№ას-1030-988-2014 27 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-მა მოპასუხე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნები:
1. მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №53/კ ბრძანებისა და 2013 წლის 29 მარტის №8/171 წერილის ბათილად ცნობა;
2. ნ. ბ-ის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის ბათილად ცნობა;
3. სამუშაოზე აღდგენა;
4. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1 ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №53/კ ბრძანება;
1.2 ნ. ბ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში – სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კონტროლისა და მონიტორინგის ინსპექტორის თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა განაცდური 2013 წლის 1 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე;
2. სარჩელი არ დაკმაყოფილდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2013 წლის 29 მარტის №8/171 წერილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში.
3. მოსარჩელეს დაუბრუნდა კ.კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მა.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2013 წლის 29 მარტის №8/171 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით:
1. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. ნ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3. გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ არ მიუთითა იმის შესახებ, რომ მან იმსჯელა მ.მ-ის, ზ.კ-ის, თ.ც-ას, თ.დ-ის და თავად ნ.ბ-ის მიერ გენერალურ ინსპექციაში მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაზე, ამის გამო გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლს და დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის ეს მოსაზრება წარმოადგენდა ზემოხსენებული 249-ე მუხლის არასწორ განმარტებას. ამ ნორმის მე-3 ნაწილით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს. ამდენად, სასამართლომ უნდა მოიყვანოს მოსაზრებები, რომლებითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლომ პირდაპირ არ მიუთითა ზემოხსენებული პირების ახსნა-განმარტებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ნ. ბ-ი მორიგეობას აწარმოებდა, ხოლო 2012 წლის 24 მარტს ერთ-ერთი ავადმყოფის მიერ ტერიტორიის თვითნებურად დატოვების შესახებ უცნობებია ოპერატიული მორიგისათვის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადია, რომ ამ არგუმენტით (აგრეთვე, ამავე პუნქტში აღნიშნული სხვა არგუმენტებით) უარყოფილი იყო ყველა ის მოსაზრება, რასაც აპელანტი ცდილობდა დაყრდნობოდა ზემოხსენებული პირების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების შეფასებისას, რის გამოც აპელანტის მსჯელობა გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ სრულიად უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ დეტალურად არ მიმოიხილა ყველა გამოკითხული პირის ახსნა-განმარტება, ვინაიდან ყველა ამ ახსნა-განმარტების არსი ის იყო, რომ სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი ნ. ბ-ი სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეზე წარდგენილ შემოწმების აქტში ნ. ბ-ის მიერ განხორციელებული რაიმე კონკრეტული ქმედების არამართლზომიერებაზე მსჯელობისას აღინიშნა მხოლოდ შემდეგი – ვერ ახორციელებდა კონტროლსა და მონიტორინგს, და არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. ეს მოსაზრება უაპელაციოდ გაიზიარა თავად დამსაქმებელმა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარდგენილი მასალები არ იძლეოდნენ ნ. ბ-ის მიმართ ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. კერძოდ, წარდგენილი მორიგეობის ჟურნალიდან ირკვეოდა, რომ ნ. ბ-ი ახორციელებდა მორიგეობას, რომლის შედეგებსაც მოახსენებდა მართვის ცენტრის მორიგეს, ან გენერალური შტაბის მორიგეს ან სხვა ასეთ პირს, ხოლო 2012 წლის 24 მარტს პაციენტის მიერ ჰოსპიტალის თვითნებური დატოვების შესახებ შეატყობინა ოპერატიულ მორიგეს. 2012 წლის 7 ივნისს მორიგეობისას ნ. ბ-ს განუხორციელებია გეგმიური შემოვლები.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც კონკრეტულად იქნებოდა გაწერილი, თუ რა შედიოდა ზემოხსენებული სამსახურის მოვალეობებში, იმის დასკვნა, რომ კონტროლი და მონიტორინგი ვერ ხორციელდებოდა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, მით უფრო, რომ კონტროლის ამა თუ იმ ფორმით განხორციელებაზე მეტყველებდა ზემოხსენებული მორიგეობის ჟურნალი. ეს კონტროლი და მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო სხვა ფორმით და არა იმ სახით, რითაც იგი ხორციელდებოდა, ამის შესახებ მტკიცებულება აპელანტმა ვერ წარადგინა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო არგუმენტი იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტი – ეს ჟურნალი ანალოგიურად აქარწყლებდა ამ არგუმენტსაც.
მართალია, შემოწმება არ მოიცავდა 2013 წლის პერიოდს, მაგრამ 2013 წლის 7 თებერვლის მორიგეობის ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ნ. ბ-მა მიუთითა ერთ-ერთი პირის მიერ რეჟიმის დარღვევაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კიდევ უფრო ამყარებდა არგუმენტს იმის შესახებ, რომ კონტროლი ხორციელდებოდა ამ სახით – ანუ, ჟურნალის შედგენით და მასში ამა თუ იმ ფაქტის ასახვით.
სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის N738 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითება, რომლითაც, უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ნებისმიერი ქვედანაყოფისათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმა უფროსის მითითების შესრულების სავალდებულობას დამოკიდებულს ხდიდა ამ მითითების კანონშესაბამისობაზე, თუმცა თავად ეს აქტი არ მიუთითებდა, თუ ვის უნდა შეემოწმებინა მისი კანონშესაბამისობა.
ზემოღნიშნული გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი კანონშესაბამისობის შემოწმება უნდა განეხორციელებინა თავად იმ უწყების ხელმძღვანელს, რომელსაც იგი გაეგზავნა და თუ ეს უკანასკნელი დაასკვნიდა, რომ გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნა კანონშეუსაბამო იყო, ეს უნდა ეცნობებინა მინისტრისათვის, რათა ამ უკანასკნელს დისციპლინური ღონისძიებები გაეტარებინა კანონშეუსაბამო მითითების გამცემი პირის მიმართ. აღნიშნული დასკვნის საშუალებას იძლეოდა შრომის კოდექსი, რომელიც წარმოადგენდა ორგანულ კანონს და მისი დებულებების უარყოფა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე ეწინააღმდეგებოდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით დადგენილ ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას.
ზემომითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას დაირღვა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან მის ქმედებაში ადგილი არ ჰქონია ამ ნორმის შემადგენლობას, ანუ „ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევას“, მით უფრო, რომ წერილობითი შრომის ხელშეკრულება მხარეებს არ დაუდიათ.
რაც შეეხებოდა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან მართალია ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის შემოწმების აქტი, მაგრამ სამართლებრივი ურთიერთობები შეწყდა ბრძანების და არა შემოწმების აქტის საფუძველზე. საგულისხმო იყო, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობით დაკმაყოფილდა მხარის იურიდიული ინტერესი და იგი აღდგა დაკავებულ თანამდებობაზე. რაც შეეხებოდა შემოწმების აქტს, მარტოოდენ ეს აქტი სადავო ბრძანების გარეშე რაიმე სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა, რის გამოც მისი ბათილად ცნობის მიმართ მხარეს არ შეიძლებოდა იურიდიული ინტერესი გასჩენოდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების მე-4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სამხედრო ჰოსპიტალის საქმიანობის კანონიერების შემოწმება შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამ შემოწმებას ახორციელებს თავისი გენერალური ინსპექციის მეშვეობით. დებულების მე-3 პუნქტის მიხედვით, გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება, ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ნებისმიერი ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელისათვის. სამხედრო ჰოსპიტალისათვის გენერალური ინსპექციის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით – დაცულია თუ არა მოხსენებითი ბარათის (სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი აქტის) შედგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები. ამდენად, სამხედრო ჰოსპიტალის საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს აქტის კანონიერების თავად სამხედრო ჰოსპიტალის მიერ არსებითად შემოწმება შეუძლებელია და აღემატება ამ უკანასკნელისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, აღნიშნული კუთხით სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებითი ბარათის ბათილობის შესახებ. შედეგად, ძალაში დარჩა მოხსენებით ბარათში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სამხედრო ჰოსპიტალის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფუნქციობის, ხსენებული სამსახურის თანამშრომლების მიერ მოვალეობების შეუსრულებლობის, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე. ამავდროულად, ძალაში დარჩა დადგენილად მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეზე არ იყო წარდგენილი მითითებული თანამშრომლების საქმიანობის შესახებ არანაირი წერილობითი დოკუმენტი, აქტი, ცნობა, მოხსენებითი ბარათი, ანგარიში და სხვა, მაშინ როდესაც აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებზე დარიცხულმა ხელფასმა და პრემიამ 2010-2012 წლებში 2418190 ლარი შეადგინა. რამდენადაც სასამართლომ მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, გამოდის, რომ მასში მითითებული გარემოებები სწორადაა დადგენილი და გასაჩივრებული ბრძანება სრულიად კანონიერია.
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ის, რომ ნ. ბ-ი ადმინისტრაციული მორიგეობისას ახორციელებდა კონტროლისა და მონიტორინგის ფუნქციას. სამხედრო ჰოსპიტალის შინაგანაწესის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული მორიგეობის ფუნქცია ემსგავსება კონტროლისა და მონიტორინგის ფუნქციას, თუმცა არსებობს მათ შორის განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი: არასამუშაო დროს სამედიცინო დაწესებულების მართვისა და გადაწყვეტილების უფლებამოსილება სრულიად განასხვავებს ადმინისტრაციული მორიგეობის მიზანსა და ფუნქციას კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციისგან. ნ. ბ-ი ორივე ინსტანციის სასამართლო სხდომებზე განმარტავდა, რომ მხოლოდ მისი ადმინისტრაციული მორიგეობა, რომელიც თვეში ორჯერ ხორციელდებოდა, მიიჩნეოდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურად, ხოლო სხვა პირები, რომლებიც დანარჩენ დღეებში სამედიცინო დაწესებულების 24-საათვიანი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე იმავე ფუნქციას (ადმინისტრაციულ მორიგეობას, ანუ ოპერატიული მართვის, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების უზრუნველყოფას) ახორციელებდნენ (მათ შორის, განყოფილებისა და დეპარტამენტის უფროსები) არ იყვნენ კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები და არც კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებდნენ. ამდენად, გამოდის, რომ სამხედრო ჰოსპიტალის კონტროლი და მონიტორინგი მხოლოდ თვეში 2-ჯერ და მხოლოდ ნ. ბ-ის მორიგეობისას ხორციელდებოდა და იგი თვეში მხოლოდ 2 სამუშაო დღეს სამსახურში გამოცხადებისათვის იღებდა მთელი თვისთვის დადგენილ საშტატო ხელფასს.
სამხედრო ჰოსპიტალის იმ დროს მოქმედი შინაგანაწესის თანახმად, არასამუშაო საათებში ჰოსპიტალის ფუნქციონირებისა და ოპერატიული მართვის (და არა კონტროლისა და მონიტორინგის) მიზნით ინიშნება ადმინისტრაციული მორიგე. ადმინისტრაციის მორიგედ შეიძლება დაინიშნოს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციული მორიგე ასრულებს ადმინისტრაციის ძირითად ფუნქციებს კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში. კონტროლი და მონიტორინგი მოიცავს სამუშაო პროცესის მიმდინარეობის დაკვირვებასა და მის კონტროლს, რომელშიც არ შედის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. საქმეში არსებული წესდების მიხედვით (რომელიც სასამართლოს არ გამოუკვლევია) ადმინისტრაციული მორიგეობის მიზანია არასამუშაო საათებში ჰოსპიტალის ფუნქციონირებისა და ოპერატიული მართვის უზრუნველყოფა, რომლის დროსაც ადმინისტრაციის მორიგეს გააჩნია არა კონტროლისა და მონიტორინგის, არამედ ოპერატიული მართვის, გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირის ფუნქცია. ასეთი ფუნქცია არ გააჩნია კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ ბ-ი კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციას ასრულებდა და შესაბამისი მოქმედებები ტარდებოდა ადმინისტრაციული მორიგეობის ჟურნალში, სინამდვილეს არ შეესაბამება.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად არ გამოიყენა საქმეზე წარმოდგენილი სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, რომლებიც მათ მისცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებით ბარათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თავად ნ. ბ-ის მიერ გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო საექიმო კომისიაში მუშაობის გარდა, მას სხვა რამ არ გაუკეთებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (937.90 ლარი) 70% – 656.53 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 41551, გადახდის თარიღი – 2014 წლის 15 აგვისტო; 637.90 ლარი, საგადახდო დავალება #43056, გადახდის თარიღი - 13.10.2014წ.) 70% – 656.53 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე