Facebook Twitter

სამოქალაქო საქმე 22 იანვარი, 2015 წელი

№ას-1221-1162-2014 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ზ ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - ს. დ-ის სარჩელის გამო, ზ. ს-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 05 დეკემბრის განჩინებით ზ. ს-ს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 5 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 05 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორ ზ. ს-ს ეცნობა 2014 წლის 08 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (5............). აღნიშნული კი, მიიჩნევა სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად (იხ., სატელეფონო აქტი, ტ.2. ს.ფ. 61).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2014 წლის 09 დეკემბერს და ამოიწურა იმავე წლის 14 დეკემბერს, რომლიც მოცემულ შემთხვევაში, დაემთხვა უქმე დღეს. შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზი კასატორს უნდა შეევსო მომდევნო სამუშაო დღეს (2014 წლის 15 დეკემბერი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი