Facebook Twitter

საქმე№ას-1095-1044-2014 31 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი. თ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ვ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და 2010 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ.ვ-ას მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. თ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ვ-ას მიმართ პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 13 000 აშშ დოლარის 0,3%-ის დაკისრების ნაწილში ნოტარიუს ი.ხ-ის მიერ 2013 წლის 8 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ამავე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის - 13 000 აშშ დოლარის გადახდილად მიჩნევის მოთხოვნით.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ნაწილში ცნო, ხოლო ძირითადი ვალდებულების ნაწილში ი.თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა სადავო სააღსრულებო ფურცელი, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ძირითადი ვალდებულების - 13 000 აშშ დოლარის ნაწილში შეჩერდა 2013 წლის 8 ივლისს ნოტარიუს ი.ხ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. თ-მ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა 2010 წლის 25 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ.ვ-ას მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ ამ უფლების სხვა პირისათვის დათმობის შესახებ, რის შედეგადაც ი.თ-ს მიადგება ზიანი. მოთხოვნის უფლების შემძენი მოსარჩელეს განმეორებით მოსთხოვს მის მიერ უკვე გადახდილ თანხას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

ი.თ-ს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდილი აქვს როგორც სესხის სარგებელი, ისე ძირი თანხა, მიუხედავად აღნიშნულისა, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა, საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ.ვ-ა აპირებს მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დათმობას, ასეთ შემთხვევაში შემძენი განმეორებით მოითხოვს უკვე გადახდილი თანხის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოთხოვნის მიმღებზე მოთხოვნა იმავე სახით გადავა, რა სახითაც იგი თავდაპირველ მფლობელს გააჩნდა, თუმცა, მიუხედავად საჩივრის ავტორის მიერ მოპასუხისათვის თანხის რეალურად გადახდისა, ქ.ვ-ამ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მაინც მოითხოვა მოვალის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულების განმეორებით შესრულება.

იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება აპელანტის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეცა უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.თ-მ, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში) კანონიერ ძალაში არ არის შესული. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ნოტარიუს ი.ხ-ის მიერ 2013 წლის 8 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების - 13 000 აშშ დოლარის გადახდილად მიჩნევის საკითხი.

სააპელაციო პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი.თ-ს უარი ეთქვა სარჩელს უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების პასუხად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე უხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსი გადაწყვეტილების აღსრულების მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა, რაც ემყარება ვარაუდს, რომ მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნისაგან თავის არიდების მიზნით შესაძლოა განახორციელოს იმგვარი მოქმედება, რაც შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 199-ე, 201-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კრედიტორს უფლება აქვს, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მოთხოვნის დათმობის აკრძალვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ახალ მფლობელზე მოთხოვნა იმავე სახით გადადის, როგორითაც იგი წინა მფლობელის ხელში იყო. მოვალეს ახალი მფლობელის წინაშე უფლება აქვს, თავი დაიცვას ყველა იმ საშუალებით, რისი უფლებაც ძველი მფლობელის წინაშე გააჩნდა. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის დათმობა შინაარსობრივად წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დაშვებას და არა ერთი და იმავე მოთხოვნის რამდენჯერმე შესრულების წინაპირობას, რაც სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.

პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება სესხის ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულების თაობაზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებას არ უკავშირდება, ეს საკითხი დგინდება მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების შედეგად, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს სასამართლოს ვარაუდი, რომ დავის საგანს ესაჭიროება დაცვა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით არ დასტურდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ი. თ-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს მოვალის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება, კერძოდ, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას სრულად აქვს შესრულებული 2010 წლის 25 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, მოითხოვს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას: პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმებასა და 13 000 აშშ დოლარის გადახდილად აღიარებას (იხ. სასარჩელო მოთხოვნა);

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ამ ნაწილში გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირი თანხის გადახდილად აღიარებაზე, რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება გააუქმა სესხის ძირი თანხის - 13 000 აშშ დოლარის ნაწილში;

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელემ სააპელაციო წესით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა), ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში არ შესულა კანონიერ ძალაში;

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებითა და საჩივრით ი. თ-ე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად მოითხოვს სესხისა და იპოთეკის სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადებას, თავის მხრივ, მოთხოვნას მხარე ასაბუთებს იმით, რომ კრედიტორი აპირებს გაასხვისოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, მოვალეს ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული და ახალი მფლობელი განმეორებით მოსთხოვს თანხის გადახდას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი.თ-ის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მოთხოვნის უფლების მქონე პირის - კრედიტორის უფლებამოსილება, სხვა პირს საკუთრებაში გადასცეს იმგვარი მოთხოვნები და უფლებები, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, ამგვარი დათმობისათვის მოვალის თანხმობის საჭიროება კანონით დადგენილი არაა, თუმცა დათმობის გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თავად ვალდებულების არსს, მოვალესთან შეთანხმებას ან კანონს (სკ 199.1). ასეთ დროს მოვალის ინტერესები ჯეროვნადაა დაცული და მოთხოვნის დათმობით მას რაიმე დამატებით ვალდებულება არ წარმოეშობა, კერძოდ, 198-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, ხოლო 201-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით ამომწურავადაა განსაზღვრული მოვალის ინტერესებისათვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგი - თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში აპელანტს რაიმე დამატებითი ვალდებულება არ წარმოეშობა. დათმობა, შესაძლოა, მხოლოდ მოპასუხის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მხარის უფლებამონაცვლეობის საფუძველი გახდეს, ხოლო საქმის მასალების არსებითად შესწავლის შედეგად თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს ვალდებულება შესრულებული აქვს უფლების თავდაპირველი მფლობელის მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე ძალის მატარებელი იქნება მოთხოვნის ახალი მფლობელისათვის, როგორიც ქ. ვ-ას მიმართ იქნებოდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ერთი მხრივ, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და, მეორე მხრივ, ამ ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული ბალანსი მხარეთა თანასწორობისა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები არ ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება, რაც მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე