საქმე №ას-413-390-2014 16 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს „E. D-T“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
2. ა. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - ხელშეკრულების მოშლა, შენატანის დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „E. D-T-ის“ მიმართ მოსარჩელესა და შპს „K. I-T-ს“ (უფლებამონაცვლე შპს „E. D-T“) შორის 2009 წლის 1 სექტემბერს შორის მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის სამომავლო ნასყიდობის შესახებ დადებული შეთანხმების შეწყვეტის, მის მიერ განხორციელებული შენატანის - 10 000 აშშ დოლარის დაბრუნებისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის - 3 416 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შედეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა შორის 2009 წლის 1 სექტემბერს დადებული შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2011 წლის დეკემბრამდე მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომაროებაში გადაეცა ქ.ქობულეთში, ა-ს N554-ში, მე-6 სართულზე მდებარე 55,6 კვ.მ N23 ბინა. ნასყიდობის საგნის ღირებულება მხარეებმა განსაზღვრეს 27 800 აშშ დოლარით. ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, 2009 წლის 2 სექტემბერს ა.ს-მ მოპასუხეს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი.
მიუხედავად უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულების ვადის ამოწურვისა, მშენებლობა დასრულებული არ არის, რის გამოც მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი ხელშეკრულების მიმართ.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, აღნიშნული მოსარჩელემ დაუკავშირა კომერციულ ბანკში თანხის ანაბარზე განთავსებას, რის შედეგადაც იგი მიიღებდა წლიურ 10%-ს. სარგებლის მითითებული ოდენობისა და მოსარჩელის მეირ თანხის უსაფუძვლოდ ფლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით კი, მიიღებდა შემოსავალს 3 416 აშშ დოლარს.
მოპასუხემ შპს „E. D-T-მა“ სარჩელის ნაწილობრივ, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ს-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2009 წლის 1 სექტემბრის შეთანხმების შეწყვეტა, ასევე მოპასუხისათვის ზიანის - 17 800 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ა. ს-მ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, გადაეხადა ნასყიდობის თანხა, კერძოდ, 10 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2010 წლის 5 ოქტომბრისათვის, ხოლო 7 800 აშშ დოლარი - 2010 წლის 5 დეკემბრისათვის. ა. ს-ს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა) შეწყვეტილად ჩაითვალა მოსარჩელე ა. ს-სა და მოპასუხე შპს „K. I-T-ს“ (ამჟამად შპს „E. D-T“) შორის 2009 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის (ბინის) სამომავლო ნასყიდობის შესახებ;
ბ) შპს „E. D-T-ს“ ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ მხარეთა შორის 2009 წლის 1 სექტემბრის შეთანხების თანახმად განხორციელებული შენატანის - 10 000 აშშ დოლარის დაბრუნება;
გ) შპს „E. D-T-ს“ ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 3416 აშშ დოლარის ანაზღაურება;
დ) შპს „E. D-T-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „E. D-T-მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „E. D-T-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება შპს „E. D-T-ისათვის“ ა. ს-ის სასარგებლოდ 3 416 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 1 სექტემბერს, ა. ს-სა და მოპასუხე შპს ”K. I-S-ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება „მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის (ბინის) სამომავლო ნასყიდობის შესახებ“.
ხელშეკრულების მიხედვით, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა გამყიდველსა და მყიდველს შორის ქ.ქობულეთში, ა-ს N554-ში, მშენებარე კომპლექსში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე უძრავი ქონების ნასყიდობის სამომავლო ხელშეკრულების გაფორმება, ამ შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, მომავალი ნასყიდობის საგანს შეადგენდა ქ.ქობულეთში, ა-ს ქუჩა №554-ში მდებარე კომპლექსში, მე-6 სართულზე მდებარე 55.6 კვ.მ (აივნების ფართის ჩათვლით) №23 ბინა.
მყიდველს ბინა ჩაბარდებოდა არა უგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა შემდეგ მდგომარეობაში:
1. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულებული;
2. შენობის ფასადი დასრულებული;
3. სადარბაზო მოპირკეთებული და შეღებილი;
4. დამონტაჟებული ლიფტები;
5. ბინის შესასვლელი რკინის კარი;
6. ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ ფანჯარა მინაპაკეტით;
7. ტიხრები ამოყვანილი მყიდველთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით;
8. ელ. გაყვანილობის დგარი ბინაში შეყვანილი;
9. კედლები სუფთად გალესილი ცემენტის ხსნარით;
10.იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით;
11.წყლისა და კანალიზაციის ვერტიკალური დგარები მიყვანილი ბინაში;
12.ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა ბინაში მიყვანილი.
მხარეთა შეფასებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება 27 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა (გადახდის დღისათვის მოქმედი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით). ღირებულებაში შედიოდა დამატებითი ღირებულების გადასახადი.
მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა საავანსო გადახდის გზით, თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენდა ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მისი შეტანის ან გადარიცხვის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადას გადააცილებდა ერთ თვეზე მეტი ხნით, გამყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა და ზიანის ანაზღაურება.
უძრავი ქონება მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცემოდა სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე.
გამყიდველი იღებდა ვალდებულებას, მყიდველისთვის ნასყიდობის საგანი გადაეცა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკუთრების უფლების გადასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ მყიდველზე, რომელიც სრულად გადაიხდიდა ქონების ღირებულებას.
მხარეთა შეთანხმებით, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, ხელშეკრულება ვადამდე შეიძლებოდა შეწყვეტილიყო თუ: ა) მყიდველი დააგვიანებდა საავანსო თანხის შეთანხმებული გრაფიკის (დანართი) მიხედვით გადახდას 1 თვით; ბ) გამყიდველმა განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელებას და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მყიდველის მიერ ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ან საავანსო გადახდის ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი გრაფიკის დარღვევა იქნებოდა, მაშინ იგი კარგავდა მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხიდან ბინის ღირებულების 15%-ის მოთხოვნის უფლებას და ეს თანხა დარჩებოდა გამყიდველის საკუთრებაში.
2009 წლის 2 სექტემბერს ა. ს-მ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხის გადახდის დრო განისაზღვრა გრაფიკით:10 000 აშშ დოლარი - 2010 წლის 5 ოქტომბრამდე; 7 800 აშშ დოლარი - 2010 წლის 5 დეკემბრამდე.
2012 წლის 19 აპრილს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება შპს „K. I-T-ის“ საფირმო სახელწოდებაში და იურიდიული პირის სახელწოდებად დარეგისტრირდა შპს „E. D-T“ საიდენტიფიკაციო კოდით …………...
შპს „E. D-T-ს“ ა. ს-სთან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია, მოსარჩელისათვის გადასაცემი ქონების მშენებლობა არ დასრულებულა და საცხოვრებელი ფართი ა.ს-ს არ გადასცემია, ხოლო ა. ს-ს შენატანი სრულად არ განუხორციელებია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოებისა და დანახარჯების ღირებულების თაობაზე 2010 წლის აპრილში შედგენილი ფორმა №3-ით შპს „K. I-T-ის“ დაკვეთით, ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში საცხოვრებელი სახლის ე.წ „შავი“ კარკასის მშენებლობაზე მენარდე შპს „ა-მა“ შეასრულა 1 215 569 ლარის სამუშაოები. გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების მიღების №10 აქტი.
შესრულებული სამუშაოების მიღების №10 აქტის თანახმად, 2010 წელს, ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში საცხოვრებელი სახლის ე.წ „შავი“ კარკასის მშენებლობაზე მენარდე შპს „ა-მა“ შეასრულა სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: კედლების წყობა, ლიფტის შახტის კედლების, კიბის საფეხურებისა და ბაქნების, ასევე გადახურვის ფილების მოწყობა.
მხარეები ადასტურებდნენ, რომ საქმეში განთავსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ე.წ „შავი“ კარკასი იყო. ფოტოსურათებით კი ირკვეოდა, რომ საცხოვრებელი სახლის კედლები ამოყვანილი, ხოლო ზოგიერთ ბინაში კარ-ფანჯარა იყო ჩასმული.
დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 323-ე მუხლით, 327-ე მუხლის პირველი და მ-3 ნაწილებით და განმარტა, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც. ამავე კოდექსის 629-ე და 648-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება სამართლებრივად წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას, რომელიც იმავდროულად მოიცავდა შეთანხმებას, მომავალში ნარდობის საგანზე - უძრავი ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, კერძოდ, მენარდე, შპს „E. D-T-ი“ (იგივე შპს „K. I-T“) ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში მდებარე, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ა ს-მ, მენარდე შპს „E. D-T-ს“ (იმავე შპს „K. I-T-ს“) შეუკვეთა კონკრეტულ მისამართზე მშენებარე სახლში მე-6 სართულზე 55.6 კვ.მ ფართის (აივნების ფართის ჩათვლით) №23 ბინის აშენება და გადაიხადა მისი ღირებულების ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი. მენარდემ იკისრა ვალდებულება, აშენებულ უძრავ ქონებაზე მომავალში გაფორმებული ხელშეკრულებით, ა.ს-სათვის გადაეცა საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 319-ე, 323-ე და 327-ე მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა ნარდობის, ასევე საცხოვრებელი ფართის სამომავლო ნასყიდობის შესახებ შეთანხმებიდან.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები განხილული უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნასყიდობის თავით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში. სასამართლოს განმარტებით, 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების დადების დროისათვის ნასყიდობის ობიექტი არ არსებობდა, რაც გამორიცხავდა არარსებულ ობიექტზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. საპირისპირო ვითარებაშიც კი, პალატის მოსაზრებით, შპს „E. D-T-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ა.ს-ის სასარგებლოდ მაინც დაეკისრებოდა წინასწარ შეტანილი 10 000 აშშ დოლარის დაბრუნება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 405-ე და 352-ე მუხლებისა, რადგანაც დადგენილი იყო მენარდის მიერ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (არა უგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა ა. ს-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მყოფი ბინა არ ჩაბარებია მფლობელობაში), საცხოვრებელი ბინის მშენებლობა სასამართლოში დავის განხილვის დროისათვის დასრულებული არ იყო და ა.ს-ს 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთი არ გადასცემია, რის გამოც სადავო ურთიერთობაში შპს „E. D-T-მა“ ვალდებულება არსებითად დაარღვია (ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდგომაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის და გაურკვეველია, რა ვადა დასჭირდება მენარდეს მშენებლობის დასასრულებლად). ვინაიდან, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადას მოპასუხე საქმის განხილვის ეტაპზეც ვერ განსაზღვრავდა, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლებიდან გამომდინარე, ა.ს-ს უფლება ჰქონდა, დამატებითი ვადის დაწესების გარეშე უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
ზიანის ანაზღაურების თაობაზე ა.ს-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 411-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ა.ს-ე მოითხოვდა 2009 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს „E. D-T-ისათვის“ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ თანხის კომერციულ ბანკში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, მას შეეძლო, მიეღო საპროცენტო სარგებელი წლიური 10%-ის ოდენობით. მოპასუხისთვის გადახდილი 10 000 აშშ დოლარის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, 2013 წლის თებერვლის მდგომარეობით ა.ს-ე მიიღებდა სარგებელს 3 416 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე, 55.6 კვ.მ (აივნების ფართის ჩათვლით) №23 ბინის შეძენა და შპს „E. D-T-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ა.ს-ე მიიღებდა ბინას და არა სხვაგვარ შემოსავალს. ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის გადაცემული თანხის სხვაგვარი გამოყენებით მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4, 103-ე, 105-ე, მე-5 მუხლებზე და განმარტა, რომ სადავოს არ წარმოადგენს ა. ს-ის მიერ 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, თანხის სრულად გადაუხდელობით ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად ა.ს-მ დაასახელა ის ფაქტი, რომ გადახდის გრაფიკით განსაზღვრული დროისათვის მშენებლობა არ გრძელდებოდა და საცხოვრებელი სახლი ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც 2009 წლის 9 სექტემბერს. ამ ფაქტის დასადასტურებლად, ა.ს-ე შემოიფარგლა, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით. შპს „E. D-T-მა“ მოსარჩელეს მიერ მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად წარმოადგინა შესრულებული სამუშაოებისა და დანახარჯების ღირებულებაზე 2010 წლის აპრილში შედგენილი ფორმა №3, რომლის საფუძვლადაც მითითებული შესრულებული სამუშაოების მიღების №10 აქტი და მშენებარე საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი ფოტოსურათები. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „E. D-T-ის“ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები საკმარისი იყო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2009 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2010 წლის აპრილში, ქ.ქობულეთში, ა-ს №554-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდებოდა, შესაბამისად, ა. ს-ის ახსნა-განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსათვის საკმარისსა და სარწმუნოს არ წარმოადგენდა, რადგანაც ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დადასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებულ იქნა აპელანტის მსჯელობა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა ა.ს-ის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის არასებობის თაობაზე არასწორი იყო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმა არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ და წარმოადგენს გარიგებას. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამგვარი ნების გამოვლენა ნამდვილად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც იგი მეორე მხარეს მიუვა. განსახილველ შემთხვევაში, ა ს-ის ნება იმის შესახებ, რომ უარს ამბობდა ხელშეკრულებაზე, შპს „E. D-T-ს“ მიუვიდა მას შემდეგ, რაც ა.ს-მ აღძრა სარჩელი. ამის გამო, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა ა. ს-ის სარჩელის შპს „E. D-T-ისათვის“ ჩაბარების მომენტიდან - 2013 წლის 14 მარტიდან.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 10.3 პუნქტის დათქმა მყიდველის მიერ საავანსო გადახდის დადგენილი გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბინის ღირებულების 15%-ის დაკისრების თაობაზე, მიიჩნია მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე წერილობით შეთანხმებად, თუმცა ჩათვალა, რომ ხელშეკრულების ამ პუნქტში დაფიქსირებული ზიანის (პირგასამტეხლოს) ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამყიდველს, მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა, თუკი ამ საფუძვლით შეედავებოდა მყიდველს და მოითხოვდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას. შპს „E. D-T-მა“ კი, 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სარჩელი მას შემდეგ წარადგინა, როცა ანრი სიდამონიძის ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უკვე მიღებული ჰქონდა და ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო, რის გამოც შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის (პირგასამტეხლოს) სახით 17 800 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
სასამართლომ აპელანტის ეს მოთხოვნა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგანაც ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მიხედვით, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო 27 800 აშშ დოლარის 15%-ით, რაც 4 170 აშშ დოლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „E. D-T-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს „E. D-T-ის“ მიერ მითითებული საფუძვლით ვინაიდან ვალდებულება კვლავ შესრულებული არ არის და მოსარჩელეს ნივთი განსაზღვრულ მდგომარეობაში არ ჩაბარებია. მშენებლობის დაუსრულებლობის ფაქტი საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, ამასთანავე, ა.ს-მ შესაგებლით ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ა.ს-ის მიერ ვალდებულების დარღვევის მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც დაუსაბუთებელს ხდის სასამართლოს მსჯელობას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს შესრულების ვალდებულება წარმოეშობოდა ა.ს-ის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდგომ. ეს გარემოება დასტურდება ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტებით (5.2; 7.1; 9.2 პუნქტები). ამდენად, კასატორს, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე საპირისპირო შესრულების მიღებამდე.
სასამართლო მიუთითებს შპს „E. D-T-ის“ მიერ ვალდებულების დარღვევაზე, თუმცა ყურადღებას არ ამახვილებს ამავე ვალდებულების ა.ს-ის მიერ დარღვევაზე, კერძოდ, 2010 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ თავად დაარღვია ვალდებულება, როდესაც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. იმ თვალსაზრისით, რომ შპს „E. D-T-ი“ ვალდებულებას ასრულებდა, წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები: ფორმა N2-ები და სამუშაოს შესრულების აქტები, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა ა.ს-ის მტკიცება, რომ 2010 წელს აღარ მიმდინარეობდა მშენებლობა, ხოლო ა.ს-მ ხელშეკრულების მიმართ ინტერესი დაკარგა. ამასთანავე, სწორედ მოსარჩელის ვალდებულება იყო, დაემტკიცებინა მის მიერ მითითებული გარემოებები. ამასთანავე, საქმის მასალებში, გარდა ფოტომასალისა, რომელსაც არ აქვს მითითებული თარიღი, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ შპს „E. D-T-ს“ ვალდებულება არ შეუსრულებია. ა. ს-ის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგება წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას. ნარდობის ხელშეკრულებას გააჩნია თავისი არსებითი ნიშნები, რითაც განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან. სადავო გარიგების ნასყიდობის ხელშეკრულებად მიჩნევის აუცილებლობას განაპირობებს გაეროს 1980 წლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ვენის კონვენციის 3.1 მუხლიც, ასევე სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამდენად, სადავო გარიგება სასამართლოს უნდა მიეჩნია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, რომლიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიც განსხვავებულად არის რეგულირებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ს-მაც, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის 1-3, მე-5 და მე-6 ნაწილები) გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. სასამართლომ შეფასება მისცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ 2010 წლის აპრილში შედგენილ ფორმა N3-სა და სამუშაოების მიღების N10 აქტს იმგვარად, რომ არ გაითვალისწინა კასატორის პოზიცია მათი მტკიცებულებად არმიჩნევისა და სასამართლოს მიერ გაზიარების შეუძლებლობის თაობაზე. ამ საპროცესო დარღვევის შედეგად სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2010 წლის აპრილში მშენებლობა გრძელდებოდა.
არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების მიზანს კონკრეტული ბინის მიღება და არა სხვაგვარი შემოსავლის მიღება იყო, შესაბამისად, შპს „E. D-T-ის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ა.ს-ე სხვაგვარ შემოსავალს ვერ მიიღებდა. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 407-408-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მისი ქონებრივი სიკეთის ხელყოფა განპირობებული იყო შპს „E. D-T-ის“ ბრალეული ქმედებით. კასატორს გადახდილი ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა ამ გადახდას მოწინააღმდეგე მხარის მიერ საპასუხო შესრულება არ მოჰყოლია. მშენებლობის დაუსრულებლობის გამო, კასატორისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო და ასეთი შემთხვევისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას. ამასთანავე, სახეზეა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ყველა ელემენტი, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. კასატორს მოპასუხისათვის გადაცემული თანხა შეეძლო განეთავსებინა კომერციულ ბანკში ანაბარზე და მიიღებდა წლიურ 10%-ს, რაც 2013 წლის თებერვლისათვის 3 416 აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით შპს „E. D-T-ის“ ასევე ა. ს-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „E. D-T-ისა“ და ა. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „E. D-T-ისა“ და ა. ს-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „E. D-T-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 883 ლარის 70% – 618,1 ლარი, ხოლო ა. ს-ს - მის მიერ 2014 წლის 5 მაისს N10 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „E. D-T-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „E. D-T-ს“ (ს/№…….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 883 ლარის 70% – 618,1 ლარი.
4. კასატორ ა. ს-ს (პ/№…….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 მაისს N10 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე