№ას-350-331-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ზ-ე, გ. ზ-ე, ა. ზ-ე ე. ზ-ე
მესამე პირი – აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ., გ., ა. და ე. ზ-ების, მესამე პირის – აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ლ. ქუჩა №107-ში მდებარე, 36,37 კვ.მ №26 ბინის მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა და მოპასუხეების გამოსახლება ზემოაღნიშნული ფართიდან შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მითითებულ ბინაზე მას გააჩნია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – ორდერი, რომელიც გაცემულია მის სახლეზე და გადაეცა 2007 წლის 15 აპრილს. მოპასუხე ლ. ზ-მ იმ მოტივით, რომ ჰქონდა მიწის ნაკვეთი და სურდა საცხოვრებელი სახლის აშენება, მოსარჩელეს სთხოვა დროებით მის კუთვნილ ბინაში შესახლება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მოპასუხემ ბინა აღარ გაუთავისუფლა, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით ჯ დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1996 წლის 15 ოქტომბრიდან 2001 წლის 15 აგვისტომდე ჯ. დ-ე მსახურობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბათუმის გარნიზონში მექვაბედ-კაჩიგრად. 2001 წლიდან თავისივე სურვილით გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადაში ჯარისკაცად კაპრალის თანამდებობაზე, ხოლო 2003 წლიდან 2006 წლამდე - საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს ბათუმის ჰიდროგრაფიაში, სპეციალისტად. 2006-2007 წლამდე გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №3 ბაზის ბათუმის სამსახურში ხელშეკრულებით სურსათის სპეციალისტად, 2007 წლიდან 2009 წლამდე კი, ამავე სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, კერძოდ, კაპანდების სამხედრო ნაწილში შეიარაღებული საწყობების სპეციალისტად, 2009 წლიდან ის გაათავისუფლეს სამსახურიდან.
2007 წლის 15 აპრილს რფ თავდაცვის სამინისტროს წითელი დროშის ორდენოსანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ გაიცა №0488 ორდერი, რომლის საფუძველზეც, ჯ. დ-ს, როგორც ძირითად დამქირავებელს, გადაეცა ქ. ბათუმში, ლ-ის №107 კ ბინა №26 -ში 36,37 კვ.მ და 2007 წლის 9 ნოემბრის გადაცემის აქტით იგი შესახლდა აღნიშნულ ფართში;
2012 წლის 22 ოქტომბერის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და 2012 წლის 8 ოქტომბერის საქართველოს მთავრობის №1817 განკარგულების თანახმად, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა 10,34 კვმ მიწის ნაკვეთი და შენობა- ნაგებობა №1 ქ. ბათუმში , ლ-ის ქ, №107- კ.
2013 წლის 5 ივნისს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს № 01-9/2685 წერილით დასტურდება, რომ ჯ. დ-ს ქ. ბათუმში, ლ-ის ქ. №107 კ ბინა №26-ში მდებარე 36,37 კვ.მ ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა ქონების განკარგვის ფორმებთან დაკავშირებით და დღემდე აღნიშნული საკითხი არ გადაწყვეტილა.
ლ. ზ-ე სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს 2011 წლის თებერვლიდან. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებთან დაკავშირებით ბაზა №3 ბათუმის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ. ჩ-ის ზეპირი თანხმობა და ასევე, 2011 წლის 17 მაისის წერილის თანახმად, ქ, ბათუმი ლ-ის ქ. №107 კ 26 -ში დროებით სარგებლობისა და ელ.ენერგიის მომხმარებლად დარეგისტრირების მიზნით მიმართვა.
ლ. ზ-ე საქრათველოს თავდაცვის მინისტრის №2550 ბრძანებით 2007 წლის 16 აგვისტოს გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაციონალური ბაზის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურის ბუღალტრად;
ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა №3 ბათუმის სამსახურის უფროსიის მიმართვით, ბათუმის მომსახურების ცენტრს ეცნობა ლ. ზ-ის ახალ აბონენტად დარეგისტრირებისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის თაობაზე;
იგივე სამსახურმა 2011 წლის 17 მაისს ენერგოპროჯორჯიას აჭარის ფილიალს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც აცნობა, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ოჯახით ცხოვრობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ლ. ზ-ე, 2011 წლის თებერვალში გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რის საფუძველზეც, აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, ლ-ის ქ. №107კ თავდაცვის სამინისტროზე რიცხულ საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე;
2007 წლის 15 აპრილს რფ თავდაცვის სამინისტროს წითელი დროშის ორდენოსანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ გაიცა№0488 ორდერი, რომლის საფუძველზეც, ჯ. დ-ს, როგორც ძირითად დამქირავებელს, გადაეცა ქ. ბათუმში, ლ-ის №107 კ ბინა №26 -ში 36,37 კვ.მ ფართი და 2007 წლის 9 ნოემბრის გადაცემის აქტით ჯ. დ-ე შესახლდა აღნიშნულ ფართში;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 სექტემბრის №1817 განკარგულებით, გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;
2012 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზირა აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულება დაიდო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. სადავო ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად;
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესსა და ვადებს.
ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მითითებული დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 28 სექტემბერს მიიღო №1817 განკარგულება, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, ლ-ის ქ. №107კ - საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 სექტემბრის №1817 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე, 170.1-ე, 172.1-ე და არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზე, რომ ის სადავო ნივთის მართლზომიერი მფლობელია, რაც დასტურდება №0488 ორდერით. პალატის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მასზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა, სადავო ფართზე მისი მართლზომიერი მფლობელობა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადავო ფართი, რფ თავდაცვის სამინისტრო წითელი დროშის ორდენოსანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის საკუთრებას წარმოადგენდა, რაზეც ამ უკანასკნელმა გასცა ორდერი თ. დ-ის სახელზე. რადგან საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და არა რფ თავდაცვის სამინისტრო წითელი დროშის ორდენოსანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის საკუთრებას, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი №0488 ორდერის საფუძველზე, ჯ. დ-ე არ მიიჩნია სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად, რაც მისი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ჯ დ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ გაიზიარა საქმეში არსებული ერთი მხარის მტკიცებულება, ამასთან მას საქმეზე არსებული მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა ერთობლივად, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ არც კი შეისწავლა საქმეში არსებული მასალები.
კასატორის აზრით, პალატამ ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში ცხოვრობენ 2011 წლიდან ბაზა №3 ბათუმის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზეპირი თანხმობისა და 2011 წლის 17 მასისი წერილის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ბაზა №3 ბათუმის სამსახურის უფროსისი მოვალეობის შემსრულებელს საერთოდ ჰქონდა თუ არა უფლება, თანხმობა მიეცა მოპასუხეების სადავო ბინაში შესახლებისა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებად დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში 2011 წლის 17 მაისის მომართვის საფუძველზე დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის აბონენტად, არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, მოპასუხეთა ოჯახი, ზემოაღნიშნული მომართვის საფუძველზე დარეგისტრირდნენ თუ არა ელექტროენერგიის აბონენტად და როდიდან.
კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ სადავო ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შესაბამისად, არასწორია მოსაზრება, რომ სადავო ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის განმარტებით, სასამართლო მსჯელობს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და არა ორდერის გამცემ რფ თავდაცვის სამინისტროს წითელი დროშის ორდენოსანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის საკუთრებას, შესაბამისად, ორდერი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და ჯ. დ-ე არამართლზომიერი მფლობელია. აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს კასატორი და აღნიშნავს, რომ არავის გაუხდია სადავოდ ორდერის კანონიერება, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 22 აპრილს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური