№ას-503-476-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ე
მესამე პირი - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ისა და შემოსავლების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრის, მესამე პირის – სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვა: ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი ,,მერსედეს ბენცი 310 D, სახელმწიფო ნომერი ……….., საიდენტიფიკაციო ნომერი ………...
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გ. პ-ი რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურ მეწარმედ, რომლისგანაც 2012 წლის 28 მაისს შეიძინა ავტომაქნანა მერსედეს ბენცი 310 D, სახელმწიფო ნომრით ………... თუმცა, აღნიშნულ ავტომანქანაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ნაცვლად, ნოტარიუსთან გააფორმეს მინდობილობა განკარგვის უფლებით, განუსაზღვრელი ვადით. გ. პ-მა გადასცა ტრანსპორტის მოწმობა და მას შემდეგ ავტომანქანას ფლობს მოსარჩელე. მისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა, რომელიც მან შეიძინა გ. პ-სგან დაყადაღებული იყო და იძებნებოდა. შემდეგ გაარკვია, რომ ავტომანქანაზე აღრიცხული იყო უფლებრივი შეზღუდვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით და დადებული იყო ყადაღა, ვინაიდან გ. პ-ს შემოსავლების სამსახურთან გააჩნდა დავალიანება-ვალდებულება. ამდენად, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ოფიცერის ა. კ-ის მიერ დაყადაღდა მისი და არა გ. პ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთი.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ გ. პ-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას. ამასთან, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-91 მუხლის საფუძველზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოსარჩელემ არ დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით ხსენებული ავტომანქანა და სადავო ქონება იურიდიულად კვლავ რჩება გ. პ-ის საკუთრებაში, შესაძლოა ფაქტობრივ მფლობელობას აქვს ადგილი, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც სატრანსპორტო საშუალების იჯარა.
მოპასუხე გ. პ-ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. თუმცა სარჩელს თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითებს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა მერსედეს ბენცი 310 D, გამოშვების წელი 1998, სარეგისტრაციო ნომერი ........, ფერი თეთრი, ტიპი სატვირთო ფურგონი, ძრავის მოცულობა 2900, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო .........., 2012 წლის 28 მაისს მიყიდა მოქალაქე ი. მ-ს (პირადი №...........) 3000 (სამი ათასი) ლარად, რომელიც აუნაზღაურა იმავე დღეს. თუმცა ნაცვლად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა გააფორმეს ,,ავტომანქანის მინდობილობა განკარგვის უფლებით''.
მესამე პირის - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა გ. პ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი ,,მერსედეს ბენცი 310D, სახელმწიფო ნომრით ......., საიდენტიფიკაციო ნომერი .............
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი/მ გ. პ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია დავალიანება, რის გამოც დაყადაღდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა მერსედეს ბენცი 310 D სახელმწიფო ნომრით ......, (საიდენტიფიკაციო კოდი .........; გამოშვებული 1998 წელს);
აღნიშნული ავტომანქანა გ. პ-სგან შეიძინა ი. მ-მ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
28.05.2012 წელს გაფორმებული მინდობილობით გ. პ-მა (საკუთრების მიმნდობი) ი. მ-ს (მინდობილ მესაკუთრეს) მართვის და განკარგვის უფლებით განუსაზღვრელი ვადით გადასცა ავტომანქანა მერსედეს ბენცი 310 D სახელმწიფო ნომრით ............, (საიდენტიფიკაციო კოდი .............; გამოშვებული 1998 წელს); მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით;
მხარეთა შორის სადავო არაა, რომ 2012 წლის 28 მაისის შემდგომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა ი. მ-ის მფლობელობაში, მასვე ჰქონდა გადაცემული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა. მითითებული გარემოება დაადასტურეს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ვ. ბ-მ და ი. მ-ომ, რომლებმაც განმარტეს, რომ სადავო ავტომანქანა ი. მ-მ 3000 ლარად შეიძინა გ. პ-სგან და 2012 წლის მაისიდან მის მფლობელობაშია;
საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე გ. პ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტება, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ მან 28.05.2012 წელს გაყიდა ავტომანქანა 3000 ლარად, თუმცა ნაცვლად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა, ი მ-სთან გაფორმდა მინდობილობა ავტომანქანის განკარგვის უფლებით;
პალატის განმარტებით, ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 186.1-ე მუხლზე მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-მა სადავო ავტომანქანა მიჰყიდა ი. მ-ს. მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ ი. მ-ს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა და დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა. ამდენად, ხელშეკრულების მხარეები ამავე კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე, შეთანხმდნენ ხელშეკრულების საგანსა და ნასყიდობის ფასზე. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად აქვს გადახდილი. დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის აუცილებელი ორივე წინაპირობის (ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა) არსებობა.
პალატამ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, სასამართლოში აღძრას სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე მუხლზე და, ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ სადავო ავტომანქანაზე, მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მესამე პირის სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ და, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ისეთ ქონებას, რომლის საკუთრებაში გადაცემისთვის აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ არ დაირეგისტრირა ავტომანქანა, რაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ნიშნავს, რომ ქონებაზე მას არ წარმოეშვა საკუთრების უფლება და ქონება კვლავ რჩება გ. პ-ის საკუთრებაში. აქ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ფაქტობრივ ფლობას აქვს ადგილი, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის შეიძლება შეფასდეს, როგორს სატრანსპორტო საშუალების იჯარა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ის გარემოება, რომ ი. მ-ე არ არის ის პირი, ვინც შეიძლება აგოს პასუხი გ. პ-ის ვალდებულებებზე. ასევე, არამართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ ყადაღადადებული ავტომანქანა მოსარჩელის საკუთრებაა და ამ ნივთის რეალიზაციით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. კასატორის განმარტებით, ი. მ-ე არ წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს, ვინაიდან მას ავტომანქანაზე საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მას სამართლებრივად საკუთრების უფლება არ წარმოშობია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური