საქმე №ა-3667-შ-103-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ბ-ი
წარმომადგენელი – ქ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. შ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – გერმანიის კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ლ-ამ და ჰ. შ-მა ქორწინება დაარეგისტრირეს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა, რის გამოც გერმანიის კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ისინი განქორწინდნენ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ლ-ას წარმომადგენელმა მ. ბ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების ქსეროასლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ მ. ბ-ის წარმომადგენელ ქ. ლ-ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გერმანიის კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების აპოსტილით დამოწმებული დედანი ან ამავე აპოსტილირებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ადვოკატის მოწმობა.
ამასთან, მხარეს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინება მ. ბ-ის წარმომადგენელსა და დედას – ქ. ლ-ას ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს.
საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში და მისი გასვლის შემდეგაც, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მ. ბ-ის წარმომადგენელ ქ. ლ-ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის წარმომადგენელ ქ. ლ-ას შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი