Facebook Twitter

№ას-356-335-2014 23 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული 10500 აშშ დოლარისა და 810 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მან დაქორწინების შემდეგ გვარი - შ-ი შეიცვალა და გახდა ლ. ფ-ი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ისნის რაიონში, საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ქვ.მელითონეთა, იგივე ქვემო მეტალურგებისა და ამჟამინდელ წმ. ბარბარეს დასახლებაში, ა. დ-ე ჰყიდდა მის საკუთრებაში არსებულ სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთს. ლ. ფ-მა ა. დ-ს, საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმების გარეშე, უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით, მისი შვილის - ა. თ-ის თანდასწრებით გადასცა 10500 აშშ დოლარი, რაზეც შედგა შინაურული ხელწერილი. მოსარჩელემ ცოტა ხნის შემდეგ მიიყვანა მუშები, გაათხრევინა საძირკველი და მოპასუხის თანდასწრებით ჩაასხა ბეტონის ფუნდამენტი, თუმცა მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, რომლებმაც მოსარჩელეს აცნობეს, რომ უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებაში არ იყო დარეგისტრირებული, რის გამოც მან ა. დ-ს მოსთხოვა გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. მოპასუხე აიმედებდა, რომ ის მალევე გადაიფორმებდა და მოსარჩელეს გადასცემდა მის მიერ შეძენილ ქონებას. ლ ფ-ს, რომელიც მოპასუხისგან ელოდებოდა მის მიერ გაყიდული ქონების გადაფორმებას, არ შეეძლო საკუთარი სახელით გადაეხადა საყოფაცხოვრებო გაზის მაგისტრალის მონტაჟისა და წყლის შესაყვანად თანხა, რის გამოც მან ა. დ-ს გადასცა 810 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემოდგომაზე მოპასუხემ დაიკანონა უძრავი ქონება, დანაპირები არ შეასრულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ფ-მა მოითხოვა მოპასუხისათვის 10500 აშშ დოლარისა და 810 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. დ-ს ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10500 აშშ დოლარის გადახდა, ა. დ-ს ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა 510 ლარის ა. დ-სათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდგი ფაქტობრივი გარემოებები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ 2009 წლის ივლისში ა. დ-ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობაზე, მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ლ. ფ-მა ა. დ-ს გადასცა 10500 აშშ დოლარი. საბოლოოდ ხელშეკრულება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე კანონით დადგენილი ფორმით არ დადებულა.

დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შესადგენად მოპასუხეს გადასცა 300 ლარი. მოპასუხემ შეადგინა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და შემდგომ, რეგისტრაციის მიზნით, წარადგინა საჯარო რეესტრში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.-ე, 976.1-ე, 183-ე, 59.1-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არსებული გარიგება უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე ბათილია ფორმადაუცველობის გამო, მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ამ გარიგების საფუძველზე, ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხისათვის გადახდილი 10500 აშშ დოლარის დაბრუნება.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მოცემულ მსჯელობას მასზე, რომ მოპასუხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მოსარჩელე ლ. ფ-ის ქმედების შედეგად, პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე დავის განხილვისას ა. დ-ს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოცემული სარჩელის ფარგლებში, ემსჯელა ა. დ-ის მიერ მითითებული გარემოებების საფუძვლიანობის საკითხზე.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შესადგენად გადახდილი 300 ლარი ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედებით მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი: გაიჩეხა მრავალწლიანი ხეხილის ნარგავები, რაც მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ამასთან, მის მიწის ნაკვეთზე სახლის ასაშენებლად ლ. ფ-მა მოაწყო ფუნდამენტი, რომლის აღება დაკავშირებულია მნიშვნელოვან დანახარჯებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი – ა დ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური