Facebook Twitter

№ას-1159-1105-2014 15 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. № პ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ბ. № პ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ 53 691.22 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განისაზღვრა სამედიცინო მომსახურების ბენეფიციართა წრე - სამიზნე ჯგუფი, სამედიცინო მომსახურების ფარგლები და პირობები, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელშეკრულებით განისაზღვრა ანაზღაურების ზედა ზღვარი არაუმეტეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ოდენობისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის - კონტიგენტისა და სამედიცინო მომსახურების ფარგლების გათვალისწინებით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება აღემატება ხელშეკრულებით მისაღებ/ასანაზღაურებელ ზედა ზღვარს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების ღირებულებასა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობით წარმოიშობა უარყოფითი ბალანსი (უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდებოდა ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტირებული ზედა ზღვარით დადგენილ თანხაზე ნაკლები თანხით), რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების (შედარების) აქტებითა და ანგარიშ-ფაქტურებით და აღიარებულია ამავე აქტებით შემსყიდველის მიერ. მოსარჩელის განმარტებით, სამიზნე ჯგუფში შემავალ კონტიგენტზე სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქმის უფლება შემსრულებლის მხრიდან დაუშვებელია, თუნდაც იგი ხორციელდებოდეს ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტირებული თანხის ზემოთ ფარგლებში, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არა მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტირებული თანხის მოთხოვნის, არამედ ლიმიტირებული თანხის ზემოთ შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოთხოვნის უფლებაც გააჩნია.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

მისი განმარტებით, შპს „ბ. № პ-ის“ მიმართ კრედიტორული დავალიანებასთან დაკავშირებით სამინისტროს ბალანსზე მონაცემები არ მოიპოვება. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მსჯელობას, რომ მას ლიმიტირებული თანხის ზემოთ შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოთხოვნის უფლებაც გააჩნდა და განმარტა, რომ სააგენტო წარმოადგენდა სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნდა კონკრეტული პროგრამიდან გამომდინარე ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებულზე მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფდა მის გადახდას, ვინაიდან წინასწარ განისაზღვრა ხელშეკრულებაში იმ მომსახურების ღირებულების ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც უნდა გაეწია მომსახურეობა მოსარჩელეს. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა, რა მომსახურება გასწია, რით ამყარებდა თავის მოთხოვნას და როგორ ჰქონდა გამოანგარიშებული აღნიშნული თანხა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ბ. № პ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. № პ-ამ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ. № პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 1 აპრილს შპს ,,ბ. № პ-ას’’ (მიმწოდებელი) და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების სააგენტოს/აჭარის ფილიალი/(შემსყიდველი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2ბ99151102ტ ხელშეკრულება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - 2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ (გარდა იმ ოჯახების წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში’’ 2008 წლის 31 მარტიდან 1 დეკემბრამდე და ამავდროულად მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე) წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2009 წლის 19 თებერვლიდან 2009 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა მომსახურების ღირებულება - 2009 წლის 19 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით - 892.74 ლარის ოდენობით. 2009 წლის 1 მარტიდან, თვეში არაუმეტეს 2499.68 ლარით.

2009 წლის 4 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 2009 წლის 1 აპრილს გაფორმებულ №2ბ99151102ტ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა დამატება და ხელშეკრულების მე-4 პუნქტს დაემატა: ,,4.3. 2009 წლის 1 ივლისიდან 22 ივლისამდე -1630.23 ლარი’’.

2009 წლის 7 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2ა29151102ტ ხელშეკრულება პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით 3 წლის ზემოთ ქვეყნის მოსახლეობის (გარდა იმ ოჯახების წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში’’ 2008 წლის 31 მარტიდან 1 დეკემბრამდე და ამავდროულად მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე) პირველადი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფაზე. ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2009 წლის 5 მარტიდან 5 ივნისამდე. მიმწოდებელი მომსახურებას განახორციელებდა 2008 წლის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №97/ო ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით. მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა 16 700 ლარით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 იანვრის განჩინებით შპს ,,ბ. № პ-ის’’ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველად, სარჩელის გამოხმობის გამო.

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 30.12.2013წ. №01-22566 წერილობითი პასუხის მიხედვით (რომელიც შეეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წერილობით მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია განსახილველ დავასთან დაკავშირებით სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა თუ არა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები შპს ,,ბ. № პ-ის’’ მიმართ), დადგენილია, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე, შპს ,,ბ. № პ-ის’’ მიმართ დავალიანება არ გადასულა. ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა და შპს ,,ბ. № პ-ას’’ შორის 2010 წლის იანვრის თვეში გაფორმებული ორმხრივი ხელმოწერილი შედარების აქტის მიხედვით 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სააგენტოს დაწესებულების მიმართ არ გააჩნდა კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2009 წლის 1 აპრილს და 2009 წლის 7 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებები.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების არსებობას. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევდა საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც ხელმოწერილი და დადასტურებული იყო სააგენტოსა და შპს ,,ბ. № პ-ის’’ მიერ.

აღნიშნული აქტებით დგინდებოდა, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი თანხები და ანაზღაურებას დაქვემდებარებული თანხები. ხსენებული აქტების მიხედვით დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დავალიანება 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (დაწესებულების სასარგებლოდ/სააგენტოს სასარგებლოდ) არ არსებობდა.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე, მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ საქმეში არსებული ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე არ დგინდებოდა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში (დაწესებულების სასარგებლოდ/სააგენტოს სასარგებლოდ) არსებული დავალიანება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ბ. № პ-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განცხადებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამავე სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი პასუხის თანახმად, სამინისტროს ბალანსზე რაიმე დავალიანება შპს „ქ. ბ. № პ-ის“ მიმართ არ ირიცხებოდა, და აღნიშნული თითქოსდა წარმოადგენდა სამინისტროს მხრიდან პოლიკლინიკის მიმართ დავალიანების არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. სამინისტროს ბალანსზე დავალიანების აღრიცხვა-არაღრიცხვა ეს არის სამინისტროს შიდა საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი არ წარმოადგენდა დავალიანების არსებობის ან არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომელიც წარმოიშვა სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში და მისი ბალანსზე არ აღრიცხვა არ ნიშნავდა დავალიანების არარსებობას, რადგანაც დავალიანება წარმოიშვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა სსიპ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შპს „ბ. № პ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. № პ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ. № პ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 684.61 ლარის 70% – 1879.227 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ბ. № პ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ბ. № პ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ……..) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს №225 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 684.61 ლარის 70% – 1879.227 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია