№ას-1181-1123-2014 28 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2008 წლის 11 დეკემბერს მ. თ-მა მ. კ-ეს 2 (ორი) წლის ვადით ასესხა 20 000 აშშ დოლარი პროცენტის დარიცხვის გარეშე, რაზეც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაბრუნების ვადად მხარეებმა განსაზღვრეს 2010 წლის 11 დეკემბერი. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფის მიზნით მ. კ-მ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქ-ში, დ. ა-ის გამზ. 136/ქ. ქ-ში, გ-ის ქ. #22-ში (ყოფილი ლ-ის ქ. 20) ბინა #118. მ. კ-მ დათქმულ ვადაში სესხი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხის ნაწილი მას დაბრუნებული ჰქონდა მოსარჩელისთვის, რასაც ადასტურებდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მ. კ-ს მოსარჩელე მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 19 600 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვა განხორციელდა მოპასუხე მ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქ-ი, დ. ა-ის გამზ. #136/ქ. ქ-ი, გ-ის ქ. #22 (ყოფილი ლ-ის ქ. #20) ბინა #118, საკადასტრო კოდი: #........, აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო საამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე მ. თ-მა 2008 წლის 11 დეკემბერს მ. კ-ს ორი წლის ვადით ასესხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, პროცენტის დარიცხვის გარეშე, რაზეც მხარეებმა გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება.
სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 11 დეკემბერი. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ. კ-მ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქ-ში, დ. ა-ის გამზ. №136 / ქ. ქ-ი, გ-ის №22 (ყოფილი ლ-ის ქ. №20), ბინა №118.
საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მოსარჩელე მ. თ-ი დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად, რადგან მ. კ-ს 2008 წლის 4 მარტის იპოთეკის № ქ-244/1 ხელშეკრულებით სს „ტ-ის” სასარგებლოდ დატვირთული ჰქონდა უძრავი ქონება.
მოპასუხე მ. კ-მ დათქმულ დროს სესხი სრულად ვერ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელე მ. თ-მა ითხოვა სესხის სრულად დაბრუნება და მოპასუხისათვის 20000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე მ. კ-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 17045 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სადავოს წარმოადგენდა მ. კ-ისათვის 2557 აშშ დოლარის დაკისრება.
საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი 2013 წლის 12 ივნისის და 31 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერებით სააპელაციოო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ის მიერ მ. თ-ისთვის გადარიცხული იქნა 200-200 აშშ დოლარი, სულ 400 აშშ დოლარი. ხოლო დანარჩენი გადარიცხვები - ჯამში სულ 2557 აშშ დოლარი - გადარიცხული იყო ბ. შ-ის მიერ. თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ბ. შ-ის მიერ განხორციელებული გადახდა მ თ-ისთვის განხორციელდა მ. კ-ის ვალის დასაფარად. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხე მ. კ-მ ვერ შეძლო, ხოლო მ. თ-მა კი სასამართლოში წარმოადგინა საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი იქნა მ. კ-ის შვილის - მ. შ-ისა და შვილიშვილის - ბ. შ-ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილები ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად მ. შ-ს გააჩნდა მ. შ-ის მიმართ ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. კ-ს, მ. თ-ის წინაშე გადახდილი ჰქონდა ვალი 2557 აშშ დოლარის ოდენობით.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას.
ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, მ. კ-მ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან 2557 აშშ დოლარი გადაუხადა კრედიტორ მხარეს. შესაბამისად, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. კ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისი შვილიშვილის, ბ. შ-ის მიერ მ. თ-ისთვის გადარიცხული იყო 2557 აშშ დოლარი მისი ვალის დასაფარად. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა, ვისი ვალის დასაფარად იყო შესრულებული აღნიშნული გადარიცხვები. თვითონ მოსარჩელე მ. თ-ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმ ხელწერილის გამო, რომლითაც მ. შ-ს გააჩნდა მ. თ-ის ვალი, სადაც მოწმედ ხელს აწერდა ბ. შ-ე, ვერ შეძლეს სასამართლოში დავა, რადგან სესხის ხანდაზმულობის ვადა იყო გასული, ანუ თავად მხარემ დაადასტურა, რომ ბ. შ-ის მიერ შესრულებული გადარიცხვები წარმოადგენდა მ. კ-სა და მ. თ-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის თანხას და არა მ. შ-სა და მ. თ-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის თანხას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. კ-ს დაუბრუნდეს ნ. ჩ-ის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი: .........) 2014 წლის 27 ნოემბერს №946.319.1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი CAVOGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია