№ას-331-312-2014 9 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „მ. ს-ს“ რეგისტრორებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა შპს „მ. ს-ოს“ პარტნიორთა კრების ოქმი, რომელზეც გადაწყდა ე. პ-ისა და ი. მ-ის კუთვნილი წილების გასხვისება, კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებული იყო ყველა პარტნიორი. 2011 წლის 17 ოქტომბერს გამფორმებული წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე, ე. პ-მა და ი. მ-მა თავიანთი კუთვნილი წილის ნაწილი გაასხვისეს ნ. გ-ზე და ი-ი მ-ზე. 2012 წლის 12 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით დადგინდა ხარვეზი და შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2012 წლის 4 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.07.2012 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეტანილ იქნა ცვლილება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს „მ. ს-ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, ნ. გ-ის სახელზე განხორციელდა წილის აღრიცხვა 17.10.2011 წლის წილის გასხვისების ხელშეკრულების შესაბამისად.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ. ს-ო“ დაფუძნდა 2011 წელს. საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ ი. მ-ი - 69%-იანი წილით, ე. პ-ი - 30%-იანი წილით და დახურული სააქციო საზოგადოება ,,მ. გ. გ. ს-ა’’ - 1%-იანი წილით (იხ.: წესდება, ტ. I, ს.ფ. 84-92);
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ. ს-ს“ წესდების 5.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების პარტნიორი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს თავისი წილი (წილის ნაწილი) საზოგადეობის ერთ ან რამდენიმე პარტნიორს ან მესამე პირს. პარტნიორები სარგებლობენ პარტნიორის მიერ დასათმობი წილის (წილის ნაწილის) შეძენის უპირატესი უფლებით საზოგადოებაში მათი წილის პროპორციულად (ტ. I, ს.ფ. 86). ამავე წესდების 5.11 მუხლის თანახმად, დამფუძნებელ პარტნიორს, რომელსაც აქვს 51% და მეტი წილი საზოგადოებაში, უფლება აქვს გაასხვისოს საკუთარი წილი მესამე პირზე დანარჩენ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე (ტ. I, ს.ფ. 86). ამდენად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით დადგინდა შეზღუდვა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოების პარტნიორთა უპირატესი შესყიდვის უფლება, პარტნიორის მიერ დასათმობი წილის (წილის ნაწილის) შეძენაზე საზოგადოებაში მათი წილის პროპორციულად. ამასთან, წესდების შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 51% და მეტი წილის მფლობელ პარტნირებზე, რომელთაც უფლება გააჩნიათ გაასხვისონ საკუთარი წილი მესამე პირზე დანარჩენ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე.
შპს „მ. ს-ს“ პარტნიორთა კრება ჩატარდა 2011 წლის 17 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა - 69% წილის მესაკუთრის ი. მ-ის წარმომადგენელი ი. ც-ე და 30%-იანი წილის მესაკუთრე ე. პ-ი. დღის წესრიგს წარმოადგენდა - შპს ,,მ. ს-ს’’ ე. პ-ისა და ი. მ-ის კუთვნილი წილების გასხვისება. პარტნიორთა კრებამ ერთხმად გადაწყვიტა პარტნიორთა წილების გასხვისება, კერძოდ, გასხვისდა ე. პ-ის კუთვნილი წილი - 30% სრულად - 74 000 აშშ დოლარად, საიდანაც 15% გასხვისდა ნ. გ-ზე და 15% ი-ი მ-ზე. ი. მ-ის კუთვნილი წილიდან 69%-დან 5% წილი გასხვისდა 6000 აშშ დოლარად, საიდანაც 2.5% გასხვისდა ნ. გ-ზე, ხოლო 2.5% - ი-ი მ-ზე. შედეგად, ნ. გ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 17.5%-ით, იი მ-ის წილი კი – 17.5%-ით (ტ. I, ს.ფ. 14,15);
17.10.2011 წელს ერთის მხრივ, ი. მ-ს და ე. პ-ს, ხოლო მეორეს მხრივ ნ. გ-სა და ი-ი მ-ის შორის გაფორმდა წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ე პ-ის კუთვნილი - 30% წილიდან 15%-იანი წილი გასხვისდა ნ გ-ზე, ხოლო 15%-იანი წილი - ი-ი მ-ზე. ი. მ-ის კუთვნილი წილი 69%-იანი წილიდან 2.5%-იანი წილი გასხვისდა ნ. გ-ზე, ხოლო და 2.5%-იანი წილი - ი-ი მ-ზე. წილის გასხვისების შედეგად ნ. გ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 17.5%-ით, ხოლო ი-ი მ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 17.5%-ით (ტ. I, ს.ფ. 20-23).
იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ი წარმოადგენდა საზოგადოების 69 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, საზოგადოების წესდების 5.11 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მას უფლება გააჩნდა, გაესხვისებინა საკუთარი წილი, ან მისი ნაწილი მესამე პირზე დანარჩენ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე. რაც შეეხება მეორე დამფუძნებელ პარტნორს, ე. პ-ს, ვინაიდან მისი წილი საზოგადოებაში შედგენდა 30%-ს, მის მიერ განკარგულ წილზე საზოგადოების წესდების 5.1 მუხლით დადგენილია საზოგადოების პარტნიორთა უპირატესი შესყიდვის უფლება პარტნიორის მიერ დასათმობი წილის (წილის ნაწილის) შეძენაზე საზოგადოებაში მათი წილის პროპორციულად.
ნ. გ-მა 2012 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,მ. ს-ს’’ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 12-13). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით განმცხადებელ ნ. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან დამატებით წარმოსადგენი იყო სააქციო საზოგადოების მ. გ. გ. ს-ს ნების დამდგენი დოკუმენტი უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი წესით შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის გამო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 15.05.2012წ. მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 12-13).
ნ. გ-ის წარმომადგენელმა გ. ჟ-მა 2012 წლის 25 აპრილს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მან სადავოდ გახადა რეგისტრაციის სამსახურის 2012 წლის 12 აპრილის №B1204912/3 გადაწყვეტილება და ითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანით რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის წარმომადგენელის გ. ჟ-ის 2012 წლის 25 აპრილს საჩივარი იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორის მიერ დამატებით წარმოსადგენი იყო სააქციო საზოგადოების მ. გ. გ. ს-ის მიმართ მიმართვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დადასტურდებოდა საზოგადოების ნება, უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე შესაბამისი წესით შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით (ტ. I, ს.ფ. 10,11).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს ნ. გ-მა წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ ნ. გ-ის მიერ მოხდა საზოგადოების 1%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - სს „მ. გ. გ. ს-ის“ ინფორმირება მის მიერ 17.10.2011წ. გაფორმებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და წესდების შესაბამისად უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის პასუხად, დახურული სააქციო საზოგადოება „კ-ის“ მინდობილმა პირმა - ა.ე. კ-მა ნ. გ-ს აცნობა, რომ საზოგადოება უარს აცხადებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ. ს-ს’’ წილის ან წილის ნაწილის უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობაზე. წერილს ერთვის დსს „მ. გ. გ. ს-ის“ ერთადერთი აქციონერის - კ. პ-ის 15.11.2013 წლის N08/13 გადაწყვეტილება, რომლითაც დსს „მ გ გ ს-ას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს „კ-ი“. წერილს ასევე ერთვის დსს „მ. გ. გ. ს-ის“ მმართველი კომპანიის დსს „კ. ს-ის“ გენერალური დირექტორის მიერ ა. კ-ის სახელზე 11.09.2013 წელს გაცემული მინდობილობა, რომლითაც ა. კ-ს მიენიჭა კომპანიის სახელით და მის ინტერესებში სხვადასხვა ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება, მათ შორის კომპანიის სახელით გარიგების დადების, შეცვლის ან/და გაუქმების უფლებამოსილება (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20.01.2014წ. ნ. გ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტებით).
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ 12.11.2013 წლის მდგომარეობით საზოგადოების პარტნიორებს შორის წილობრივი მონაცემები გადანაწილებულია იმ პროპორციით, რა პროპორციითაც აღრიცხული იყო საზოგადოების დაფუძნების და 17.10.2011 წლის წილის განკვარგვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. კერძოდ, საზოგადოების 69%-იანი წილის მფლობელ პარტნორს წარმოადგენს ი. მ-ი, 30%-იანი წილის მფლობელ პარტნოირს - ე. პ-ი, ხოლო 1%-იანი წილი ირიცხება დახურული სააქციო საზოგადოება ,,მ. გ. გ. ს-ის’’ სახელზე.
პალატამ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლის 41 პუნქტით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით დადგინდა შეზღუდვა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოების პარტნიორთა უპირატესი შესყიდვის უფლება პარტნიორის მიერ დასათმობი წილის (წილის ნაწილის) შეძენაზე საზოგადოებაში მათი წილის პროპორციულად. ამასთან, წესდების შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 51 % და მეტი წილის მფლობელ პარტნირებზე, რომელთაც უფლება გააჩნიათ გაახვისონ საკუთარი წილი მესამე პირზე დანარჩენ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე. დადგენილია, რომ 17.10.2011 წელს ერთის მხრივ, ი. მ-ს და ე. პ-ს, ხოლო მეორეს მხრივ ნ. გ-ს და ი-ი მ-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება წილის გასხვისების შესახებ, რომლითაც ე პ-ის კუთვნილი - 30% წილიდან 15%-იანი წილი გასხვისდა ნ. გ-ზე, ხოლო 15%-იანი წილი - ი-ი მ-ზე. ი. მ-ის კუთვნილი წილი 69%-იანი წილიდან 2.5%-იანი წილი გასხვისდა ნ. გ-ზე, ხოლო და 2.5%-იანი წილი - ი-ი მ-ზე. წილის გასხვისების შედეგად ნ. გ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 17.5%-ით, ხოლო ი-ი მ-ის წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 17.5%-ით (ტ. I, ს.ფ. 20-23). იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ი წარმოადგენდა საზოგადოების 69 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, მას საზოგადოების წესდების 5.11 მუხლის შესაბამისად, გააჩნდა უფლება, გაესხვისებინა საკუთარი წილი, ან მისი ნაწილი მესამე პირზე დანარჩენ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე.
ამდენად, პალატის აზრით, არ არსებობდა ი. მ-ის მიერ განკარგული წილის ნ. გ-ის სახელზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იმ მოტივით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო წარდგენილი სს „მ. გ. გ. ს-ის“ მიმართ მიმართვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საზოგადოების ნება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება მეორე დამფუძნებელ პარტნორს, ე. პ-ს, ვინაიდან მისი წილი საზოგადოებაში შეადგენდა 30%-ს, მის მიერ განკარგულ წილზე საზოგადოების წესდების 5.1 მუხლით დადგენილია საზოგადოების პარტნიორთა უპირატესი შესყიდვის უფლება პარტნიორის მიერ დასათმობი წილის (წილის ნაწილის) შეძენაზე საზოგადოებაში მათი წილის პროპორციულად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უფლებამოსილი პირის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევა ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად, ვინაიდან კანონი ხელშეკრულების ხელშეკრულების ბათილობის ასეთ საფუძველს არ ითვალისწინებს. პალატა მიუთითებს, რომ წილის გასხვისების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ვერ იქნება უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობაზე.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლებზე, ასევე 518-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონმდებელი ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს არა უფლებამოსილი პირის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევას, არამედ შეთანხმებას უპირატესი უფლების გამოუყენებლობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევასთან კავშირი არა აქვს. შესაბამისად, არ არსებობს არც ე. პ-ის მიერ განკარგული წილის ნ. გ-ის სახელზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იმ მოტივით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო წარდგენილი სს „მ. გ. გ. ს-ის“ მიმართ მიმართვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საზოგადოების ნება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს ნ. გ-მა წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ნ. გ-ის მიერ მოხდა საზოგადოების 1%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - სს „მ. გ. გ. ს-ის“ ინფორმირება მის მიერ 17.10.2011 წელს გაფორმებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და წესდების შესაბამისად უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც ნ. გ-ს ეცნობა, რომ საზოგადოება უარს აცხადებდა წილის ან წილის ნაწილის უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობაზე.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ გ-ის სარჩელი შპს „მ. ს-ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში 17.10.2011 წლის წილის გასხვისების ხელშეკრულების შესაბამისად ცვლილებების განხორციელების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ვინაიდან ნ. გ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 28 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „მ. ს-ს“ პარტნიორად და 15% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ. გ-ი. კასატორის აზრით, აღნისნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ პრიმა პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან არ არსებობს დავის საგანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 17 აპრილს №19659 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური