№ას-1177-1121-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ., გ-ი, მ., ნ., ნ-ო და რ. კ-ები, დ. ფ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., გ-ი, მ., ნ., ნ-ო და რ. კ-ებისა და დ. ფ-ის მიმართ საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
დაბა მ-ში, დ. ა-ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1040.00 კვ.მ., რომელსაც 1954 წლიდან ფლობდა მოსარჩელე, მისგან ფარულად, 2013 წლის 11 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. კ-სა და მისი ოჯახის წევრებზე. მოსარჩელის განმარტებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდა მოპასუხეთა დაკვეთით 2011 წლის 20 ივნისს, ხოლო მოსარჩელის დაკვეთით ი/მ პ. ღ-ას მიერ 2013 წლის 4 მარტს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით .......... ფართობი - 1040 კვ.მ.) მთლიანად ზედდებაში აღმოჩნდა მოპასუხეების მიერ მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემთან. გადაფარვის კონკრეტული ფართობი იყო 1040.00 კვ.მ. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა დაკვეთით 2011 წლის 20 ივნისს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა და მათთვის საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა მოპასუხეზე და გაიცა საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტი, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. მოსარჩელეს არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება არ წარუდგენია, რომელიც დაავალდებულებდა მოპასუხეს გაეუქმებინა მის სახელზე ქონების რეგისტრაცია და ცვლილებები შეეტანა საკადასტრო აზომვით ნახაზში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო საამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. კ-ის, გ-ი კ-ის, დ. ფ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის, ნ-ო კ-ის და რ. კ-ის თანასაკუთრებაში 2013 წლის 11 თებერვლიდან დაბა მ-ში, ა-ის ქუჩაზე რეგისტრირებულია უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ......... მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია 1040 მ2.
სარეგისტრაციო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილია 2013 წლის 5 თებერვალს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია საარქივო ცნობა AA2012034595-4, დამოწმების თარიღი 02.10.2013, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო მესტიის არქივი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ უძრავ ნივთზე გაცემულია საკადასტრო გეგმა.
2013 წლის 11 მარტს თ. კ-მ მ-ის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა დაბა მ-ში, ა-ის ქ. 12-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შეაჩერა, ხოლო 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოსარჩელის საკუთრება ვერ დარეგისტრირდა იყო ის, რომ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე სარეგისტრაციოდ მონიშნული ნაკვეთის მონაცემები ზედდებაში იყო მოპასუხეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემებთან და ეს ნაკვეთები იყო იდენტური.
მოსარჩელემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ დღემდე მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იყო და ამ ნივთზე გააჩნდა საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, თუმცა ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
თვითონ მოსარჩელისვე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული იყო, რომ თ. კ-ე 1954 წლიდან 1992 წლამდე ფლობდა დაბა მ-ში ა-ის ქუჩაზე (ლ-ის უბანში) საკარმიდამო და სათიბ მიწის ნაკვეთს. ამ ცნობაში მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ჩანდა, თუმცა იყო მინიშნება 1954 წლის 29 აგვისტოს შედგენილ №8 ოქმზე ვინმე დ. მ-სთვის სამოსახლო ნაკვეთის გადაცემის შესახებ. საქმეში არსებობდა ეს აქტიც, თუმცა დ. მ-ის და მოსარჩელის ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით რაიმე მტკიცება შესაბამის მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ამ აქტშიც არ იყო მითითება მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების და ფართობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებითაც შეუძლებლად მიიჩნია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე მონიშნული ნაკვეთისა და მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. დაკითხული პირების ნაწილმა მიუთითა, რომ ისინი მუდმივად არ ცხოვრობენ მოსარჩელისა და მოპასუხის მეზობლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით ვერ დადგინდა მოწმის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო ნაკვეთზე მდებარეობდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი.
საქმეში წარმოდგენილი ნახაზებიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოწმეთა მიერ მითითებული საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იყო სხვა ნაკვეთზე, რომელიც სავარაუდოდ რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.
2013 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით მ. კ-ის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობა დაბა მ-ში დ. ა-ის ქუჩაზე 1040 მ2 მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ცნობით და საკომლო ჩანაწერებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლებზე, რომლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.
ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.
ამ შემთხვევაშიც, პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური დაეყრდნო იმ პირის (მოპასუხეების) დაკვეთით შესრულებულ ნახაზს, ვისაც ეკისრებოდა ამ ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა დასახელებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის მიხედვით.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს საჯარო რეესტრში არ წარუდგენიათ არასწორი ინფორმაცია. ეს მონაცემები არ ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში აღწერილ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესებით მოქმედებდა რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ეს უზუსტობა საქმის მასალებით ვერ დამტკიცდა, რადგან ვერ დადგინდა თ. კ-ის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთების რეგისტრაცია მოპასუხეთა თანასაკუთრებაში.
პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მისი მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებდა, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. კ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ შეისწავლა მ-ის არქივის მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული ცნობა, დ. მ-ზე სამოსახლო ნაკვეთის გადაცემის ოქმი #8, მეზობლების მიერ შედგენილი აქტი და მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის ჯ. რ-ის მიერ 2012 წლის 14 ივნისს გაცემული ცნობა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, თუ რა დროს იქნა გაცემული აღნიშნული ცნობა და მასში არსად იყო მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. სასამართლოს ასევე არ შეუმოწმებია, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება და ვინმემ ჩამოართვა თუ არა მას აღნიშნული უფლება. სასამართლოს უნდა გამოეკვლია გადაფარვის ნაწილში რითი ილახებოდა მოსარჩელის უფლება.
კასატორის აზრით, მოსამართლეს ასევე არ უმსჯელია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტზე - მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2012 წლი 22 ივნისს თ. კ-ზე და მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 4 თებერვალს მ. კ-ზე გაცემულ ცნობებზე. აღნიშნულ ცნობებში არსადაა მითითებული სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი მისამართი და ნომერი. ამ დოკუმენტების გამოკვლევით მოსამართლე მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეულია საკუთრებისა და მფლობელობის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი: ......) 2014 წლის 25 ოქტომბერს №4917884 საგადახდო დავალებით და 2014 წლის 5 დეკემბერს №5271109 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი LBRTGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია