Facebook Twitter

№ა-311-შ-10-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - შპს „ო. ი. ე-ო“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ. ბ-ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ბ-ს“ შპს „ო. ი. ე-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საურავის - 16181,16 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 6999 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ო. ი. ე-მ“და მოითხოვა ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გამოტანისთანავე და არ აღსრულებულა რუსეთის ტერიტორიაზე.

შპს „ჯ. ბ-მა“ საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში ცნო შუამდგომლობა და სასამართლოს საურავის დაკისრების ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თხოვნით მომართა. მისი მითითებით, შპს „ჯ. ბ-ს“ ბრალი არ მიუძღვის ხელშეკრულების დარღვევაში. მოსარჩელემ თავად დაარღვია შეთანხმების პირობა და საქართველოს ბაზარზე სხვა დისტრიბუტორი შემოიყვანა, რამაც მოპასუხის საქმიანობა შეაფერხა, გარდა ამისა, 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხემ დავალიანება დაფარა, ამიტომ საურავის დარიცხვა გაუმართლებელია. მრავალწლიანი ურთიერთობის პერიოდში მოპასუხეს არც ერთხელ არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ო. ი. ე-ს“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 731-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

იმავე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.

რაც შეეხება შპს „ჯ. ბ-ის“ შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;

ა.ვ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ამგვარ გარემოებებზე არ მიუთითებია. მხარე ამტკიცებს, რომ შპს „ჯ. ბ-ს“ ბრალი არ მიუძღვის ხელშეკრულების დარღვევაში. მოსარჩელემ თავად დაარღვია შეთანხმების პირობა და საქართველოს ბაზარზე სხვა დისტრიბუტორი შემოიყვანა, რამაც მოპასუხის საქმიანობა შეაფერხა, გარდა ამისა, 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხემ დავალიანება დაფარა, ამიტომ საურავის დარიცხვა გაუმართლებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლო დავას არსებითად არ იხილავს, არამედ, უნდა გადაწყდეს უკვე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი, რა მიზნითაც, სასამართლო იკვლევს, ხომ არ განხორციელდა საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც კერძოსამართლებრივი დავების განხილვის ძირითად პრინციპებს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას გამორიცხავს („არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამგვარი გარემოებების არსებობის შესახებ მოპასუხემ უნდა მიუთითოს და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ შეუსრულებია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვას დაეთანხმა და ამ საკითხს არც წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში ხდის სადავოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 78-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო. ი. ე-ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ. ბ-ს“ შპს „ო. ი. ე-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საურავის - 16181,16 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 6999 აშშ დოლარის გადახდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე