Facebook Twitter

№ა-66-შ-2-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - შპს „გ. პ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ. პ-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით შპს „გ. პ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ტ. პ-სა“ შპს „გ. პ-ს“ შორის გაფორმებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნის შესახებ 05.04.2012 წლის N54/12 ხელშეკრულება შეწყდა, შპს „ტ. პ-ს“ შპს „გ. პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 5482335,75 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 41475,46 რუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ. პ-მა“ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 4 ივლისს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და შპს „ტ. პ-ი“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.

კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ. პ-ის“ შუამდგომლობა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება შპს „ტ. პ-ის“ მოსაზრებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს არ მიუთითებია გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო განმარტება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების დაფარვის თაობაზე, არ აბრკოლებს სადავო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ პ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „ტ პ-სა“ შპს „გ პ-ს“ შორის გაფორმებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნის შესახებ 05.04.2012 წლის N54/12 ხელშეკრულება შეწყდა, შპს „ტ პ-ს“ შპს „გ პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 5482335,75 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 41475,46 რუსული რუბლის გადახდა და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე