საქმე №ას-243-228-2014 26 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. მ-ე, დ. შ-ა, რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი, რ. გ-ე, ლ. ხ-ე, ც. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. ხ. ს. კ-ა“ და მისი დირექტორი დ. ხ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-ემ, დ. შ-ამ, რ. ჭ-მა, ი. ჩ-მა, რ. გ-ემ, ლ. ხ-ემ და ც. მ-ე სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ლ. ხ. ს. კ-ის“ და მისი დირექტორის - დ. ხ-ის მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, შპს „ლ. ხ. ს. კ-ის“ 39 % წილის მფლობელი პარტნიორები მოსარჩელეები არიან. საზოგადოების 2013 წლის 8 და 10 აპრილს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2012 წლის დივიდენდის განაწილების თაობაზე, თუმცა მისი ნაწილი პარტნიორებს იმ მოტივით არ ჩარიცხვიათ, რომ გასანაწილებელი თანხა საზოგადოებას სადაზღვევო კომპანიებიდან უნდა მიეღო. საზოგადოების დირექტორის 2013 წლის 26 ივლისის წერილით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თანხები შპს „ლ. ხ. ს. კ-ას“ უკვე ჰქონდა მიღებული, მაგრამ დირექტორი დ. ხ-ე უკვე ერთი წელი იყო, რაც მათ კუთვნილ დივიდენდებს პარტნიორებს იმ მოტივით არ ურიცხავდა, რომ აღნიშნულის თაობაზე პარტნიორთა კრებას უნდა ემსჯელა.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით შეამოწმეს საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის ანგარიშის სისწორე, რომლის შედეგად არაერთი არსებითი ხასიათის შეცდომა დაფიქსირდა. დადგინდა, რომ აღნიშნული შეცდომების შედეგად პარტნიორებმა მიიღეს 54637 ლარით ნაკლები დივიდენდი. სწორედ აღნიშნული თანხის 39 %-ი - 21308 ლარი უნდა ჩაერიცხა საზოგადოების დირექტორს მათთვის და, ვინაიდან ამ მოვალეობას უკანონოდ არ ასრულებდა იძულებულნი გახდნენ ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიემართათ.
მოსარჩელეები ასევე ითხოვენ წარმომადგენლის და წლიური ანგარიშის შემოწმებაში აუდიტორისათვის გადახდილი თანხის - 4000 ლარის საზოგადოებისათვის დაკისრებას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მართლაც იყო მიღებული, თუმცა მასში გათვალისწინებული არ იყო ის დრო, ამ დივიდენდების განაწილება როდის უნდა მომხდარიყო. მოპასუხეების განმარტებით სასარჩელო განცხადებაში მითითებული დივიდენდები დღეის მდგომარეობით გადახდილია.
მოპასუხეებმა შესაგებელში ასევე აღნიშნეს, რომ მოსარჩელეებმა მოწვეული სპეციალისტის მეშვეობით საზოგადოების ანგარიშების, ჩანაწერების და დოკუმენტაციის შემოწმებასთან დაკავშირებით თავიანთი უფლება გამოიყენეს და ამ უფლების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება არ შეიძლება მოპასუხეს დაეკისროს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ არსებითი ხასიათის შეცდომები გამოვლენილი არ ყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. მ-ის, დ. შ-ას, რ. ჭ-ის, ი. ჩ-ის, რ. გ-ის, ლ. ხ-ის და ც. მ-ის სარჩელი. დაევალა შპს ”ლ. ხ. ს. კ-ის“ დირექტორს - დ. ხ-ეს მოსარჩელეების კუთვნილ ანგარიშებზე 2012 წლის გასანაწილებელი დივიდენდების - 1065 ლარის ჩარიცხვა, საზოგადოებაში მათი კუთვნილი წილების პროპორციულად. შპს ”ლ. ხ. ს. კ-ას” მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალა გადახდილი აუდიტის მომსახურების თანხის - 3000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის - 730 ლარის ანაზღაურება. ასევე, დ. ხ-ეს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების თანხის - 800 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ”ლ. ხ. ს. კ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
მოსარჩელეების - ი. მ-ის, დ. შ-ას, რ. ჭ-ის, ი. ჩ-ის, რ. გ-ის, ლ. ხ-ისა და ც. მ-ის სარჩელი - მისაღები დივიდენდის დარჩენილი თანხის - 1065 ლარის, წარმომადგენლისა და აუდიტორისათვის გადახდილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დაეკისრა ი. მ-ეს, დ. შ-ას, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ეს, ლ. ხ-ესა და ც. მ-ეს შპს ”ლ. ხ. ს. კ-ის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 163 ლარი და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 160 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. მ-ე, დ. შ-ა, რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი, რ. გ-ე, ლ. ხ-ე და ც. მ-ე არიან შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” 39%-ის მფლობელი პარტნიორები.
შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” 2013 წლის 08 და 10 აპრილს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2012 წლის დივიდენდების განაწილების თაობაზე.
2012 წლის დივიდენდის ნაწილი პარტნიორებს არ ჩაერიცხათ იმ მოტივით, რომ საზოგადოებას თანხები უნდა ჩარიცხოდა სადაზღვეო კომპანიებიდან.
2013 წლის 26 ივლისის, საზოგადოების დირექტორის წერილით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თანხები საზოგადოებამ მიიღო.
2013 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო დავალებებით დადგინდა, რომ შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ამ” პარტნიორებს ჩაურიცხა დარჩენილი დივიდენდები მათი წილების პროპორციულად, კერძოდ: ც. მ-ეს ჩაერიცხა 1038,10 ლარი, ლ. ხ-ეს 1038,10 ლარი, რ. გ-ეს 2595,26 ლარი, ი. ჩ-ს 3 633,36 ლარი, რ. ჭ-ს 2 595,26 ლარი, დ. შ-ას 4152,41 ლარი და ი. მ-ეს 5 190,52 ლარი.
მოსარჩელეებს შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” მიერ, 2012 წლის დარჩენილი დივიდენდიდან - 21 308 ლარიდან არ ჩაერიცხათ 1065 ლარი პარტნიორების წილების პროპორციულად.
შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” პარტნიორების მოთხოვნით დამოუკიდებელი აუდიტორის ა. ჭ-ის მიერ მომზადებული იქნა აუდიტორული დასკვნა შპს ”ლ. ხ. კ-ის” 2012 წლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
2012 წლის 22 მაისის აუდიტორული დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული ნაკლოვანებებისა ბუღალტრული აღიცხვა ანგარიშგება ძირითადად სრულად ასახავდა კლინიკის ფინანსურ მდგომარეობას.
შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” წლიურ ანგარიშში არსებითი შეცდომები არ იყო.
წარმომადგენლისა და აუდიტორის მეშვეობით წლიური ანგარიშის შემოწმებაში მოსარჩელეებმა გადაიხადეს 4000 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა მოწესრიგებულიყო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითა, რომ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.
ამავე კანონის 46-ე მუხლით პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად პარტნიორი არის ერთ - ერთი სამეწარმეო საზოგადოების წევრი (მონაწილე), რომელსაც აქვს საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები საზოგადოების მიმართ. პარტნიორის ვინაობა და მისი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში უნდა განისაზღვროს საზოგადოების წესდებით.
საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ე, დ. შ-ა, რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი, რ. გ-ე, ლ. ხ-ე და ც. მ-ე არიან შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” 39%-ის მფლობელი პარტნიორები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” პარტნიორების მოთხოვნით დამოუკიდებელი აუდიტორის ა. ჭ-ის მიერ მომზადებული იქნა აუდიტორული დასკვნა შპს ”ლ. ხ. ს. კ-ის” 2012 წლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
2012 წლის 22 მაისის აუდიტორული დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული ნაკლოვანებებისა, ბუღალტრული აღიცხვა ანგარიშგება ძირითადად სრულად ასახავდა კლინიკის ფინანსურ მდგომარეობას. რაც იმას ნიშნავდა, რომ შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” წლიურ ანგარიშში არსებითი ხასიათის შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საფუძველს აცლიდა მოსარჩელეთა მოთხოვნას - აუდიტისათვის გადახდილი თანხის საწარმოსათვის დაკისრების შესახებ. (”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის მესამე წინადადებ: თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს).
აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოს წარმოადგენდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ისათვის” აუდიტისათვის გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე და ამ მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე მათ უარი ეთქვათ.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას: დაევალოს შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის” დირექტორს დარჩენილი მიუღებელი დივიდენდის - 1065 ლარის პატნიორებზე გაანაწილება - პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და შემდეგი განმარტა:
დადგინდა, რომ გასანაწილებელი დივიდენდიდან - 21 308 ლარიდან შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ამ” პარტნიორებს მათი წილების პროპორციული დივიდენდები ჩაურიცხა, კერძოდ: ც. მ-ეს 1038,10 ლარი, ლ. ხ-ეს 1038,10 ლარი, რ. გ-ეს 2595,26 ლარი, ი. ჩ-ს 3 633,36 ლარი, რ. ჭ-ს 2 595,26 ლარი, დ. შ-ას 4152,41 ლარი და ი. მ-ეს 5 190,52 ლარი. გასაცემ დივიდენდს დააკლდა გასანაწილებლად 1065 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად: დივიდენდი არის – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
პალატამ განმარტა, რომ მოწილე არის პირი, რომელიც ფლობს შესაბამის წილებს იურიდიულ პირში. წილი კი არის მიმოქცევადი უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, დივიდენდი მიეკუთვნმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად წარმოადგენს საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, იმის მიხედვით დივიდენდი გაიცემა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე. ამასთან დივიდენდის დაბეგვრა ხორციელდება გადახდის წყაროსთან ან მის გარეთ.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
დადგინდა, რომ 2012 წლის გასანაწილებელი დივიდენდიდან დარჩენილი იყო 21 308 ლარი პარტნიორებზე გასანაწილებლად, ხოლო ამ თანხის 5%-ი შეადგენდა 1065 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული 1065 ლარი პარტნიორებს კანონშესაბამისად არ გაუნაწილდათ, ვინაიდან ეს თანხა დივიდენდის ბეგარას შეადგენდა, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლი ითვალისწინებდა .
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს ”ლ. ხ. ს. კ-ის” პარტნიორების მოთხოვნა საწარმოსათვის დივიდენდის სახით - 1065 ლარის დაკისრების შესახებ და ჩათვალა, რომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოს წარმოადგენდა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სარჩელის დაკმაყოფილერბაზე უარის თქმა კი, პალატის განმარტებით გამორიცხავდა საადვოკატო ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.
აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. მ-ის, დ. შ-ას, რ. ჭ-ის, ი. ჩ-ის, რ. გ-ის, ლ. ხ-ისა და ც. მ-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ, დ. შ-ამ, რ. ჭ-მა, ი. ჩ-მა, რ. გ-ემ, ლ. ხ-ემ და ც. მ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კასატორების განმარტებით, მთავარი სასარჩელო მოთხოვნა იყო საზოგადოების დირექტორს დავალებოდა მათ კუთვნილ ანგარიშებზე, საზოგადოებაში კუთვნილი წილების პროპორციულად, 2012 წლის გასანაწილებელი დივიდინდის - 21308 ლარის ჩარიცხვა. სარჩელის მიღებისთანავე დირექტორმა მათი მოთხოვნა ნებაყოფლობით შეასრულა და დივიდენდის თანხა არასრულად ჩაურიცხა მათ, რის გამოც დავის საგნის ოდენობა 1065 ლარამდე შეამცირეს.
ი. მ-ე, დ. შ-ა, რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი, რ. გ-ე, ლ. ხ-ე და ც. მ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ საქალაქო სასამართლომ დირექტორ - დ. ხ-ეს სავსებით სწორად დააკისრა დივიდენდის ოდენობიდან გამომდინარე საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 800 ლარის გადახდა, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დასაბუთდა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება იქნა მიცემული დირექტორის მიერ დივიდენდის განაწილების ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის ფაქტზე, რაც არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიუხედავად დირექტორის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისა, მიაჩნიათ, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან ჩათვალა, რომ დარჩენილი მოთხოვნა დივიდენდის - 1065 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო იყო. თუმცა, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატას დაავიწყდა მოპასუხის მხრიდან მთავარი სასარჩელო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ზემომითითებული პროცესუალური ნორმით დაკისრების დასაბუთების ფაქტი.
ი. მ-ის, დ. შ-ას, რ. ჭ-ის, ი. ჩ-ის, რ. გ-ის, ლ. ხ-ის და ც. მ-ის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონიერიც რომც იყოს, მათი განმარტებით საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმდენად დაუსაბუთებელი და უკანონოა, რომ იგი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.
კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ წლიური ანგარიშის შესამოწმებლად გაღებული 3000 ლარის საზოგადოებისათვის დაკისრება უკანონოდ მიიჩნია, რაც დაუკავშირა აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ შემდეგ სიტყვებს: „მიუხედავად ფინანსური ანგარიშგებაში არსებული ნაკლოვანებებისა ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგება ძირითადად სრულად ასახავს კლინიკის ფინანსურ მდგომარეობას.“ აღნიშნულით კი, სააპელაციო პალატამ გამორიცხა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის მესამე წინადადების გამოყენების საფუძველი.
ი. მ-ეს, დ. შ-ას, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ეს, ლ. ხ-ეს და ც. მ-ეს მიაჩნიათ, რომ წლიურ ანაგარიშით აღმოჩენილი ის ნაკლოვანება, რომლითაც პარტნიორებს მთლიანად 54637 ლარი, ხოლო უშუალოდ მათ 21308 ლარი დააკლდათ, დაკლებული თანხის ოდენობიდან გამომდინარე არსებითი ხასიათის შეცდომას წარმოადგენდა და ამ მოსაზრების მართებულობის ერთადერთ შემფასებელ ორგანოდ სწორედ სასამართლოს მოიაზრებდნენ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს, დაკლებული თანხის ოდენობიდან გამომდინარე დასაბუთებული დასკვნა უნდა გაეკეთებინა, ხსენებული შეცდომის, როგორც არსებით ხასიათის შეცდომად მიჩნევა-არმიჩნევასთან დაკავშირებით და თავისი მოსაზრება აუდიტის დასკვნით სიტყვებზე არ უნდა დაემყარებინა, რომელსაც მათი მოსაზრებით კვალიფიციური შეფასება, კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში არ გაუკეთებია.
რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი და საქმეში არსებული სხვა კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საზოგადოების დირექტორისათვის 1065 ლარის, როგორც გაუნაწილებელი დივიდენდის დარჩენილი ნაწილის მათ ანგარიშზე ჩარიცხვის დავალდებულების ფაქტი უკანონოდ მიიჩნია როგორც ბიუჯეტში გადასახდელ დივიდენდის დაბეგვრის თანხად, რაზეც გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებულ საკითხთან დაკავშირებული გარემოება.
კასატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა თვისობრივად ახალ ფაქტს და, ვინაიდან მოპასუხე მხარემ აღნიშნულის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო პალატას ეს გარემოება საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლიდან გამომდინარე მხედველობაში არ უნდა მიეღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები არიან შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის“ 39%-ის მფლობელი პარტნიორები. 2013 წლის 8 და 10 აპრილს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა 2012 წლის დივიდენდების განაწილების საკითხი. მოსარჩელეებს დივიდენდი არ ჩაერიცხათ იმ მოტივით, რომ საზოგადოებას თანხები უნდა ჩარიცხვოდა სადაზღვევო კომპანიებიდან. 2013 წლის 26 ივლისს საზოგადოებამ აღნიშნული თანხები მიიღო და 2013 წლის 11 სექტემბრისათვის პარტნიორებს ჩაურიცხა მათი დარჩენილი თანხები წილის პროპორციულად. მოსარჩელეების მოსაზრებით, საზოგადოებას გადასახდელი დარჩა 1065 ლარი წილების პროპორციულად. პალატამ ასევე დაადგინა, რომ შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ის“ წლიურ ანგარიშში შეცდომა არ არის. წარმომადგენლისა და აუდიტორის მეშვეობით წლიური ანგარიშის შემოწმებაში მოსარჩელეებმა გადაიხადეს 4000 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას დარჩენილი დივიდენდის - 1065 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად: დივიდენდი არის – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. მოწილე არის პირი, რომელიც ფლობს შესაბამის წილებს იურიდიულ პირში. წილი კი არის მიმოქცევადი უფლება. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, დივიდენდი მიეკუთვნმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად წარმოადგენს საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, იმის მიხედვით დივიდენდი გაიცემა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე; ამასთან დივიდენდის დაბეგვრა ხორციელდება გადახდის წყაროსთან ან მის გარეთ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის გასანაწილებელი დივიდენდიდან დარჩენილი იყო 21 308 ლარი პარტნიორებზე გასანაწილებლად, ხოლო ამ თანხის 5% შეადგენდა 1065 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 1065 ლარი პარტნიორებს კანონშესაბამისად არ გაუნაწილდათ, ვინაიდან ეს თანხა დივიდენდის ბეგარას შეადგენდა, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლი ითვალისწინებდა.
რაც შეეხება აუდიტისა და პროცესის ხარჯების ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხემ პარტნიორებისათვის გადასანაწილებელი თანხები მიიღო 2013 წლის 26 ივლისს, მაგრამ მოსარჩელეებს ჩაურიცხა 2013 წლის 11 სექტემბერს, მხოლოდ მათ მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნის შემცირება გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა ნებაყოფლობით დაკმაყოფილებით. აღნიშნულ გარემოება ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს.
მითითებული ნორმის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. ვინაიდან, მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით შეასრულა ვადებულება, ამ უკანასაკნელს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების, მათ შორის ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მოსარჩელის სასარგებლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ადვოკატის მომსახურების თანხის 800 ლარის გადახდა, რაც არასწორად გააუქმა სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნებაყოფლობით ნაწილობრივ შეასრულა, ხოლო 1065 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ კმაყოფილდება, ხარჯი უნდა ანაზღაურდეს მოპასუხის მიერ შესრულებული ვალდებულების პროპორციულად, ანუ 5%-ის გამოკლებით (როგორც ზემოთ აღინიშნა, 1065 ლარი მთლიანი დავის საგნის 5%-ია).
კასატორები ითხოვენ აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის გადახდილი 4000 ლარიდან 3000 ლარის ანაზღაურებას, ხოლო 1000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე არ იყო ვალდებული, მოსარჩელეთათვის აენაზღაურებინა აუდიტის შემოწმების ხარჯები. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საზოგადოების ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
მითითებული ნორმა შეეხება პარტნიორის უფლებას, შეამოწმოს საზოგადოების ანგარიშის სისწორე. აღნიშნული უფლება საზოგადოების პარტნიორობიდან გამომდინარე უფლებაა და მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს, როდესაც პარტნიორს აქვს განსხვავებული მოსაზრება წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კი, აუდიტორული შემოწმება განპირობებული იყო მოსარჩელეთათვის კუთვნილი დივიდენდების გადაუხდელობით.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა მთელი რიგი დარღვევები, რაც არსებობდა საზოგადოებაში. აუდიტორული დასკვნის თანახმად, არასწორადაა განსაზღვრული საგადასახადო მოგება, დეკლარაციაში არასწორადაა ნაჩვენები ერთობლივი შემოსავალი, 2280411 ლარის ნაცვლად მითითებულია 2271084 ლარი, გამოქვითვები 1747092 ლარის ნაცვლად ნაჩვენებია 1744273 ლარი, შემოსავლების ხარჯებზე გადამეტებამ შეადგინა 519 934 ლარი და ა.შ. აუდიტის დასკვნის თანახმად, დივიდენდები გაცემულია 54637 ლარით ნაკლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წლიური ბალანსი შედგენილია არსებითი შეცდომების გარეშე. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია აუდიტის შეფასებაზე დაყრდნობით. სასამართლოს მიერ მსგავსი დასკვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან. მითითებული ნორმის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შეუძლებელია, არაარსებითად ჩაითვალოს დარღვევა, როდესაც პარტნიორებს ერიცხებათ 54637 ლარით ნაკლები დივიდენდი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში წამოყენებული პრეტენზია მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ გაღებული აუდიტის ჩატარების ხარჯების ანაზღაურება მოსარჩელისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მითითებული ნორმით გათვალისწინებული დარღვევა. კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლი, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების დადგენა.
ზემოთ მითითებულ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი. შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ას“ უნდა დაეკისროს აუდიტის შემოწმებისათვის მოსარჩელეების მიერ გაღებული 3000 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯებს, იგი უნდა ანაზღაურდეს 760 ლარის ოდენობით (800 ლარს - 5%), შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ას“ უნდა დაეკისროს კასაატორთა მიერ გადახდილი ბაჟის გადახდაც 5%-ის გამოკლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელე მხარემ საქმის პირველი ინსტანციით სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, შესაბამისად მათ უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ხაზინიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 730 ლარი, ხოლო შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ას“ უნდა დაეკისროს კასატორთა სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 285 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. მ-ის, დ. შ-ას, რ. ჭ-ის, ი. ჩ-ის, რ. გ-ის, ლ. ხ-ის, ც. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება აუდიტის შემოწმებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. შპს ,,ლ. ხ. ს. კ-ას“ დაეკისროს კასატორთა სასარგებლოდ აუდიტის შემოწმებისათვის გაღებული ხარჯის - 3000 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 760 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 285 ლარის გადახდა;
4. ი. მ-ეს, დ. შ-ას, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ეს, ლ. ხ-ეს, ც. მ-ეს დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 730 ლარი;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე