Facebook Twitter

№ას-1238-1183-2013 30 იანვარი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები: 1. სს „ს. ბ-ი“;

2. ც. ს-ი, დ. ს-ი,

მ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორ სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;

კასატორების: ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება, გირავნობით და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს. ბ-მა“ მოპასუხეების: ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ც. ს-ისა და მ. ს-ისათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 20 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის – 4835.73 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

2. ც. ს-ისა და მ. ს-ისათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 20 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის – 1744.08 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.

3. ც. ს-ისათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 19 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 3818.3 აშშ დოლარის, 2007 წლის 19 ნოემბრის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 297 აშშ დოლარის, საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე – 1796.58 აშშ დოლარის, 2008 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 1307 ლარის დაკისრება.

4. ც. ს-ისათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 19 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 2670.19 აშშ დოლარი, 2007 წლის 19 ნოემბრის სადაზღვევო ხელშკრულებიდან გამომდინარე პროცენტის – 195.24 აშშ დოლარის, 2008 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის – 2507.72 ლარის დაკისრება.

5. ც. ს-ისათვის სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 19 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 27465.78 აშშ დოლარის, 2007 წლის 19 ნოემბრის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის – 1980.68 აშშ დოლარის, 2008 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის – 12081.53 ლარის დაკისრება.

6. 2007 წლის 19 ნოემბრის საკრედიტო და სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ამოღების მიზნით ც. ს-ის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის (,,ოპელ ვექტრა ბ”, გამოშვების წელი – 1997, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო №WOLOJBF19W1012688) სარეალიზაციოდ მიქცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ც. ს-სა და მ. ხ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 4835.73 აშშ დოლარის გადახდა;

2. დასახელებულ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ სესხზე დარიცხული პროცენტის – 1744.08 აშშ დოლარის ანაზღაურება;

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. სს „ს. ბ-ის“, ც. და დ. ს-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ც. ს-სა და მ. ხ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1908.92 აშშ დოლარის (სესხის თანხა – 108.92 აშშ დოლარი; საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე – 1500 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 300 აშშ დოლარი) გადახდა;

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ 2007 წლის 19 ნოემბრის N349790 საბანკო მომსახურების, N349790-352358 სადაზღვევო და 2008 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის N602843 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

განსახილველი საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2007 წლის 19 ნოემბრის N349790 საბანკო მომსახურების და N349790-352358 სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაფარვა უკანასკნელად განხორციელდა 2008 წლის 15 სექტემბერს, 2008 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის N602843 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი – 2008 წლის 16 ივლისს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ს. ბ-მა“ მოთხოვნის უფლების წარმოშობის თაობაზე შეიტყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადადარღვევით შესრულებისთანავე: 2007 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით – 2008 წლის 16 ოქტომბრიდან, ხოლო 2008 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 2008 წლის 17 აგვისტოდან, რა დროიდანაც მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2007 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით – 2008 წლის 16 ოქტომბრიდან, 2008 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი – 2008 წლის 17 აგვისტოდან, მან სასამართლოს განსახილველი სარჩელით მიმართა მხოლოდ 2012 წლის 13 ივლისს, კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმული იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა აითვლება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. აქ, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს მოთხოვნა წარმოეშობა ყოველი პერიოდის გადახდის გადაცილებასთან ერთად, ამ კონკრეტული გადასახდელების მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ც. და დ. ს-ის ის მოსაზრება, რომ ხანდაზმული იყო 2007 წლის 20 სექტემბრის N507048-297526, 2008 წლის 31 იანვრის N507048-436523 და 2008 წლის 13 მაისის N507048-536229 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელის მოთხოვნებიც.

საქმეზე წარდგენილი ნაერთი ამონაწერით პირადი ანგარიშიდან ირკვეოდა, რომ მოპასუხემ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის თანხის შეტანა უკანასკნელად განხორციელა 2012 წლის 21 ნოემბერს. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 20 სექტემბრის N507048-297526, 2008 წლის 31 იანვრის N507048-436523 და 2008 წლის 13 მაისის N507048-536229 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელის მოთხოვნები არ იყო ხანდაზმული. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ც. ს-ი არ უარყოფდა რა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ფაქტს, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე ვალდებულება არ არსებობდა დავალიანების დაფარვის თუ ხანდაზმულობის გამო, მოპასუხეს ეკისრებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა მოპასუხის სიტყვიერი განმარტების დამადასტურებელი მტკიცებულება, სიტყვიერი განმარტებები კი სადავო გარემოებაზე სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების – ც. და დ. ს-ების პრეტენზია საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული.

2007 წლის 20 სექტემბრის N507048-297526, 2008 წლის 31 იანვრის N507048-436523 და 2008 წლის 13 მაისის N507048-536229 ხელშეკრულებებით შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა ჯამში განისაზღვრა 16492.32 აშშ დოლარით, მათ შორის, სესხის ძირითადი თანხის სახით – 13800 აშშ დოლარი და პროცენტი – 2692.32 აშშ დოლარი. მოპასუხე ც. ს-მა 2007 წლის 20 სექტემბრის N507048-297526 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაიხადა 9608.07 აშშ დოლარი, მათ შორის, სესხის ძირითადი თანხის სახით – 5137.93 აშშ დოლარი და პროცენტი – 4470.15 აშშ დოლარი. მოპასუხე ც ს-მა 2008 წლის 31 იანვრის N507048-436523 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაიხადა 2893.83 აშშ დოლარი, მათ შორის, სესხის ძირითადი თანხის სახით – 1799.4 აშშ დოლარი და პროცენტი – 1094.43 აშშ დოლარი. მოპასუხე ც. ს-მა 2008 წლის 13 მაისის N507048-536229 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაიხადა 3881.5 აშშ დოლარი, მათ შორის, სესხის ძირითადი თანხის სახით – 1940 აშშ დოლარი და პროცენტი – 1941.5 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სს „ს. ბ-ს“ უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ ც. ს-ის მიერ 2007 წლის 20 სექტემბერს, 2008 წლის 31 იანვარს და ამავე წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული დავალიანება, რაც შესრულებული ვალდებულების მხედველობაში მიღებით შეადგენდა 108.92 აშშ დოლარს (16492.32 - 16383.4).

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ასევე დადგინდა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უფლება გააჩნდა, მოპასუხეებისათვის მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი – გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 420-ე მუხლების დანაწესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, ც. ს-სა და მ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდათ 300 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ სარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულად მიიჩნია, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ბოლო გადახდიდან – 2008 წლიდან. საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია: 2007 წლის 19 ნოემბრის საკრედიტო და დაზღვევის ხელშეკრულების ვადა გავიდა 2009 წლის 19 ნოემბერს, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 19 ნოემბრიდან; 2008 წლის 12 ივლისის ხელშეკრულების ვადა გავიდა 2009 წლის 12 ივლისს და და არც ამ ნაწილშია მოთხოვნა ხანდაზმული. რაც შეეხება საკრედიტო ბარათს, რომლითაც მსესხებელი 2007 წლის ოქტომბრიდან სარგებლობდა და რომელსაც ვადა 2009 წლის ოქტომბრამდე ჰქონდა, აღნიშნულ ბარათთან დაკავშირებით ბოლო გადახდა ამონაწერით 2009 წლის 30 სექტემბერს ფიქსირდება, ხანდაზმულობის ვადა 2009 წლის 15 ნოემბრიდან უნდა ავითვალოთ, მას შემდეგ, რაც ბარათის მოქმედების ვადა გავიდა. დავალიანება 1796.58 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს 1500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ძირი თანხა – 4835.73 აშშ დოლარი და პროცენტი – 1744.08 აშშ დოლარ შემცირდა და მხარეს დაეკისრა ძირი თანხა – 108.92 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 300 აშშ დოლარი.

ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არ შეამოწმა მოპასუხეთა მოთხოვნის დასაბუთებულობა, დაეუყრდნო მხოლოდ სს „ს. ბ-ის“ განმარტებას და გამოიტანა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც განაპირობებდნენ ბ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რატომ დააკმაყოფილა საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება საქმეში არ მოიპოვებოდა. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ დააკმაყოფილა ბ-ის მოთხოვნა, კასატორებს მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ, პირიქით, მათ ზედმეტად აქვთ გადახდილი 8000 აშშ დოლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“, აგრეთვე, ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. ბ-ის“, აგრეთვე, ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4467.02 ლარი) 70% – 3126.914 ლარი).

საკასაციო სასამართლოს განჩინებით კასატორებს - ც. ს-ს, დ. ს-სა და მ. ხ-ს გადაუვადდათ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებულ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის – 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს. ბ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4467.02 ლარი, საგადახდო დავალება №1033, გადახდის თარიღი – 2013 წლის 12 ნოემბერი) 70% – 3126.914 ლარი;

3. ც. ს-ის, დ. ს-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. ც. ს-ს, დ. ს-სა და მ. ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის – 90 ლარის გადახდა;

5. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე