Facebook Twitter

№ას-400-377-2014 23 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ჯ-ა“, შპს „ბ-ი-ი“, შპს „მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.............. ნ.ვ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…….. ნ.ვ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-ისა“ და შპს „ბ-ი-ის“ წინააღმდეგ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე, თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 17 ნოემბერს შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-სს“, შპს „ბ-ი-სა“ და შპს „............ ნ.ვ-ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება - ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის №13 პროექტის ფარგლებში უფლება-მოვალეობების დათმობისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი რეგულირების შესახებ, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროექტით გათვალისწინებულ პრივატიზების პროცესში დაგეგმილი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მყიდველებიც, შპს „ბ-ჯ-ას“ გარდა ჩანაცვლებული იქნებოდნენ შპს „მ-ი“ და შპს „ბ-ი-ი“. მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ შპს „ბ-ჯ-ა“ ვალდებულებას იღებდა, საკუთრების უფლებით გადაეცა შპს „................ ნ.ვ-სთვის“ შპს „ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ წილის 100%, რომლის ღირებულებაც, მხარეთა შეთანხმებით, შეადგენდა 6 000 000 აშშ დოლარს. შპს „............... ნ.ვ-მ“ შპს „ბ-ჯ-ას“ გადასცა 1 300 000 აშშ დოლარი. მხარეები თანხმდებოდნენ მასზე, რომ დაგეგმილი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, შპს „.................. ნ.ვ-ს“ წინაშე სოლიდარულად აღიარებდნენ 1 300 000 აშშ დოლარის ვალდებულებას. მხარეები მზად იყვნენ დავალიანება დაეფარათ იმ სახით, რომ ერთი თვის განმავლობაში მოსარჩელისათვის საკუთრების უფლებით გადაეცათ „ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ კუთვნილი უძრავი ქონების არსებული დავალიანების – 1 300 000 აშშ დოლარის ადეკვატური ნაწილი, შპს „................. ნ.ვ“ კი, უფლებას იტოვებდა 2008 წლის 31 დეკემბრამდე შპს „ბ-ჯ-ასთვის“ გადაეხადა უძრავი ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილი – 4 700 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც იგი გახდებოდა „ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის“ კლინიკური საავადმყოფოს საწესდებო კაპიტალის ან საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების 100%-ის მესაკუთრე. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-ისა“ და შპს „ბ-ი-ის“ მხრიდან 2008 წლის 17 ნოემბრის გარიგების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მიმართ დაკარგა ინტერესი. მოპასუხეებს ვალდებულებების შესრულება არ შეუძლიათ, რის შედეგადაც შპს „.......... ნ.ვ“ გადის მხარეთა მიერ შედგენილი გარიგებიდან და მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს 1 300 000 აშშ დოლარი.

მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ შპს „ბ ჯ-ამ“ მოსარჩელისთვის შპს „ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის გადაცემა ვერ განახორციელა, ვინაიდან თავად ვერ გახდა დასახელებული საწარმოს მესაკუთრე. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ შპს „............ ნ.ვ. -ს“ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს „.................. ნ.ვ.-ს“ სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ ჯ-ას“ შპს „................. ნ.ვ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 300 000 აშშ დოლარი. შპს „................... ნ.ვ.-ს“ სასარჩელო მოთხოვნები შპს „მ-ის“ და შპს „ბ ი-ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შპს „ბ ჯ-ას“ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელთან და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5150 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით დავის საგნის 4% დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „მ-ს“ (ს/კ ...........) აეკრძალა შპს „ბ ჯ-ში“ მის საკუთრებაში რიცხული 50% წილის გასხვისება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

შპს „..................... ნ.ვ-მ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

შპს „ბ-ჯ-ამ“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „................ ნ.ვ -ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „................. ნ.ვ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-ს“, შპს „ბ-ი-ს“ დაეკისრათ შპს „.................. ნ.ვ -ს“ სასარგებლოდ 1 300 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-ს“, შპს „ბ-ი-ს“ დაეკისრათ შპს „.................. ნ.ვ -ს“ სასარგებლოდ 12 150 ლარის ანაზღაურება, შპს „ბ-ჯ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახ. ბაჟის - 7000 ლარის გადახდა.

პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 ივნისის N380-ე განკარგულების შესაბამისად, შპს „............... ნ.ვ-ს“, შპს „ბ ჯ-ას“, შპს „პ-ს“ და შპს „ა-ფ-ას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ განკარგულების დანართში მითითებული ქონება;

2008 წლის 4 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ბ ჯ-ას“, შპს „პ-ფ-ას“, შპს „ა-ფ-ას“, ასევე შპს „.............. ნ.ვ.-ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართებში მითითებული ქონების პირობადადებულ საკუთრებაში გადაცემა;

2008 წლის 17 ნოემბერს შპს „............... ნ.ვ. -ს“, შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „მ-ს“ და შპს „ბ-ი-ს“ შორის გაფორმდა გარიგება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის N13 პროექტის ფარგლებში უფლება-მოვალეობების დათმობისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი რეგულირების შესახებ.

ზემოაღნიშნული გარიგებით მოსარჩელემ თანხმობა გამოხატა, დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის N13-ე პროექტით გათვალისწინებული და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-ვალდებულებანი მხოლოდ იმ პირობით, რომ ძალაში დარჩებოდა 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება.

მხარეთა შეთანხმებით, შპს „ბ-ჯ-ამ“ იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით, საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელისთვის „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ წილის 100%, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ბალანსზე აღრიცხული და საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული იქნებოდა გადასაცემი ორგანიზაციის კუთვნილი უძრავი ქონება;

ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ქონებისა და, შესაბამისად, 100% წილის ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა 6 000 000 აშშ დოლარით;

2008 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით, შპს „................ ნ.ვ“ და შპს „ბ-ჯ-ა“ ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს შპს „ბ-ჯ-ასთვის“ გადახდილი აქვს 1 300 000 აშშ დოლარი, რომელიც შეესაბამება ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს წილის 21,67%-ს.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ბ-ჯ-ამ“ „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ ქონებისა და, შესაბამისად, საზოგადოების 100% წილი საკუთრებაში ვერ მიიღო. ამიტომ მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას, შეასრულოს 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა და მოსარჩელეს 4 700 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გადასცეს საწესდებო კაპიტალის 100 %. შპს „ბ-ჯ-ამ“ მოსარჩელისთვის „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ საწესდებო კაპიტალის 100%-ის გადაცემის კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა. ამასთან, შპს „................. ნ.ვ. -ს“ არც „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ საწესდებო კაპიტალის 21,67% აქვს მიღებული.

პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო გახდა სასამართლოს მიერ 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შინაარსის განმარტება, კერძოდ, წარმოშობს თუ არა აღნიშნული ჩანაწერი შპს „ბ-ჯ-სთან“ ერთად, შპს „მ-ისა“ და შპს „ბ ი-ის“ სოლიდარულ ვალდებულებას.

პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებით, მხარეებმა შპს-ებმა: „.............. ნ.ვ.-მ“, „მ-მა“, „ბ-ჯ-ამ“, „ბი-მა“ შეათანხმეს ჰოსპიტალური განვითარების მიზნით პროექტის ფარგლებში ერთმანეთს შორის არსებული ურთიერთ-ვალდებულებები.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, შპს „ბ-ჯ-ა“ ვალდებულებას იღებდა „................ ნ.ვ-სთვის“ გადაეცა „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ წილის 100%, 6 000 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ქონება გათვალისწინებული იყო იმ დანართში, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით, კერძო კომპანიებისთვის პირობადებულ საკუთრებაში გადასცემ ქონებათა ნუსხა. შეთანხმების მომენტისთვის მოსარჩელის მიერ შპს „ბ-ჯ-სთვის“ გადახდილი იყო 1 300 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა „ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს“ წილის 21,67%-ის ღირებულებას. წილის ღირებულების დარჩენილი ნაწილი გადახდილი იქნებოდა 2008 წლის 31 დეკემბრამდე, რის შედეგადაც „..................... ნ.ვ.“ ხდებოდა წილის 100%-ის მესაკუთრე. ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრივატიზაციის პროცესში დაგეგმილი ცვლილებების შემთხვევაში „მ-ი“, „ბ-ჯ-ა“, „ბი-ი“ იღებდნენ ვალდებულებას ეღიარებინათ 1 300 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. (მე-4 პუნქტი);

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შპს-ების: „მ-ის“, „ბ-ჯ-ას“ და „ბი-ის“ საკუთრების მიღების მოწმობის შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთავდნენ საზოგადოების ქონებას მოსარჩელის სასარგებლოდ შპს-ების „მ-ის“, „ბ-ჯ-ას“ და „ბი-ის“ ვალდებულების (1 300 000 აშშ დოლარის) უზრუნველსაყოფად (მე-11 პუნქტი);

2010 წლის 22 აპრილის წერილით, „...................... ნ.ვ-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ კომპანიები „მ-ი“, „ბ-ჯ-ა“ და „ბი-ი“ ელიან თანხმობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისთვის წილის გადაფორმება, შესაბამისად, 2010 წლის 22 აპრილს, მოპასუხეები კვლავ ადასტურებდნენ ვალდებულების არსებობას მოსარჩელის წინაშე.(ს.ფ.164)

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საბოლოოდ მოსარჩელისთვის კუთვნილი ქონება მოპასუხეებს არ გადაუციათ, ვინაიდან ცვლილებები განიცადა თავად პრივატიზების პროცესმა, არ მომხდარა ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

სასამართლოს მითითებით, სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის არსებული პირობების შეუსრულებლობის გამო, დავის მხარეთა შორის არსებული 2008 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეთაგან მოსარჩელისთვის წილის გადაცემის თაობაზე არ შესრულდა. შეთანხმების პირობების მხარეთა ნების გათვალისწინებით განმარტების შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ფაქტობრივად, 2008 წლის 17 ნოემბერს, მოპასუხეებმა დაადასტურეს მოსარჩელის მიერ, შპს „ბ-ჯ-სთვის“ გადასაცემი წილის ნაწილის (21,67%) ღირებულების, 1 300 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი (შეთანხმების მე-3 პუნქტი) და იმავდროულად იკისრეს ვალდებულება, როგორც მოსარჩელისთვის ქონების (წილის) გადაცემის (მე-5, მე-6 პუნქტები), ასევე პრივატიზების პროცესში ცვლილებების შემთხვევაში მოსარჩელის წინაშე ვალის დაფარვის შესახებ (მე-4 პუნქტი). საგულისხმოა, რომ მოპასუხეებმა იკისრეს საკუთრების მოწმობის მიღების შემთხვევაში ქონების იპოთეკით დატვირთვის ვალდებულება მათ მიერ ერთობლივად გადასახდელი თანხის ( 1300 000 აშშ დოლარის ) უზრუნველსაყოფად (მე-11 პუნქტი);

სადავო არ არის, რომ არ შესრულდა 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ვერ განხორციელდა სახელმწიფოს მხრიდან ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რაც მხარეთა შორის არსებულ 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილ უფლება-მოვალეობებზე აისახება იმ სახით, რომ მოსარჩელე ვეღარ მოითხოვს წილის გადაცემას მოპასუხეთაგან. თავად 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულება ნამდვილია, შესაბამისად, იგი წარმოადგენს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველს. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით მოპასუხეებმა აღიარეს მოსარჩელის წინაშე შპს „ბ-ჯ-სთვის“ გადაცემული თანხის სოლიდარულად დაბრუნების ვალდებულება კონკრეტული პირობის არსებობისას. რადგან პირობა სახეზეა, მათ უნდა დაეკისროთ დავალიანების ერთობლივად ანაზღაურება.

პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პირობების განმარტება გრამატიკული ანალიზით უნდა მოხდეს და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო გამოთქმების სიტყვითი მნიშვნელობა, არამედ ნების გამოვლენა უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად. პალატის მიერ ზემოაღნიშნული, ხელშეკრულების პირობების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა ერთმნიშვნელოვნად აღიარეს ერთობლივად ვალდებულების არსებობა მოსარჩელის წინაშე, როგორც სახელმწიფოსგან საკუთრების მიღებისას წილის გადაცემის, ასევე საკუთრების მიღების დაბრკოლების შემთხვევაში „ბ-ჯ-სთვის“ მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხის ერთობლივად დაბრუნების შესახებ.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ 2008 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაკისრებიდათ მოსარჩელის მიმართ 1 300 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

პალატამ არ გაიზიარა შპს „ბ-ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრის მოსაზრებები, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითა კომპანიების „მ-ის“, „ბ-ჯ-ასა“ და „ბი-ის“ 2010 წლის 22 აპრილის წერილზე (ს.ფ. 164), რომლის მიხედვითაც, 2010 წელს მოპასუხეები ჯერ კიდევ იმედოვნებდნენ პრივატიზაციის პროცესის წარმატებით განვითარებას, რა მიზნითაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ამდენად, 2010 წელს პრივატიზაციის პროცესის ცვლილება (ფაქტობრივად ჩაშლა), რაც მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენს ჯერ კიდევ არ იყო სახეზე, რის გამოც, არც თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნდა მოსარჩელეს. შესაბამისად, პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს ის დრო, როდესაც მას ეცნობა, ან უნდა სცოდნოდა პრივატიზების პროცესის ცვლილების შესახებ, რაც 2010 წლის აპრილის შემდგომ მოხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ბ-ჯ-ამ“, შპს „ბ-ი-მა“ და შპს „მ-მა“, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ მოითხოვა იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შპს „ბ-ჯ-ამ“ მოწინააღმდეგე მხარისგან მიიღო 1 300 000 აშშ დოლარი, კერძოდ, მხარეს არ წარმოუდგენია საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ფორმითაც ძირითადად ხდება იურიდიულ პირებს შორის თანხის გადაცემა. აღნიშნული გარემოება კი, ცხადყოფს, რომ სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „ბ-ი-ისა“ და შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „ბ-ი-ისა“ და შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „ბ-ი-ისა“ და შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% –5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ-ჯ-ას“, შპს „ბ-ი-ისა“ და შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ შპს „ბ-ჯ-ას“ მიერ 2014 წლის 7 მარტს №15 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური