Facebook Twitter

საქმე №ას-540-513-2014 16 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. შ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. შ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის მიკუთვნება

დავის საგანი - მამობის დადგენა, შვილისთვის მამის გვარის მინიჭება, შვილების აღსაზრდელად მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ას მიმართ და მოითხოვა ი. შ-ის მამად შ. შ-ის მიჩნევა, შვილისათვის მამის გვარის მიკუთვნება და არასრულწლოვანი შვილების: ი. შ-ისა და ნ. შ-ის საცხოვრებლად მამის საცხოვრებლის განსაზღვრა. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მოსარჩელე და მოპასუხე 2001 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში, ... წლის ... ივლისს შეეძინათ შვილი - ი შ-ი, ხოლო ... წლის ... აპრილს - ნ შ-ე. ი-ს დაბადებისას, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო სამშობიაროდან ბავშვის გამოსაყვანად საჭირო იყო მისთვის გვარის მინიჭება, მოსარჩელე რეგისტრატორს წარუდგა როგორც შ-ი, სწორედ ამან განაპირობა ი-ის გვარად დედის გვარის მითითება.

გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მხარეთა თანაცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდა თუმცა შ.შ-ს შვილების ზრუნვაზე დაპატიმრებამდე უარი არ განუცხადებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვინაიდან შ.შ-ე იმყოფებოდა პატიმრობაში, მის მშობლებს, არასრულწლოვანი შვილიშვილების რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრათ ალიმენტი, რის გადახდაზეც მათ უარი არ განუცხადებიათ.

არსებული მდგომარეობით მოსარჩელე გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან, მას აქვს სრული შესაძლებლობა, იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე, ხოლო მოპასუხეს არც ადრე და არც ახლა შეუძლია მათზე ზრუნვა, მათი რჩენა და მოვლა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ი-ის მიერ დედის საცხოვრებლის დატოვება და მამასთან სოფელში საცხოვრებლად გადასვლა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, მამობის დადგენისა და გვარის მიკუთვნების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხის განმარტებით, ის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა შვილებთან მამის ურთიერთობის და მათ რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიღების, უფროსი შვილი 11 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე 9 წელი სასჯელს იხდიდა მძიმე დანაშაულებების ჩადენისათვის. მისი გათავისუფლება ამნისტიამ განაპირობა, უმცროსმა შვილმა, რომელიც 9 წლისაა, მამა პირველად ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაიცნო.

მიუხედავად სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა, მოსარჩელე არ გამოსწორებულა, იგი ხშირად მიდიოდა ნ.შ-ასთან და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა, რასაც ესწრებოდნენ შვილები, ამ ფაქტის გამო, შ.შ-ე გაფრთხილდა და ჩამორთმეული აქვს ხელწერილი, თუმცა არც ამას გამოუღია შედეგი, ბოლოს ძალადობა მოსარჩელემ განახორციელა 2013 წლის აპრილში, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება არ დასრულებულა, შ.შ-სათვის შვილების აღსაზრდელად გადაცემა მათ საფრთხეს უქმნის, მამის საქციელის გამო ბავშვებს ნერვული სისტემა აქვთ დაზიანებული.

მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ... წლის ... ივლისს დაბადებული ი. შ-ის მამად აღიარებულ იქნა შ. შ-ე და ბავშვს მიენიჭა მამის გვარი - შ-ე, ამავე გადაწყვეტილებით ი. შ-ი (მამობის დადგენის ფაქტის რეგისტრაციის შემდეგ - ი. შ-ე) და ნ. შ-ე აღსაზრდელად გადაეცა მამას - შ. შ-ს.

შვილების აღსაზრდელად მამისათვის გადაცემის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით ნ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ... წლის ... ივლისს დაბადებული ი. შ-ი (შ-ე) და ... წლის .. აპრილს დაბადებული ნ. შ-ე შ. შ-ისა და ნ. შ-ას შვილები არიან.

ამჟამად ი. შ-ი (შ-ე) ცხოვრობს შ. შ-ის ოჯახში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, ნ. შ-ე კი ცხოვრობს ნ. შ-ასთან.

2013 წლის 11 მარტს ი. შ-ი (შ-ე) საკუთარი სურვილით წავიდა დედისგან, რადგან ნ შ-ა მასზე ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ამასთან, დედისავე მოთხოვნით, დასთან - ნ. შ-სთან ერთად, უწევდა მათხოვრობაც, რათა ეშოვა საკვების ფული. ი. სწავლობს სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის ქვედა გ-ს საჯარო სკოლაში, არის ზრდილობიანი და თავაზიანი, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან აქვს კარგი დამოკიდებულება, გამოირჩევა სწავლის მხრივაც, არის აქტიური და პასუხისმგებლობის მქონე, დამრიგებლისაგან ერთი შენიშვნაც კი არ არის მის სახელზე შესული სკოლის დირექტორთან.

დედასთან ბავშვების ცხოვრების პერიოდში ვერ ხერხდებოდა მათი სასწავლო პროცესში ნორმალურად მონაწილეობის უზრუნველყოფა დედის მხრიდან, კერძოდ: სსიპ ქ.ქუთაისის №... საჯარო სკოლის დირექტორის ა. მ-ის 2012 წლის 25 დეკემბრის მიმართვით დგინდება, რომ 2012 წლის სექტემბერში მოქალაქე ნ. შ-ამ მიიყვანა 2 შვილი სასწავლებლად, ი. შ-ი ჩაირიცხა მე-4 კლასში, ნ. შ-ე - პირველ კლასში. ი. არ ცხადდებოდა სკოლაში, ხოლო ნ. - სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილებზე და დღის ბოლომდე რჩებოდა სკოლაში. დამრიგებელმა, დირექციამ და მანდატურის სამსახურმა არაერთგზის გააფრთხილეს ნ. შ-ა, რის გამოც მიმართეს სოციალურ სამსახურს ნ. შ-ას უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შესახებ. 5 დეკემბრიდან მოხერხდა ი. შ-ის სკოლაში გამოცხადება, იგი ნორმალურად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში და კმაყოფილი იყო კლასთან, მასწავლებლებთან ურთიერთობით. მოუგვარებელი დარჩა ნ. შ-ის საკითხი, გოგონა სისტემატურად დაგვიანებული მიჰყავს მშობელს და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში 7-8 საათამდე იყო დირექციის, ასევე სკოლის დარაჯების მეთვალყურეობის ქვეშ.

2012 წლის 6 ნოემბერს ნ. შ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს და აღნიშნა, რომ ვერ ახერხებდა უფროს ვაჟზე - ი. შ-ზე ზრუნვას, რადგან ის რთული ქცევის ბავშვია, არ ემორჩილება და სისტემატურად ექმნება ოჯახის წევრებთან კონფლიქტი, რის გამოც ითხოვა მისი ჩარიცხვა „ბავშვთა სოფელი-ქუთაისის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო უმცროს შვილზე - ნ შ-ზე თავად აიღო პასუხისმგებლობა.

2013 წლის 14 იანვრის განცხადებით კი, ნ. შ-ამ გამოთქვა თანხმობა, ი. შ-ის მინდობით აღზრდაში განთავსების მიზნით, შეზღუდვოდა მის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო ნ. შ-ზე სრულად აიღო პასუხისმგებლობა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 15 ნოემბრის და 18 დეკემბრის დასკვნებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-ა მარტოხელა დედაა და მატერიალურად უკიდურესად უჭირს, უმუშევარია, ოჯახის ბიუჯეტი მთლიანად დამოკიდებულია საარსებო შემწეობაზე (108 ლარი), სხვა რაიმე შემოსავალი არ გააჩნია. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და შეფასებულია, როგორც ღატაკი. ოჯახს გააჩნია საცხოვრებლის პრობლემაც: ნ. შ-ა ცხოვრობს დეიდის - ვ. შ-ას ბინაში, ქალაქ ქუთაისში, ი. ჭ-ის №15/17-ში, რომელიც მან ორი წლის წინ გაყიდა, რის შესახებაც არაფერი იცოდა ნ. შ-ამ. სთხოვენ ბინის დაცლას, მაგრამ მან მიმართა სასამართლოს და პროკურატურას, რათა გაირკვეს ბინის გაყიდვის საკითხი. ბინა, მისი განმარტებით, უვარგისია, ის მეხუთე სართულზე მდებარეობს და სახურავის დაზიანების გამო, წვიმის დროს მუდმივად ჩადის წყალი, რომელიც აზიანებს კედლებსა და იატაკს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. ნ. შ-ამ ბინის შესწავლაზე სოციალურ მუშაკებს უარი განუცხადა, იმ მოტივით, რომ იქ მხოლოდ ღამის გასათევად მიდის, დანარჩენ დროს კი შვილთან ერთად ატარებს ი. ჯ-ის ბინაში.

მატერიალური თუ ყოფითი პრობლემების გამო, ნ. შ-ას ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამას დაემატა ისიც, რომ ნ. ვერ ახერხებს ბავშვების საჭიროებების დროულად დაკმაყოფილებას, მან ვერ მოახერხა უფროსი ვაჟის რთული ქცევის კორექტირება და გამოსწორება, რის გამოც, დედის სურვილის მიუხედავად, ბავშვი საცხოვრებლად მამასთან წავიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების: ი. შ-ისა და ნ. შ-ისათვის მზრუნველობის ფორმის შერჩევასთან დაკავშირებით, აუცილებელი იყო გათვალისწინებულიყო ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა და მიღებულიყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ბავშვების რომელიმე მხარესთან მინდობით აღზრდაში განთავსების ან მათთვის მზრუნველის დანიშვნის სახით.

ქ.ქუთაისში, ი. ჭ-ის გამზირის №15-ში მდებარე №17 ბინა ნ. მ-ის საკუთრებაა. 2013 წლის 18 იანვარს ნ. შ-ამ შეადგინა ხელწერილი და მიუთითა, რომ აღნიშნულ ბინაში იცხოვრებდა დროებით, 2013 წლის 30 აპრილამდე.

პალატამ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2013 წლის 22 ნოემბრისა და 2014 წლის 6 იანვრის დასკვნებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ-ე ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ გ-ში. 2013 წლის 11 მარტის შემდეგ მასთან საცხოვრებლად გადავიდა მისი შვილი ი. შ-ი, რომელსაც არ სურს დედასთან ცხოვრება, რადგან ის ექცეოდა ცუდად, ხოლო ბებია-პაპის ოჯახში თავს კარგად გრძნობს. ვიზიტის დროს ბავშვი იმყოფებოდა სუფთად და მოწესრიგებულად, ეცვა სეზონისა და ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი. ის გონებაგახსნილი და კონტაქტური ბავშვია, ვითარდება ასაკის შესაბამისად. ი. დადის სოფელ ქვედა გ-ს საჯარო სკოლაში, აქვს სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. სკოლის დირექტორი მას დადებითად ახასიათებს. დირექტორის გადმოცემით, ი. სკოლას არ აცდენს, გაკვეთილებზე ცხადდება მოწესრიგებული, მასწავლებლებისა და კლასის დამრიგებლისგან ბავშვი არ იმსახურებს შენიშვნას. მეზობლების: ო. რ-ისა და ნ. შ-ის განმარტებით, შ-ების ოჯახი დადებითად ხასიათდება, ბავშვი უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით და ოჯახის წევრებისაგან ის სითბოსა და სიყვარულს იღებს.

შ-ების ოჯახის შემოსავალს ნ. შ-ის პენსია, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციის შედეგად მიღებული და ასევე საზღვარგარეთ მყოფი შვილის მიერ გამოგზავნილი თანხა შეადგენს. ოჯახის პირობები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკის განმარტებით, ბავშვი ოჯახში თავს კარგად გრძნობს, მისი მოთხოვნილებები ადეკვატურად კმაყოფილდება, იგი უზრუნველყოფილია სითბოთი, სიყვარულით, საკვებითა და დაცულია მისი ჰიგიენა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით შ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების ხასიათის განსაზღვრის, აგრეთვე ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად ი. და ნ. შ-ებთან იმუშავა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგმა, გამოკვლების შედეგების თანახმად, ი. ფსიქოლოგთან მოვლილი და მოწესრიგებული ცხადდებოდა, არ იგვიანებდა და არ აპროტესტებდა დედის ნახვის სურვილს. დედას მშვიდად შეხვდა, გამომეტყველებაზე შეიმჩნეოდა თავშეკავება და ემოციური სიცივე, მისი მხრიდან არ იგრძნობოდა დადებითი ემოცია და სიხარული, რომელიც თან ახლავს მონატრებული ადამიანის ნახვას. განსხვავებული იყო მისი შეხვედრა დის მიმართ: გაღიმებული შეხვდა, გადაეხვია და მოიკითხა. საინტერესო იყო მისი რეაქცია დედის უცნაურ საქციელზე: როდესაც მან ი. დაინახა, ყვირილი ატეხა, რომ ბავშვზე ძალადობენ და იყო ცუდ მდგომარეობაში. მას სურდა შ. შ-ის გამოწვევა, რომელიც მდგომარეობას გაერიდა, ხოლო ი. სიტყვიერი წინააღმდეგობის გარეშე უსმენდა დედას, თუმცა მისი ქცევებიდან ივარაუდებოდა, რომ გამოხატავდა უკმაყოფილებას და ცდილობდა თავის არიდებას, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ი. მსგავს საქციელს მიჩვეული იყო და უკომენტარო რეაგირებით ცდილობდა თავის არიდებას.

ი. აქტიურად მონაწილეობდა გამოკვლევებში, იჯდა გამართულად, პასუხების გაცემისას ხმის ტონალობა, ტემპი, ინტონაციები ბუნებრივი და სიტუაციის შესაბამისი იყო, ხოლო საუბარი - აზრობრივად გამართული ჰქონდა. მამის ხსენებისას მისი ემოციური რეაქციები დადებითი იყო, ხალისით საუბრობდა. რაც შეეხება დედას, ის იყენებდა მცირე პაუზებს პასუხის გაცემამდე. მან თქვა, რომ „დედა ეცოდება, რადგან ყველას ეჩხუბება, ამიტომ მის გვერდით არავინაა და მარტო დარჩება“. გამოკვლევის დროს დადგინდა, რომ დედა მას და მის დას აიძულებდათ მათხოვრობას, რადგან ისე საჭმელს ვერ შეჭამდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ი-ის ქცევებზე დაკვირვებისას არ გამოვლენილა შფოთვისა და ემოციური ძალადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

მამა ინტერვიუს დროს საუბრობდა მშვიდი ტონით, ყველაზე მტკივნეული მომენტების გახსენების დროსაც შეიმჩნეოდა ემოციებისა და ქცევის კონტროლის უნარი. მზაობას გამოთქვამდა ფსიქოლოგთან მუშაობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიდან ჩამოდიოდა. ესმოდა, რომ ეს ვიზიტი მისი შვილებისათვის იყო აუცილებელი და გამოთქვამდა მზაობას. მას პირად ღირსებად მიაჩნდა შვილების დაცვა და მოვლილად ყოფნა.

ნ. პირველ ვიზიტზე დედასთან ერთად გამოცხადდა და მშვიდად უსმენდა მის ლანძღვას ძმასა და მამაზე. მას მიეცა დავალება მისი ოჯახის დახატვის თაობაზე და კითხვისას - ისურვებდა თუ არა ეცხოვრა მამასთან ერთად - ბავშვმა ღიმილით ამოხედა და დაეთანხმა როგორც სიტყვიერად, ასევე თავის დაქნევითაც, თუმცა მის მოქმედებაში შეიმჩნეოდა თავშეკავება და სიფრთხილე. ნ-ას პასუხს დედის მწვავე კომენტარი მოჰყვა („მამიკო უნდა არა ის!“ „მამიკო რად გინდა, გირტყამს და როგორ გინდა?! თქვი, რომ მამა არ გინდა!“). ამის შემდეგ, ის გამოთქვამდა პრეტენზიას, რის გამოც ბავშვი დაიძაბა და, როდესაც მას მოსთხოვეს ოთახის დატოვება, გამოხატა უკმაყოფილება. დედა ოთახის დატოვების შემდეგაც აგრძნობინებდა შვილს, რომ აკონტროლებდა და რამე არ წამოსცდენოდა. ნ-ას შეემჩნეოდა ძლიერი შინაგანი დაძაბულობა და შფოთვა, ზედმეტად ცდილობდა სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც გამოიხატებოდა არაადეკვატურად მწვავე რეაქციებითა და კომენტარებით.

დედის ქცევაზე დაკვირვებისას გამოვლინდა საყურადღებო ნიშნები: დედის არაადეკვატური რეაქციები სიტუაციებზე, მის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები, ბავშვზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობები, საკუთარი ქცევის რეგულაციის დეფიციტი. აღნიშნული ნიშნების საფუძველზე, მიზანშეწინილად იქნა მიჩნეული იმის შესწავლა, თუ რამდენად უზრუნველყოფდა დედა ბავშვისათვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას.

მეორე ვიზიტზე ნ. დათრგუნულად გამოიყურებოდა, იჯდა მხრებში მოხრილი, თავდახრილი, ხშირად თვალით კონტაქტს ერიდებოდა. კითხვებზე მოკლე პასუხებს იძლეოდა, ემჩნეოდა, რომ ცდილობდა, არ დაეკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და ზედმეტად ფრთხილობდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვი გაფრთხილებული იყო.

დაკვირვებისა და ინტერვიუების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ბავშვების ინტელექტუალური განვითარება ნორმას შეესაბამება. ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესატყვისება ასაკს.

ი. შ-ი არ იმყოფება მამისა და მისი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. ის მამის ოჯახში თავს დაცულად გრძნობს და, შესაბამისად, აქვს სურვილი, იცხოვროს მამასთან. შ. შ-ის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვის მიმღებლობასა და მისადმი კეთილგანწყობას, მზრუნველობას. რაც შეეხება ნ. შ-ს, მისი მხრიდან გამოიხატება მამისადმი დადებითი ემოციური კავშირი, ბავშვი განსაკუთრებით გამოხატავს ძმასთან ერთად ცხოვრების სურვილს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სარჩელი ეფუძნებოდა მოპასუხის შეუძლებლობას, უზრუნველეყო არასრულწლოვანი შვილების სათანადოდ აღზრდა, ამასთან, იგი ძალადობდა მათზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რის გამოც ბავშვები აღსაზრდელად უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ამ გარემოებათა არსებობა დაამტკიცა.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე მუხლებზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა,რომ საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონი არ ცნობს მამის რაიმე უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, არც დედას გააჩნია ასეთი უფლება. არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესებია გადამწყვეტი.

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია; შესაბამისად, ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ მეუღლესთან მცხოვრებ შვილთან და ვალდებულიცაა, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში. მეორე მშობელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს და ხელი შეუშალოს მას ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. ბავშვის აღზრდის ინტერესებში კი, იგულისხმება არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური პირობების შექმნა.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა ი. შ-ისა და ნ. შ-ის მშობლების ოჯახების საცხოვრებელი პირობები და წარმოდგენილი დასკვნებით დგინდებოდა, რომ შ. შ-ს აქვს განვითარებისათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ი შ-ი იზრდება მამასთან და ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობა მამის მიმართ, ის გვერდიდან არ შორდება მას, დედასთან ცხოვრება კი, არ სურს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მიიჩნია, რომ ი. შ-ისა და ნ. შ-ისათვის მზრუნველობის ფორმის შერჩევასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო ფაქტობრივად არსებული გარემოებების გათვალისწინება, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები და დაუშვებელი იყო ბავშვების ერთმანეთისაგან დაცილება. ბავშვების ერთად ცხოვრების მკაფიოდ გამოხატული სურვილის გათვალისწინებით, მიღებული უნდა ყოფილყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყეტილება რომელიმე მხარესთან მინდობით აღზრდაში განთავსების ან მათთვის მზრუნველობის დანიშვნის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ი. შ-ისა (რეგისტრაციის შემდგომ შ-ე) და ნ. შ-ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განსაზღვრულიყო შ. შ-ის საცხოვრებელი ადგილი - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი გ-ა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და შვილების აღსაზრდელად დედისთვის მიკუთვნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არ ემყარება ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესებს. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ კასატორი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უკიდურესად გაჭირვებულია, ვერ უვლის და სათანადოდ არ ზრუნავს ბავშვებზე. ნ.შ-ას არ ჰყავს მშობლები და ცხოვრობს შვილებთან ერთად, მათი მამა 9 წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, მისი მშობლები კი არ ეხმარებოდნენ კასატორს. ნ.შ-ა, როგორც დედა, ყველანაირად ცდილობდა და ახლაც ცდილობს, არაფერი მოაკლდეთ ბავშვებს, დაჰყავდა ისინი სკოლაში, ხოლო ბავშვები შეძლებისდაგვარად სწავლობდნენ. ნ. შ-ე იზრდება დედასთან, მას რამდენჯერმე ჰყავს მამა ნანახი, ხოლო სასამართლოს მსჯელობა, რომ ბავშვი სკოლაში აგვიანებდა, ასევე გვიანამდე უწევდა სკოლაში დარჩენა, არასწორია. სკოლაში რამდენჯერმე დაგვიანების ფაქტი განაპირობა ნ-ას ეკლესიაში წირვაზე წაყვანამ.

ბავშვების მამა გაუწონასწორებელი პიროვნებაა, ნასამართლევია სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების, მათ შორის, მამაკაცის გაუპატიურების მცდელობისათვის, მისი საპატიმროდან გათავისუფლება გამოიწვია ამნისტიამ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შემდგომაც არ გამოსწორებულა, იგი რამდენჯერმე მივიდა კასატორთან და მიაყენა ფიზიკური, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შ.შ-ე ამჟამადაც სასჯელს იხდის, შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილების მისთვის აღსაზრდელად გადაცემა, არასწორია.

საყურადღებოა, რომ შ. შ-ე ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან - ტ. შ-სთან ერთად, ამ უკანასკნელს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, იგი ნასამართლევია არაფხიზელ მდგომარეობაში მეზობლის დაჭრის გამო.

ი. შ-ს, მამასთან ცხოვრების გამო, დაზიანებული აქვს ფსიქიკა და საჭიროებს ფსიქიატრიულ კვლევას და არა სოციალური მომსახურების სააგენტოს არაკვალიფიციური ფსიქოლოგების გამოკვლევას, კასატორის განმარტებით, ის არ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ სოციალური სამსახურის გაცემულ არც ერთ დასკვნას.

კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ფსიქოლოგთა აცილების, ხოლო ბავშვების მდგომაროების დადგენის მიზნით, მათი სხვა ფსიქიატრისა და ნევროპათოლოგის მიერ გამოკვლევის თაობაზე, ასევე მოითხოვა საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველი ჩაბმა, რათა გამოთხოვილ იქნას სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსარჩელისა და მისი ძმის დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურებისათვის.

ნ.შ-ამ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის თაობაზეც იმ საფუძვლით, რომ მოწმეები დაადასტურებენ სოციალური სამსახურის მუშაკების არაკვალიფიციურობას, ასევე იმას, რომ ნ.შ-ა ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია, არ ძალადობს არასრულწლოვან შვილებზე და აკმაყოფილებს მათ ელემენტარულ საჭიროებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. შ-ა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს შესაგებლით მომართა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ, რომლითაც არ ცნო ნ.შ-ას მოთხოვნა, ამასთანავე, წარმოდგენილ შესაგებელს დაურთო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის N6/ა-707 განჩინების ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნადია შაბანოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო კასატორის შუამდგომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების აცილების, ექსპერტიზის ჩატარების, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების საქმის განხილვაში ჩაბმისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. შ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობებს: სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების აცილების, ექსპერტიზის ჩატარების, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების საქმის განხილვაში ჩაბმისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს შუამდგომლობები უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთოხვნებიდან, ამასთანავე, უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ნ. შ-ას შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა თუ სხვათა თაობაზე დაუშვებელიცაა. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის N6/ა-707 განჩინების ასლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. შ-ა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. ნ. შ-ას შუამდგომლობები: სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების აცილების, ექსპერტიზის ჩატარების, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების საქმის განხილვაში ჩაბმისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. შ. შ-ს დაუბრუნდეს შესაგებელზე დართული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის N6/ა-707 განჩინების ასლი 3 (სამი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე