საქმე №ას-1176-1120-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ე. ჯ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ტ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ტ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე. ჯ-ას“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მოსარჩელის კუთვნილი შენობიდან ელექტროენერგიის ძალოვანი ტრანსფორმატორის გატანის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის საკუთრებად ირიცხება ქ.სამტრედიაში, რ-ის ქ.№8-ში მდებარე 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის 40 კვ.მ სატრანსფორმატორო შენობა, სადაც განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი ტრანსფორმატორი. თ.ტ-ის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სს „ე. ჯ-ა“ მოსარჩელის ფართს არ ათავისუფლებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ტრანსფორმატორია განთავსებული სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებას წარმოადგენს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ – ადვოკატის ხარჯების სახით 300 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 160 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 47-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა ადვოკატის ხარჯი – 300 ლარი.
მოპასუხე სს „ე. ჯ-ას“ მოსარჩელე თ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯი 300 ლარის ოდენობით. საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა და მიუთითა, რომ დავის საგანი იყო საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ადვოკატის ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს მიერ 4000 ლარის 4%-იდან და არა 300 ლარით, შესაბამისად, სს „ე. ჯ-ას” უნდა დაეკისროს გადასახდელად თ. ტ-ის ადვოკატ მ. ხ-ის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%, (დავის საგანია 4000 ლარი). მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული შეადგენს 160 ლარს, 300 ლარის ნაცვლად, რაც არასწორადაა მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რადგან იგი არ გამომდინარეობს კანონით დადგენილი თანხის ოდენობიდან.
ამდენად, პალატამ განმარტა, რომ არსებობს სს „ე. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, აპელანტისთვის საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ აპელანტს დაეკისროს 160 ლარი, (მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების თანხა) ნაცვლად 300 ლარისა.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს სასარჩელო მოთხოვნის – საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის დაკმაყოფილების ნაწილში, პალატამ ისინი სრულად გაიზიარა და დამატებით განმარტა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარის კუთვნილი ტრანსფორმატორი განთავსებულია სამტრედიაში, რ-ის ქ. №8-ში მდებარე სატრანსფორმატორო შენობაში.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თ. ტ-ე არის სამტრედიაში, რ-ის ქ.№8-ში მდებარე 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის 40 კვ.მ ფართის მესაკუთრე.
2009 წლის 9 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. ტ-მ შეიძინა სამტრედიის სასურსათო კომბინატისაგან უძრავი ქონება, მათ შორის 40 კვ.მ სატრანსფორმატორო შენობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება არ დასტურდება. საჯარო რეესტრის ამონაწერით სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებაში ირიცხება სამტრედიაში, რ-ის ქ. №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი – 60 კვ.მ დაუზუსტებელი ფართით და 60 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მაშასადამე, საჯარო რეესტრის მონაცემებით მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება რ-ის ქ.№8-ში მდებარე 40 კვ.მ-ზე არ დასტურდება.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 21 ივნისის №1-3/429 ბრძანებით არ ირკვევა სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
ხსენებული ბრძანებით ენერგოკომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა საზოგადოებაზე დამაგრებული 70 659 კვ.მ მიწის ფართი, რომლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა არსებული მასალებით შეუძლებელია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების 1.2. მუხლით წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესაბამისად, გადასაცემი უძრავი ქონების აქტივები განსაზღვრულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართში მოცემული „საჯარო რეესტრის“ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული ამონაწერებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერში კი მითითებულია სამტრედიაში, რ-ის ქ.№2-ში მდებარე 60 კვ.მ შენობის ფართი, რომელიც არ მოიცავს მოსარჩელე მხარის კუთვნილ, რ-ის ქ. №8-ში მდებარე 40 კვ.მ-ს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრში უფლების შესახებ ჩანაწერის არსებობის გზით.
სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მოსარჩელე მხარე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე და მან აღნიშნული უფლება შეიძინა სამტრედიის სასურსათო კომბინატისაგან 2009 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატა დაეთანხმა სასამართლოს განმარტას, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით. მითითებული ნორმების საფუძველზე, მოსარჩელე თ. ტ-ს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთარი ქონებით და არ დაუშვას მოპასუხე მხარის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობა.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე თ. ტ-მ ჩათვალა, რომ მის საკუთრებაში განთავსებული მოპასუხე ორგანიზაციის ტრანსფორმატორი ხელს უშლის მისი საკუთრების სრულფასოვნად გამოყენებაში და მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. უდავოა, რომ აპელანტმა სს „ე. ჯ-ამ“ მის მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერი მფლობელობისა და საკუთრების დასადასტურებლად კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე თ. ტ-ს სადავო ნივთზე გააჩნდა საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ე. ჯ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება. ამავდროულად, კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებები საქმეზე მტკიცებულებების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 ივნისს №138592 და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 11 ივნისს №144827 გაცემული ცნობების დართვისა და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა ისინი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.
კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვიდრდება სააპელაციო სასამართლო არასწორი პრაქტიკა და ნებისმიერ პირს ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიისაკუთროს სს „ე. ჯ-ას“ ქონება, რითაც უხეშად დაირღვევა კომპანიის, როგორც მესაკუთრის ინტერსები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, მხარემ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გაამართლებდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნას და ეს მხოლოდ მის სურვილებზე აგებული მოთხოვნებია, რომელიც არ არის გამყარებული კანონის არც ერთი ნორმით. კასატორმა მიუთითა, რომ ენერგოკომპანიის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
კასატორმა ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე და 187-ე მუხლების მიხედვით, სს „ე. ჯ-ა“ არის სადავო ფართის კეთილსინდისიერი შემძენი და სარგებლობს აღნიშნული ქონებით მისი შეძენის დღიდან.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე სს „ე. ჯ-ას“ საკუთრების უფლება არ დასტურდება და მის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ადასტურებს საკუთრების უფლებას სრულიად სხვა უძრავ ქონებაზე მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ რ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა სხვა სატრანსფორმატორო ჯიხური, რასაც შესაძლოა, გაურკვევლობა გამოეწვია იდენტიფიკაციის თვალსაზრისით.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ამონაწერის უსწორობას, კასატორმა მიუთითა, რომ სამტრედიაში განთავსებულ ზოგიერთ და მათ შორის სადავო ობიექტს არ ჰქონდა შესაბამისი ქუჩისა და ნომრის აღმნიშვნელი ნიშნები და ამიტომ მათი მისამართების მითითება აღწერის დროს ხდებოდა მიახლოებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ამონაწერებში არსებულ მისამართებზე და არ უცდია, გაერკვია რეალურად საუბარი იყო თუ არა ერთსა და იმავე ქონებაზე.
კასატორის მოსაზრებით, ასევე, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს განჩინება მის წარმოებაში არსებული საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სს „ე. ჯ-ას“ სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა დავა ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, სს „ე. ჯ-ა“ ითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი ზედდებით დარეგისტრირდა ჯერ შპს „ს. ს. კ-ის“, შემდეგ კი – თ. ტ-ის საკუთრებად. სს „ე. ჯ-ამ“ გაასაჩივრა ასევე სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2006 წლის 12 დეკემბრის №1-3/721 და 2006 წლის 11 აგვისტოს №1-3/549 ბრძანებები, საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 21 დეკემბრის №02/220 ბრძანება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნული საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სადაც ზეპირი მოსმენის დროს გამოიკვეთა, რომ სს „ე. ჯ-ას“ კუთვნილი ქონება სახელმწიფოს არავისთვის გადაუცია. შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ თ. ტ-ის სარჩელის საფუძველზე აღძრულ საქმეზე სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება, ვიდრე შესაბამის დავის ფარგლებში არ დადგინდება სადავო ტრანსფორმატორის კანონიერი მესაკუთრე.
ამრიგად, მხარემ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებული იყო, სასამართლომ კი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა იგი და უგულებელყო მთავარი პრინციპი – საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის თაობაზე და საქმე განიხილა ზერელედ.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია როგორც მოსარჩელის, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სს „ე. ჯ-ასათვის“ ქ.სამტრედიაში, რ-ის ქ№8-ში მდებარე 40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა კომპანიის, როგორც მესაკუთრის უფლებები, ვინაიდან ეს სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ტრანსფორმატორი წარმოადგენს მის საკუთრებას, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 29 ივნისს.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული შენობა-ნაგებობა და სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურით წარმოადგენს ერთსა და იმავე შენობა-ნაგებობას. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 ივლისის №138592, 2014 წლის 11 ივლისის №144827 და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობებით. სასამართლომ უგულებელყო ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობა მათი დაგვიანებით წარდგენის საფუძვლით.
სს „ე ჯ-ამ“ ჯერ კიდევ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოებისას მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას სადავო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თუმცა, გამგეობიდან მიღებული პირველი პასუხის მიხედვით, ისინი „ე. ჯ-ას“ დაქვემდებარებაში მყოფ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის სამტრედიის მომსახურების ცენტრზე მიუთითებდნენ და ამიტომ იძულებულნი გახდნენ, გამეორებითი მოკვლევის მიზნით, წერილი გაეგზავნათ სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, საიდანაც პასუხი მიღებულ იქნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს აღნიშნული წერილები უნდა მიეღო მტკიცებულებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს „ე. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ე. ჯ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სს „ე. ჯ-ას“ მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ. ტ-ე არის სამტრედიაში, რ-ის ქ.№8-ში მდებარე 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის 40 კვ.მ ფართის მესაკუთრე.
2009 წლის 9 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. ტ-მ შეიძინა სამტრედიის სასურსათო კომბინატისაგან უძრავი ქონება, მათ შორის 40 კვ.მ სატრანსფორმატორო შენობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სს „ე. ჯ-ას“ საკუთრებაში ირიცხება სამტრედიაში, რ-ის ქ. №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი – 60 კვ.მ დაუზუსტებელი ფართით და 60 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 21 ივნისის №1-3/429 ბრძანების თანახმად, ენერგოკომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა საზოგადოებაზე დამაგრებული 70 659 კვ.მ მიწის ფართი, რომლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა არსებული მასალებით შეუძლებელია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების 1.2. მუხლით წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესაბამისად, გადასაცემი უძრავი ქონების აქტივები განსაზღვრულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართში მოცემული „საჯარო რეესტრის“ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული ამონაწერებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერში კი, მითითებულია სამტრედიაში, რ-ის ქ.№2-ში მდებარე 60 კვ.მ შენობის ფართი, რომელიც არ მოიცავს მოსარჩელე მხარის კუთვნილ, რ-ის ქ. №8-ში მდებარე 40 კვ.მ-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ე. ჯ-ას“ კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგური განთავსებულია თ. ტ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლებს და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო უძრავი ნივთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებულ სასამართლო პრაქტიკას სრულიად შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების განმარტება, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა (სუს 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, საქმე №ას-722-684-2013).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ე. ჯ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 ოქტომბრის №788 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ე. ჯ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №............) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 ოქტომბრის №788 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური