№ას-268-252-2014 30 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ., ფ. და ნ. ა-ები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ა-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპაასუხეების - ნ., ფ. და ნ. ა-ების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხ-ში მდებარე უძრავ ქონებაში ნ., ნ. და ფ. ა-ის წილი დაუბრუნდა ს. ა-ს და იგი ცნობილ იქნა მთლიანი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ნ. და ფ. ა-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით:
1. ნ., ნ. და ფ. ა-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხ-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 წილი აღირიცხა ს. ა-ის სახელზე, 3/16 წილი - ნ. ა-ის სახელზე, 3/16 წილი - ნ. ა-ის სახელზე, ხოლო 3/16 წილი - ფ. ა-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
02.03.2011წ. საარქივო ცნობის მიხედვით, სოფელ ქვემო ხ-ის 1986-1995წწ. საკომლო ჩანაწერების თანახმად, შ. ა-ის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: 1. შ. ა-ი (ოჯახის უფროსი); 2. ნ. ა-ი (ცოლი); 3. ს. ა-ი (შვილი); 4. ნ. ა-ი (რძალი); 5. ფ. ა-ი (შვილიშვილი); 6. ფ. ა-ი (შვილიშვცილი); 7. მ. ა-ი (შვილიშვილი); 8. ნ. ა-ი (შვილიშვილი);
ამავე ცნობის მიხედვით, 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერების თანახმად, ს ა-ის კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: 1. ს. ა-ი (ოჯახის უფროსი); 2. ნ. ა-ი (ცოლი); 3. ფ. ა-ი (შვილი); 4. ნ. ა-ი (შვილი);
10.05.2011წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ს. ა-მა მიიღო 23.04.1991წ. გარდაცვლილი მამის - შ. ა-ის სამკვიდრო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ა-ის ოჯახი არ წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, ვინაიდან ამ ოჯახის წევრებს არ უმუშავიათ კოლმეურნეობაში და არ ყოფილან კოლმეურნეობის წევრები. შესაბამისად, საკომლო ჩანაწერებში მითითებულ 8 პირს პირად საკუთრებაში ერიცხებოდათ საცხოვრებელი სახლი 60 კვ.მ და მიწა 0.40 ჰა. შ. ა-ისა და ნ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მათ კუთვნილ 1/8-1/8 წილებზე გაიხსნა სამკვიდრო.
ს. ა-მა, როგორც შ. და ნ. ა-ების შვილმა და პირველი რიგის მემკვიდრემ, სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1336-ე და 1421-ე მუხლების შესაბამისად, მიიღო მშობლების სამკვიდრო და მისი წილი სადავო ქონებაში გახდა 3/8.
საჯარო რეესტრის 17.08.2012წ. ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: 1. ს. ა-ი, 2. ნ. ა-ი, 3. ნ. ა-ი, 4. ფ. ა-ი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მ. და ფ. ა-ები აღარ არიან რეგისტრირებულნი 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერებში, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ განუცხადებიათ პრეტენზია თავიანთ კუთვნილ წილზე სადავო უძრავ ქონებაში, შესაბამისად, მათი კუთვნილი 2/8 წილი უნდა გადანაწილებულიყო მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოოდ ს. ა-ს უფლება გააჩნია სადავო უძრავი ქონების 7/16 წილზე, ხოლო მოპასუხეებს - თითოეულს 3/16 წილზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს ა-მა.
კასატორის მოსაზრებით, მამამისის - შ. ა-ის უძრავი ქონება, როგორც მუშა-მოსამსახურის ოჯახის ქონება, ეკუთვნის მის მემკვიდრეებს, კერძოდ, კასატორსა და მის დებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე