Facebook Twitter

საქმე №ას-1318-1256-2014 20 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, ლ. ა.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - ლ. ა.-ის სარჩელის გამო, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსიტალის მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაო ადგილზე აღდგენისა და დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ლ. ა.-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 5 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ლ. ა.-ეს გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, გ., თ. ქუჩა N... და ჩაბარდა მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრ მ. ც.-ვილს (მეუღლის დედა) 2015 წლის 08 იანვარს, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (ტ.2. ს.ფ. 111). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 09 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 13 იანვარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს, სასამართლოს განცხადებით მომართა კახა კალმახელიძემ, რომელმაც მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა ლ. ა.-ის ინტერესებს და მოითხოვა, საპროცესო ვადის 4 დღით გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფებოდა წალკის რაიონში, რის გამოც, დადგენილ ვადაში ვერ ავსებდა ხარვეზს (ტ.2. ს.ფ. 112).

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კასატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. მარტოოდენ განმცხადებლის მითითება კი, სხვა რაიონში ყოფნისა და აქედან გამომდინარე, დადგენილ ვადაში, სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შესახებ, არ წარმოადგენს საპროცესო ვადის გაგრძელების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილ წინაპირობას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლები. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხლევალდ დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი