№ა-2817-შ-83-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. ხ. მ-ი, 2. უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. კონონიხინა (სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. წ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის გადახდა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ვ. ძე წ-ას არასრულწლოვანი შვილის ....... წელს დაბადებულ ვ. ჯ. ძე წ-ას შენახვისათვის დაეკისრა თვეში 1000 გრივნის გადახდა 12.12.2013 წლიდან. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 243,60 გრივნის გადახდა.
10.09.14 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ხ. მ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. სასამართლოს ასევე მომართა უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. კონონიხინამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 27.06.2014 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ჯ. წ-ას ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.
ჯ. წ-ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა და მიუთითა, რომ ხ. მ-თან ქორწინებაში არ ყოფილა. ბავშვი, რომლისთვისაც ის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს, მისი შვილი არ არის. ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლო 2014 წლის აპრილიდან არ ფუნქციონირებს, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში იმყოფება და გადაწყვეტილება ყალბია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ვ. ძე წ-ას არასრულწლოვანი შვილის ..... წელს დაბადებულ ვ. ჯ. ძე წ-ას შენახვისათვის დაეკისრა თვეში 1000 გრივნის გადახდა 12.12.2013 წლიდან. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 243,60 გრივნის გადახდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
რაც შეეხება ჯ. წ-ას მტკიცებას, რომ ხ. მ-თან ქორწინებაში არ ყოფილა და ბავშვი, რომლისთვისაც ის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს, მისი შვილი არ არის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა არსებითად არ იხილება და მხარეს შეეძლო, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებებზე მიეთითებინა, რაც მას არ შეუსრულებია.
მხარე ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლო 2014 წლის აპრილიდან არ ფუნქციონირებს, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში იმყოფება და გადაწყვეტილება ყალბია, მაგრამ ამ ფაქტის დამდასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას ვერ დაეყრდნობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-70 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. მ-ისა და უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. კონონიხინას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის ქ. მაკეევის ჩერნოგვარდეის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ვ. ძე წ-ას არასრულწლოვანი შვილის ..... წელს დაბადებულ ვ. ჯ. ძე წ-ას შენახვისათვის დაეკისრა თვეში 1000 გრივნის გადახდა 12.12.2013 წლიდან და სახელმწიფო ბაჟის 243,60 გრივნის გადახდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე