საქმე №ა-3558-შ-96-2014 08 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობების ავტორები – ზ. ტ-ე, ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ტ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობების ავტორები მოითხოვენ – ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ს (დაბადებულს ... წლის .... მაისს შუახევის რაიონში, მცხოვრებს ბათუმში, თ. მ. დ-ა, კორპუსი N26, ბინა N33-ში) ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების - .... წლის .... იანვარს დაბადებული ზ-სა და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა-ას რჩენისათვის თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 33%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 75%-სა საშუალოდ ერთ სულზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ტ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა 1278150 რუბლის ოდენობით.
ზ. ტ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ა. ტ-სათვის ბაჟის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზ. ტ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს შუამდგომლობები წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა საქმის მასალების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შუამდგომლობების თაობაზე თავისი მოსაზრების წარმოდგენისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის უფლების შესახებ.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ა. ტ-ს გაეგზავნა 2014 წლის 19 ნოემბერს და ჩაბარდა 2014 წლის 24 ნოემბერს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობებზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ს (დაბადებულს ... წლის ... მაისს შუახევის რაიონში, მცხოვრებს ბათუმში, თ. მ. დ-ა, კორპუსი N26, ბინა N33-ში) ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების - ... წლის ... იანვარს დაბადებული ზ-ისა და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა-ას რჩენისათვის თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 33%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 75%-სა საშუალოდ ერთ სულზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ტ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა 1278150 რუბლის ოდენობით.
შუამდგომლობებზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე ა. ტ-ე, მას ჩაბარდა საქმის მასალები ბათუმში, თ. მ. დ-ა, კორპუსი N26, ბინა N33-ში; 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 07 ოქტომბერს და მისი აღსრულება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც „ა,“ „ბ,“ „დ,“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ტ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: 1. ა. ტ-ს (დაბადებულს ... წლის ...მაისს შუახევის რაიონში, მცხოვრებს ბათუმში, თ. მ. დ-ა, კორპუსი N26, ბინა N33-ში) ზ ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების - ... წლის ...იანვარს დაბადებული ზ-ისა და ... წლის ... ივლისს დაბადებული ა-ას რჩენისათვის თვეში ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 33%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 75%-სა საშუალოდ ერთ სულზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე; 2. ა. ტ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა 1278150 რუბლის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია