საქმე№ას-487-463-2013 30 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ხ-ის უფლებამონაცვლე გ-რ ხ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ლ-ი, ნოტარიუსი ნ. ფ-ი (მოპასუხე)
განმცხადებლები - მ. და გ-ა ხ-ები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ლ-ისა და ნოტარიუს ნ. ფ-ის მიმართ, 2012 წლის 17 იანვარს ხ. ლ-სა და გ. ხ-ს შორის დადებული №120041316 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე არის 88 წლის, ომის ვეტერანი, უსინათლო, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული. 2012 წლის იანვარში გარდაბნიდან ესტუმრა შვილი - ვ. ხ-ე თანმხლებ პირთან ერთად. მოსარჩელის განმარტებით, შვილმა იგი იძულებით ჩასვა მანქანაში და, როგორც მისთვის ცნობილია, წაიყვანა საჯარო რეესტრში, ამასთან, სიტყვიერად ემუქრებოდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომაროების გათვალისწინებით, მან არ იცის სად წაიყვანეს და ხელი რაზე მოაწერინეს, ამასთანავე, გ.ხ-ს ხელმოწერის დამოუკიდებლად შესრულება არ შეეძლო და, როგორც თავად განმარტა, ხელმოწერა შესრულდა ვ.ხ-ის მიერ მოსარჩელისათვის ხელის მოკიდებით.
მოგვიანებით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ვ. ხ-ს 5 000 აშშ დოლარი უსესხია ხ. ლ-საგან და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული გ.ხ-ის სახლი. მოსარჩელის განმარტებით, იგი არ შეხვედრია და არც თანხა მიუღია მოპასუხე ლ-საგან, ასევე არ მოუწერია ხელი ხელშეკრულებაზე და არც სადავო ხელშეკრულების შინაარსი განუმარტავთ მისთვის.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია .გ ხ-სა და ხ. ლ-ს შორის, დადებულია კანონის დარღვევით და მოტყუებით.
სანოტარო აქტში მითითებულია, რომ მხარეებმა გამოხატეს სადავო ხელშეკრულების დადების ნება და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი, რაც არასწორია, მან შვილის ხელის მოკიდებით ხელი მხოლოდ ერთ დოკუმენტს მოაწერა, რაც, როგორც მისთვის ცნობილია, იყო სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დოკუმენტი.
მოპასუხე ნ. ფ-მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 17 იანვარს მას სანოტარო ბიუროში მიმართეს ხ. ლ-მა და ლ. ჩ-მა. მათი განმარტებით, ხ. ლ-ს უნდა ესესხებინა ფული გ. ხ-სთვის. ი. ხ-ის განმარტებით, მოსარჩელეს შეეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტზე, უბრალოდ გ.ხ-ე ვერ შეძლებდა გამოცხადებას სანოტარო ბიუროში, რადგან სტკიოდა ფეხი. ნოტარიუსმა შეადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 4 ეგზემპლარად, ჩავიდა მანქანაში, სადაც იჯდა გ. ხ-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ იცოდა, რისთვის იყო ნოტარიუსთან გამოცხადებული, მოსარჩელეს განემარტა ხელშეკრულების შინაარსი და ისიც, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ვალდებულების შეუსრულებლობას. გ.ხ-ს არ ემჩნეოდა, რომ იყო უსინათლო, ამასთან, ამ ფაქტს არც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებდა, ჯანმრთელობის ცნობების თანახმად, მას დაქვეითებული აქვს მხედველობა რაც არ ნიშნავს იმას, რომ გ.ხ-ს საერთოდ არ შეუძლია ხელის მოწერა.
გარიგების ხელმოწერიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ნოტარიუსთან მივიდა გ. ხ-ის ყოფილი რძალი მ. ხ-ე რომელმაც სადავო გახადა უსინათლო პირის მიერ ხელმოწერის შესრულება მოწმეთა დაუსწრებლად. მთავარია ის ფაქტი, რომ გ. ხ-მ სანოტარო ბიუროში მისვლით გამოხატა ხელშეკრულების დადების ნება. უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება, რომ მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, რადგანაც თავადვე უთითებს, რომ შვილი დაემუქრა, მოეწერა ხელი დოკუმენტზე.
ხ. ლ-მა ასევე არ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგი:
2012 წლის იანვარში მას დაუკავშირდა ლ. ჩ-ი, რომელმაც შესთავაზა სხვა პირისათვის თანხის სესხად გადაცემა, ჩ-ის განმარტებით, მსესხებელი თანახმა იყო, იპოთეკით უზრუნველეყო ხელშეკრულება, ამასთან, აჩვენა იპოთეკის საგნის ფოტოები, რის გამოც მოპასუხე დათანხმდა შეთავაზებას.
2012 წლის 17 იანვარს ხ.ლ-ი გამოცხადდა ნოტარიუს ნ. ფ-თან, სადაც ასევე მივიდა გ. ხ-ის შვილი ი. ხ-ე. ვ. ხ-მ ასევე მიიყვანა მოსარჩელე. ვ. ხ-ის თხოვნით, ნოტარიუსი გაჰყვა მანქანაში, რადგანაც გ. ხ-ს, ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, არ შეეძლო სანოტარო ბიუროში გამოცხადება, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ მოპასუხემ ვ. ხ-ს გადასცა თანხა, რომელიც, მსესხებლის განმარტებით, ესაჭიროებოდა პირუტყვის შესაძენად. ხ. ლ-ი გ. ხ-ს არ შეხვედრია და ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო უსინათლო, მისთვის მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ემუქრებოდა შვილი, სარჩელში სადავო არაა მუქარის ნოტარუსთან ან საჯარო რეესტრში განხორციელების ფაქტი, ამასთანავე, მუქარის რეალურად განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხ. ლ-სა და გ. ხ-ს შორის 2012 წლის 17 იანვარს დადებული №120041316 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ისა და ხ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2012 წლის 17 იანვარს ხ. ლ-სა და გ. ხ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ხ-მ ხ. ლ-საგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 6% სარგებლის დარიცხვით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ქონება, მდებარე ლაგოდეხის რაიონის სოფელ შ-ში. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ხელშეკრულება ხელმოწერილია გ. ხ-ის მიერ. გ. ხ-მ გამოავლინა ნება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო და სადავოს არ წარმოადგენდა, რომ გ. ხ-ე ნოტარიუსთან იყო; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა შესრულებულია; ხელშეკრულება მოტყუებით და იძულებით არ დადებულა; გ. ხ-ე არ არის ბრმა.
2012 წლის 17 იანვარს ნოტარიუს ნ. ფ-თან გ. ხ-ს შვილი - ი. ხ-ე ხელის კანკალს უჭერდა და ამ უკანასკნელმა ხელზე ხელის მოკიდებით მას ხელი მოაწერინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაზე. აღნიშნულს აპელანტები არ ეთანხმებიან. სასამართლოს განმარტებით, დასადგენ გარემოებას წარმოადგენდა გარიგებაზე ხელმოწერა განახორციელა თუ არა დამოუკიდებლად მოსარჩელემ და აღნიშნული შეესაბამებოდა თუ არა მის ნებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ-მ გამოავლინა ნამდვილი ნება, ხელი მოეწერა გარიგებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
• საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობები გ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. შპს „ა. კლინიკა ლაგოდეხი-ს“ 2012 წლის 22 იანვრის ცნობის თანახმად, გ. ხ-ის დიაგნოზია ორივე თვალის მწიფე კატარაქტა. ფ/პ „ლიდია ზალეევას“ მიერ 2012 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობის შესაბამისად, გ. ხ-ის დიაგნოზია - ორივე თვალის მწვავე კატარაქტა, ორივე ყურის ოტიტი სმენის დაქვეითებით, II ხარისხის გულის ქრონიკული უკმარისობა. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ გ. ხ-ს გააჩნია საღი აზროვნება, ნათელი ცნობიერება, დროში და გარემოში ორიენტირებს სწორად და იგი ქმედუნარიანია. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მხედველობის სრულ დაკარგვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ორივე მითითებული ცნობა სასამართლოს წარუდგინა თავად მოსარჩელემ.
• პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე გამოცხადდა საქმის განხილვაზე და სასამართლოს მისცა განმარტებები სადავო საკითხებზე.
• პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ლ. ჩ-ის განმარტებით, იგი დაესწრო ავტომანქანაში გ. ხ-ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ფაქტს. მოწმის ჩვენებით, ნოტარიუსი მანქანაში იჯდა გ. ხ-ის გვერდით, ვ. ხ-მ ხელი წაიღო დასახმარებლად, თუმცა ნ. ფ-მა განუმარტა, რომ გ. ხ-ს თვითონ უნდა მოეწერა ხელი. ეს პროცესი დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა . პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირები (ი. კ-ე, მ. ს-ი, მ. ხ-ე) არ არიან სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ხელმოწერის დამსწრე სუბიექტები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლო ი. კ-ის და მ. ს-ის ჩვენებებს უთითებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
• მოპასუხე ნოტარიუს ნ. ფ-ის განმარტებით, მან გ. ხ-ს აუხსნა, რომ უძრავი ქონება იტვირთებოდა იპოთეკით, რაზეც მოსარჩელემ განუცხადა, რომ იცოდა აღნიშნულის თაობაზე. სიცივისაგან ხელი უკანკალებდა. ვ. (შვილი) იდგა იქვე, რეზეც ნოტარიუსმა განუცხადა, - ხელი გაუშვი, მარტო ადგილი აჩვენე სად უნდა მოაწეროს ხელიო..... შვილმა ხელზე ხელის მოკიდებით აჩვენა სად მოეწერა ხელი. გ. ხ-ის მხრიდან ნების უშუალოდ გამოვლენას ადასტურებს ახსნა-განმარტებაში მოპასუხე ხ. ლ-იც.
• სადავო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს ნოტარიუსმა ხმამაღლა წაუკითხა ხელშეკრულება. მხარეებმა ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.
• გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოწმედ ასევე დაიკითხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის ოპერატორი თ. წ-ი, რომელმაც უშუალოდ მიიღო გ. ხ-ის განცხადება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. როგორც საქმის მასალებით დგინდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს გ. ხ-მ საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 დღით ადრე, 2012 წლის 12 იანვარს. განცხადება ხელმოწერილია გ. ხ-ის მიერ.
მოწმედ დაკითხული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის ოპერატორმა განმარტა: „მოვახდინე იდენტიფიკაცია.... ნორმალურად აზროვნებდა, ძალით რომ აკეთებდა, არაფერი ეტყობოდა, ვუთხარი თქვენი სახლის რეგისტრაციაზე აწერთ ხელს მეთქი, კი, შვილო ვიციო. მე მივუთითე ხაზზე, სად უნდა მოეწერა ხელი... გარდა იმისა, რომ ხელი უკანკალებდა და ასოები გაამსხვილა, სხვა პრობლემა არ ჰქონია“.
• რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გ. ხ-ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასა და ხელშეკრულების კონტრაჰენტის ეგზემპლარს, რომელზეც ჩატარდა ექსპერტიზა, აღნიშნულით დასტურდება, რომ: ხელმოწერა, ხ-ის გვარით, განლაგებული სესხის და იპოთეკის ერთიან ხელშეკრულებაზე ბოლო გვერდზე, გრაფაში: „გ. ხ-ე“ სავარაუდოდ შესრულებულია ი. ხ-ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო. ექსპერტიზის დასკვნითა და ხელშეკრულებით დასტურდება, რომ კვლევა ჩატარდა ხელმოწერების ბოლო ნაწილზე.
სასამართლოს განმარტებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ერთ-ერთ ეგზემპლარზე გ. ხ-ის ხელმოწერის გვერდით თუნდაც სხვა პირის მიერ ხელმოწერის განხორცილება არ აუქმებდა კონტრაჰენტის მიერ ნების გამოვლენის შედეგად განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობას და სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ვერ გახდებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც დადგენილი იყო გ. ხ-ის ქმედუნარიანობა და სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 დღით ადრე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე ხელმოწერის უშუალოდ მოსარჩელის მიერ განხორციელება, დასტურდებოდა გ. ხ-ის მიერ 2012 წლის 17 იანვრის მდომარეობით ნების გამოვლენის უნარი. საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2012 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 17 იანვრამდე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ ავადმყოფობის, ფიზიკური ნაკლის გამო მას აღარ შეეძლო თავისი მოქმედების გაანალიზება და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მისი დადების ნების გამოვლენა. თავად კანკალით ხელის მოწერა კი არ წარმოადგენდა გამოვლენილი ნების ბათილობის საფუძველს.
სასამართლოს განმარტებით, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
პალატამ ასევე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. ხ-ის მიცემულ განმარტებაზე, რომ შვილმა „მითხრა ხელი მოაწერე და შეგინახავო, არც შეუნახივარ და არც მოუხედია“. მტკიცებულება, რაც სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით და ძალადობით გაფორმებაზე მიუთითებდა, საქმეში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით, მოსარჩელემ კი, ვერ დაადასტურა, რომ გარიგებაზე მისი ხელმოწერით გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, ამასთანავე, ის ფაქტი, რომ ნასესხები თანხა რეალურად მოიხმარა მისმა შვილმა, გარიგების ბათილად მიჩნევის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა.
დადგენილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, რომლის განმარტებიდანაც ნათლად დგინდება, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 623-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მესაკუთრეს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა. დადგენილი იყო, რომ სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და, შესაბამისად, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა განხორციელდა მესაკუთრის ნამდვილი ნების გამოვლენით.
პალატამ ასევე მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ნოტარიუს ნ. ფ-ის მიერ კანონის დარღვევა, რაც გამოიწვევდა სადავო გარიგების ბათილად ცნობას.
სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, 85-ე მუხლით და ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებითა და ძალადობით გაფორმების ფაქტი, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების წანამძღვრები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ნოტარიუსთან გ. ხ-ის გამოცხადების ფაქტი სადავო არ გამხდარა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამ გარემოებას არ ადასტურებდა, მისი განმარტებით, ის გამოცხადდა საჯარო რეესტრში, ხოლო ი. ხ-ს მოსარჩელის გაცემული მინდობილობა სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე არ გააჩნდა. სადავო ხელშეკრულებაში კი, მითითებულია, რომ ნოტარიუსმა, მხარეთა ნების შესაბამისად, შეადგინა იგი და შინაარსს დაეთანხმნენ იპოთეკარი და შუამავალი. ნოტარიუსის განმარტებით, ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს, კერძოდ, იპოთეკარმა ხელი მოაწერა სანოტარო ბიუროში, ხოლო მესაკუთრემ - ავტომობილში, რა დროსაც ნოტარიუსმა შენიშნა, რომ კასატორს არ შეეძლო ხელის მოწერა ხელის კანკალის გამო, დასჭიდა დახმარებია ხელის ხელზე მოკიდებით, ნოტარიუსს არ შეუმოწმებია გ. ხ-ის ქმედუნარიანობა, ამდენად, ნოტარიუსმა არაფერი იღონა, რათა კასატორს გამოეხატა ნამდვილი ნება. ნოტარიუსმა რაიონული სასამართლოში რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ხოლო შუამავალმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ვ. ხ-მ ხელი წაიღო დასახმარებლად, ნოტარიუსმა კი განუმარტა, რომ მხარეს თავად უნდა მოეწერა ხელშეკრულებაზე ხელი. კასატორის განმარტებით, ის არის უსინათლო, ასევე სმენადაქვეითებული, ეს გარემოება დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო ცნობებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სამედიცინო ცნობები და არ ჩათვალა ეს მტკიცებულებები საკმარისად, რათა დაედგინა მოსარჩელის სიბრმავე, რა დროსაც მისი ნება ნოტარიუსს კანონით გათვალისწინებული წესით უნდა გამოერკვია.
სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და შეფასება არ მისცა მოწმე ლ.ჩ-ის განმარტებას, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ადგილი მიუთითა ვ. ხ-მ და არა ნოტარიუსმა.
ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ დასწრებია იპოთეკარი, ამასთანავე, ხელმოწერის ფაქტთან დაკავშირებით, ნოტარიუსის განმარტება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, მან ერთი მხრივ, განმარტა, რომ გ. ხ-მ ხელმოწერა დამოუკიდებლად შეასრულა, ამასთანავე, არ დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ხელმოწერა შესრულდა მოსარჩელის ხელზე ხელის მოკიდებით. ამავე საფუძვლით არ დაეთანხმა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შუამდგომლობას იპოთეკარის წარმომადგენელი.
სასამართლომ საერთოდ გამორიცხა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ხელის ხელზე მოკიდებით არ წარმოადგენს ნამდვილი ნების გამოვლენას და მიიჩნია, რომ ხელმოწერა ხელის კანკალით იყო შესრულებული.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ხ.ლ-ის ჩვენებას და გ.ხ-ის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის ფაქტი მის განმარტებაზე დააყრდნო, მაშინ, როდესაც ხ.ლ-ს გ.ხ-სთან არავითარი მოლაპარაკება არ უწარმოებია, არც თანხა გადაუცია და არც ხელმოწერას დასწრებია, მან მოსარჩელე მხოლოდ სასამართლო სხდომაზე ნახა.
ექსპერტიზის 2012 წლის 6 ივნისის დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემსრულებლის დადგენა შეუძლებელი გახდა საკვლევი მასალის სიმცირის გამო, ხოლო სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა 2012 წლის 2 ნოემბრის დასკვნას, სადაც საუბარია ხელმოწერის ი. ხ-ის მიერ შესრულებაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ სესხით კასატორს არ უსარგებლია, ხოლო მამას შვილის ქონებრივ ვალდებულებაზე პასუხი არ უნდა დაეკისროს.
სასამართლო პროცესზე დაკითხულმა საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სწორად განმარტა, რომ გ. ხ-მ ხელმოწერისას გაამსხვილა ასოები ხელის კანკალის გამო, მასზე ხელმოწერა გაურკვევლადაა ხელმოწერა, ანუ იგი შესრულებულია კორექციის დარღვევით, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წვრილი ზომის ასოებითაა შესრულებული და გარკვევით, რაც, სავარაუდოდ, ვ. ხ-ს ეკუთვნის.
სასამართლომ ასევე არასრულყოფილად შეაფასა ი.კ-ის ჩვენება და დაეყრდნო მხოლოდ იმაზე მითითებას, რომ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოწმის სხვა განმარტება სასამარლოს არ შეუფასებია. ასევე არასწორი შეფასება მისცა სასამართლომ გ. ხ-ის განმარტებას, რომ შვილი დაჰპირდა რჩენას, სასამართლოს არ გამოუკვლევია, ნოტარიუსთან დაჰპირდა ზემოაღნიშნულს ვ. ხ-ე კასატორს თუ საჯარო რეესტრში. ნოტარიუსს ხელშეკრულების შინაარსი გ. ხ-სათვის არ გაუცვნია და არც მისი ერთი ეგზემპლარი გადაუცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გ. ხ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
გ. ხ-ის გარდაცვალების გამო, საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით წინამდებარე საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო ამავე პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. ხ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე გ-რ ხ-ე, შესაბამისად, განახლდა სამოქალაქო საქმის წარმოება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლისა.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მომართა გ.ხ-ის წარმომადგენელმა გ.ბ-მა და წარმოადგინა ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდის ამონაწერი ნოტარიუს ნ.ფ-ის მიერ ნოტარიატის შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე, ხოლო 2014 წლის 27 აგვისტოს პალატას ასევე მომართა გ-რ ხ-მ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილობითი პასუხი ნოტარიუს ნ. ფ-სათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე გადმოეცა ფიზიკური პირების: მ. და გ-ა ხ-ების განცხადება, რომლის თანახმადაც მათ შეიძინეს ქონება, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს დავა და არიან ამ ქონების კეთილსინდისიერი შემძენები, შესაბამისად, მოითხოვეს დავაში მხარედ ჩაბმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ხ-ის უფლებამონაცვლე გ-რ ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უარი უნდა ეთქვათ განმცხადებლებს: მ. და გ-ა ხ-ებს დავაში მხარედ ჩაბმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ხ-ის უფლებამონაცვლე გ-რ ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება განმცხადებლების: მ. და გ-ა ხ-ების მოთხოვნას საქმეში ჩაბმის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის IX კარით განსაზღვრულია საქმის წარმოების წესები საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. დასახელებული კარის დებულებათა ანალიზით ირკვევა როგორც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის სუბიექტური ფარგლები, ისე ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილე სუბიექტები: მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით (სსსკ 391-ე მუხლის პირველი ნაწილი).
კანონმდებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავის არც ერთი ნორმით ახალი მხარისა თუ სუბიექტის ჩაბმას ამ ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ ითვალისწინებს, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ამ ინსტანციის სასამართლოში მხარის ჩაბმა ამ კუთხითაც გაუმართლებელია, ვინაიდან სასამართლო ამ მხარის (ახალი სუბიექტის) მოთხოვნის მართებულობას ვერ გამოიკვლევს.
საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ მ. და გ-ა ხ-ების მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს იპოთეკით დატვირთულ, მათ მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე უფლების დაცვა, ანუ მხარეთა ინტერესი მიმართულია შეძენილი უფლების სამომავლოდ დაცვისკენ იმგვარად, რომ მათ პრეტენზია სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე არ განუცხადებიათ და არც მათკენაა მიმართული წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი ალტერნატივა მხარის საქმეში ჩაბმისა, გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XI თავით, სადაც კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს მოთხოვნის მქონე მესამე პირებსა და მოთხოვნის არმქონე მესამე პირებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არაა მესამე პირის ჩაბმის სამართლებრივი წინაპირობები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულით განმცხადებლების სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესდება, რადგანაც მათ უფლება აქვთ, არსებობის შემთხვევაში, დავის საგანზე განაცხადონ დამოუკიდებელი მოთხოვნა საერთო წესით, სარჩელის სასამართლოში შეტანის გზით.
რაც შეეხება კასატორის, ასევე გენმცხადებელების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვას, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც, როგორც აღინიშნა, საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 17 ოქტომბრის Nა-3268-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად, ასევე 2014 წლის 27 აგვისტოს Nა-2768-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად, ხოლო მ. და გ-ა ხ-ებს - 2013 წლის 7 ოქტომბრის Nა-3119-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა) 6 (ექვსი) ფურცლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის უფლებამონაცვლე გ-რ ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. მ. და გ-ა ხ-ების შუამდგომლობა წინამდებარე დავაში მხარედ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გ. ხ-ის უფლებამონაცვლე გ-რ ხ-ს დაუბრუნდეს 2013 წლის 17 ოქტომბრის Nა-3268-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად, ასევე 2014 წლის 27 აგვისტოს Nა-2768-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად, ხოლო მ. და გ-ა ხ-ებს - 2013 წლის 7 ოქტომბრის Nა-3119-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა) 6 (ექვსი) ფურცლად
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე