Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1165-1110-2014 23 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ მიმართ სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სადაზღვევო თანხების, მოტოციკლზე – 17900 და მისაბმელზე – 1500 აშშ დოლარის გადახდის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის – 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2010 წლის 6 ივლისს შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-სა“ და ვ. ნ-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვეულ იქნა ვ ნ-ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის მისაბმელი (მარკა DENNIS DENNIS, სახ. ნომერი „....“) და საზღვაო მოტოციკლი, ე.წ „სკუტერი“ „YAMAHA-FZS" . სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 17 900 აშშ დოლარით (საზღვაო მოტოციკლის ნაწილში) და 1 500 აშშ დოლარი (მისაბმელის ნაწილში).

2010 წლის 1 ოქტომბერს დაბა შ-თან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც დაზიანდა საზღვაო მოტოციკლი, ე.წ „სკუტერი“ „YAMAHA- FZS“ ისე, რომ იგი აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება და მისაბმელი.

შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ უარი განაცხადა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

მოსარჩელემ განმარტა, რომ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რამაც შეადგინა 10 000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ზარალის დაფარვას, რადგან საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მოტოციკლის ღირებულების – 17900 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელში დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 6 ივლისს შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-სა“ და ვ. ნ-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა ორი სადაზღვევო სერტიფიკატი №MI0004459 და CR000770.

სერტიფიკატი №MI0004459 ითვალისწინებდა ვ. ნ-ის სარგებლობაში არსებული, ავტომანქანის მისაბმელის (მარკა DENNIS DENNIS, სახ. ნომერი „.........“) დაზღვევას და მოსარგებლისათვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარით. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე.

ხელშეკრულების 6.1.11. პუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს: ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტომოტოტრანსპორტის გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით და/ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით.

ტვირთის დაზღვევის სერტიფიკატით №CR000770 (ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი) დაზღვეულ იქნა წყლის მოტოციკლი, ე.წ „სკუტერი“ "YAMAHA-FZS“. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 17 900 აშშ დოლარით. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე.

აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზღვევა ფარავს დაზღვეული ობიექტის დანაკარგის ან დაზიანების ყველა რისკს, გარდა 4, 5, 6 და 7 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4.1. პუნქტის თანახმად, ეს დაზღვევა არ ფარავს: დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულის მიერ განზრახ ქმედებასთან ან უხეშ გაუფრთხილებლობასთან.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბერს, დაბა შ-თან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია წყლის მოტოციკლისა და მისაბმელის დაზიანება.

საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი №ბდ726627 საჯარიმო ქვითრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ვ. ნ-ე დაჯარიმდა 250 ლარით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, კერძოდ, მოსახვევში მოუცურდა მისაბმელი და შეეჯახა ავტომანქანა „გაზ. 69-ს“. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მისაბმელი და წყლის მოტოციკლი. შპს „ტ. თ-ის“ იამაჰას დეპარტამენტის სერვისის მენეჯერის 2010 წლის 20 ოქტომბრის ცნობის შესაბამისად, შპს „ტ. თ-ის“ მიერ შემოწმებული, ვ. ნ-ის კუთვნილი მოტოციკლი არ ექვემდებარება აღდგენა-შეკეთებას.

2010 წლის 4 ოქტომბერს ვ. ნ-მ საპრეტენზიო განაცხადით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატის მითითებით, შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ უარი განაცხადა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, შემდეგი საფუძვლით: „ტვირთის დაზღვევის პირობების თანახმად, არც ერთ შემთხვევაში დაზღვევა არ ფარავს და შესაბამისად არ ექვემდებარება ანაზღაურებას დანაკარგი, დაზიანება ან ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულის მიერ უხეშ გაუფრთხლებლობასთან და უშუალოდ არის გამოწვეული ტრანსპორტირების შეფერხებით, თუნდაც ეს შემთხვევა გამოწვეული ყოფილიყო დაზღვეული რისკებით. ამასთან, ანაზღაურებას ასევე არ ექვემდებარება ზემოაღნიშნული შემთხვევით ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანი, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პირობების №009/07 მე-6 მუხლის, 6.1.11 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით და/ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა, რომ ვ. ნ-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ვ. ნ-ე დაჯარიმდა 250 ლარით.

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი ითვალისწინებს მძღოლის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მის მიერ საგზაო წესების დარღვევისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის 71 ნაწილის შესაბამისად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-6, 62, მე-7, 71, 72 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის და 799-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა. მოსარჩელეს სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, იგი დაეთანხმა საკუთარი ქმედების კვალიფიკაციასა და სანქციას. ამდენად, ავტომანქანის მისაბმელთან დაკავშირებით, სადავო შემთხვევა ექცევა ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისთა სიაში, რაც არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (ხელშეკრულების 6.1.11. პუნქტი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომანქანის მისაბმელთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ.

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილს და ჩათვალა, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

პალატამ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

ტვირთის (წყლის მოტოციკლი) დაზღვევის პირობების 4.1. პუნქტის თანახმად, ეს დაზღვევა არ ფარავს: დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულის მიერ განზრახ ქმედებასთან ან უხეშ გაუფრთხილებლობასთან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 11-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ ყოფილა გამოწვეული განზრახი მოქმედებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმის მასალებს ერთვის თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის წერილი სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ მიმართ, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №010108192 საქმეზე, სადაზღვევო კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნული სამსახურის მიერ სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-დან“ მიღებულ იქნა ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებით, მათ შორის ვ. ნ-სთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვ. ნ-ის მიმართ არ გამოტანილა გამამტყუნებელი განაჩენი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ნ-ე უხეში გაუფრთხილებლობით არ მოქმედებდა.

პალატამ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ ვ. ნ-ე მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით (დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი, წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრით არ დგინდება), ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ის იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

საქმეში წარმოდგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების სქემა, რომლითაც დგინდება, რომ ვ. ნ-ე მოძრაობდა მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას შეანელა სვლა და საჭე მკვეთრად მარჯვნივ აიღო. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემაზე არ არის აღნიშნული მუხრუჭის გამოყენების კვალი, შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს მოსარჩელის მიერ მკვეთრად დამუხრუჭების ფაქტი. დათვალიერების სქემით დგინდება, რომ ავტომანქანის მისაბმელი გადავიდა მოძრაობის საწინაღმდეგო ზოლში და შეეჯახა მოძრავ ავტომანქანას. იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ მოსარჩელე არ მოქმედებდა განზრახ, გონივრული ახსნა უნდა მოეძებნოს მოსარჩელის მოქმედებებს, რაც გამოიხატა მსვლელობისას მოძრაობის შენელებასა და საჭის მკვეთრად მარჯვნივ მომართვაში, რის შედეგადაც ავტომანქანის მისაბმელი გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში და გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. მოსარჩელის განმარტებით, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქმა მოჭრა თვალი და მას შეექმნა წარმოდგენა, რომ შემხვედრი ავტომანქანა გადასული იყო მის სავალ ნაწილში.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემთხვევა მოხდა ღამის საათებში, რა დროსაც ცუდი მხედველობაა. დათვალიერების სქემის შესაბამისად, ავტომანქანის მოძრაობის ტრაექტორიის მიხედით დგინდება, რომ საწინააღმდეგო ზოლში მოძრავი ავტომანქანა მიუახლოვდა გზის გამყოფ ზოლს. შესაძლოა მოსარჩელეს შეექმნა მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ავტომანქანა გადასული იყო მის სამოძრაო ზოლში, თუმცა ამგვარი წარმოდგენა არ იყო საფუძველს მოკლებული, ვინაიდან მოძრაობდა ღამის საათებში და შემხვედრი ავტომანქანა მოკლე მანძილით მიუახლოვდა გზის გამყოლ ზოლს. ვ. ნ-ის მოქმედებამ, საჭის მკვეთრად მარჯვნივ მომართვამ, გამოიწვია მისაბმელის მოცურება, რაც არ უნდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

სასამართლომ განმარტა, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულების ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ნ-ე მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, ფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა მის სავალ ზოლში, მოძრაობისას არ არღვევდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, მაგრამ გზაზე შექმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, იმოქმედა გაუფრთხილებლად, რაც გამოიხატა შემდეგში: საჭე მომართა მარჯვნივ, რის შედეგადაც ავტომანქანის მისაბმელმა გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება დაზღვევის თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოსარჩელემ მოთხოვნა დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ წყლის მოტოციკლის გაქირავებით იღებდა შემოსავალს. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ წყლის მოტოციკლს იყენებდა კომერციული მიზნებისათვის და იღებდა კონკრეტულ შემოსავალს. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 411-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ ფაქტზე, შეიცავდა თუ არა ვ.ნ-ის მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობას, თუმცა არასწორ დასკვნამდე მივიდა. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს და ეს თავად გადაწყვეტილებაშიაც არის მითითებული, რომ ვ. ნ-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც კასატორის აზრით, თავისთავად გულისხმობს გაუფრთხილებლობას.

კასატორმა აღნიშნა, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.

მხარემ მიუთითა, რომ ვ. ნ-ე ავტოსაგზაო შემთხვევამდეც მართავდა ავტომანქანას მისაბმელთან ერთად და საგზაო მოზრაობის წესები არ დაურღვევია, შესაბამისად, მისთვის, როგორც გამოცდილი მძღოლისთვის, ცნობილ იყო ასევე, რომ განხორციელებული მანევრი მაღალი ალბათობით გამოიწვევდა მისაბმელის მოცურებას და ტვირთის დაზიანებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ ვ. ნ-ის მიერ უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი მოძრაობდა ავტომანქანის მისაბმელთან ერთად და მასზე არსებულ ტვირთთან ერთად, წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 6 ივლისს შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-სა“ და ვ. ნ-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა ორი სადაზღვევო სერტიფიკატი №MI0004459 და CR000770.

სერტიფიკატი №MI0004459 ითვალისწინებდა ვ. ნ-ის სარგებლობაში არსებული, ავტომანქანის მისაბმელის (მარკა DENNIS DENNIS, სახ. ნომერი „....“) დაზღვევას და მოსარგებლისათვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარით. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე.

ხელშეკრულების 6.1.11. პუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს: ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტომოტოტრანსპორტის გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით და/ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით.

ტვირთის დაზღვევის სერტიფიკატით №CR000770 (ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი) დაზღვეულ იქნა წყლის მოტოციკლი, ე.წ „სკუტერი“ "YAMAHA-FZS“. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 17 900 აშშ დოლარით. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 7 ივლისიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე.

აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზღვევა ფარავს დაზღვეული ობიექტის დანაკარგის ან დაზიანების ყველა რისკს, გარდა 4, 5, 6 და 7 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4.1. პუნქტის თანახმად, ეს დაზღვევა არ ფარავს: დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულის მიერ განზრახ ქმედებასთან ან უხეშ გაუფრთხილებლობასთან.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბერს, დაბა შ-თან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია წყლის მოტოციკლისა და მისაბმელის დაზიანება.

საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი №ბდ726627 საჯარიმო ქვითრით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ვ. ნ-ე დაჯარიმდა 250 ლარით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, კერძოდ, მოსახვევში მოუცურდა მისაბმელი და შეეჯახა ავტომანქანა „გაზ. 69-ს“. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მისაბმელი და წყლის მოტოციკლი. შპს „ტ. თ-ის“ იამაჰას დეპარტამენტის სერვისის მენეჯერის 2010 წლის 20 ოქტომბრის ცნობის შესაბამისად, შპს „ტ. თ-ის“ მიერ შემოწმებული, ვ. ნ-ის კუთვნილი მოტოციკლი არ ექვემდებარება აღდგენა-შეკეთებას.

2010 წლის 4 ოქტომბერს ვ. ნ-მ საპრეტენზიო განაცხადით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატის მითითებით, შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ უარი განაცხადა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, შემდეგი საფუძვლით: „ტვირთის დაზღვევის პირობების თანახმად, არც ერთ შემთხვევაში დაზღვევა არ ფარავს და შესაბამისად არ ექვემდებარება ანაზღაურებას დანაკარგი, დაზიანება ან ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულის მიერ უხეშ გაუფრთხლებლობასთან და უშუალოდ არის გამოწვეული ტრანსპორტირების შეფერხებით, თუნდაც ეს შემთხვევა გამოწვეული ყოფილიყო დაზღვეული რისკებით. ამასთან, ანაზღაურებას ასევე არ ექვემდებარება ზემოაღნიშნული შემთხვევით ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანი, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პირობების №009/07 მე-6 მუხლის, 6.1.11 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით და/ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით.

პალატამ დაადგინა, რომ ვ. ნ-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა იგი გაუფრთხილებლობით არ მოქმედებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. წარმოდგენილი გადაწყვეტილება ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების დაკისრებას. მითითებული ნორმის განმარტებაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინება, საქმე №ას-663-624-2012), რომელშიც აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1674,65 ლარის 70% – 1172,255 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1674,65 ლარის 70% – 1172,255 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური