№ას-50-45-2015 15 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ე-ე, მ. ვ-ე, რ. მ-ე, ნოტარიუსი ვ. ნ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უსაფუძვლო გამდიდრების გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ი. ე-ის, მ. ვ-ის, რ. მ-ის, ნოტარიუს ვ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ 2013 წლის 2 ივლისს გაცემული №13665048 სანოტარო აქტისა და ქ.ბათუმში, ა-ის ქ. №1-ში მდებარე №28 ბინაზე (ს/კ .......) საჯარო რეესტრში 2013 წლის 30 სექტემბერს რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ი. ი-სათვის უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის – 66470 ლარის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 02.07.2013 წელს გაცემული №13665048 სანოტარო აქტი. ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ა-ის ქ. №1-ში მდებარე №28 ბინაზე (3/4 ნაწილი (ს/კ ...........)). რ. ა-ის სარჩელი ი. ე-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღბეული თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ი. ე-ის, მ. ვ-ის, რ. მ-ის, ნოტარიუს ვ. ნ-ისა და რ. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ის წარმომადგენელმა ც. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის – 66470 ლარის დაკისრების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელ ც. მ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს (ტ.3, ს.ფ.131).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 9 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 დეკემბერს, ხოლო საკასაციო საჩივარი რ. ა-ის წარმომადგენელმა ც. მ-მ ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 8 იანვარს (ტ.3, ს.ფ.131) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია