Facebook Twitter

№ა-3075-შ-80-2013 8 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - ღსს „ა. ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ა-ს“ ღსს „ა. ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 52024,46 ლარის, 141776,27 ლარის ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 354 0000 რუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ღსს „ა. ს-მა“ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. მოწინააღმდეგ მხარეს, სს „ა-ს“ გაეგზავნა განჩინების ასლი, შუამდგომლობა და თანდართული მასალები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

იმავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. მოწინააღმდეგ მხარეს, სს „ა-ს“ გაეგზავნა განჩინების ასლი, შუამდგომლობა და თანდართული მასალები შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, რ. გამზ. N36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სს „ა-ი“ ამ მისამართზე აღარ მდებარეობს. გზავნილი განმეორებით გაიგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე, მაგრამ ადრესატს ვერ ჩაბარდა.

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია, სს „ა. ს-ის“ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით.

ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი არ არის სს „ა-ის“ ალტერნატიული მისამართი ან სხვა საკონტაქტო მონაცემები, შუამდგომლობის ავტორისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის განჩინების ჩაბარება საჯარო შეტყობინების ვერ-გვერდზე განთავსების გზით უნდა განხორციელდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე. 58-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღსს „ა. ს-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება, მოპასუხე სს „ა-სათვის“ ჩაბარების მიზნით, გავრცელდეს საჯაროდ და განთავსდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე www.supremecourt.ge;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე