ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე, შესაბამისად, მხარის მიერ მოყვანილი განჩინება მოცემული საქმის განხილვასთან დაკავშირებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად, თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლეშემის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ის წარმომადგენელ გ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლეშემის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გ. ჭ-ას დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება და მიექცეს აღსასრულებლად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე