Facebook Twitter

№ას-547-520-2013 30 იანვარი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – 1. სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;

2. ნ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

ნატალი სისვაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საავტორო უფლების აღიარება, საავტორო უფლების ხელყოფის აკრძალვა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ს-მ მოპასუხე სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

1. მისი საავტორო უფლების აღიარება გადაცემა „პ-ზე“, რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2011 წლის 24 აპრილიდან ახორციელებდა მოპასუხე სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;

2. მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული გადაცემის გამოყენების აკრძალვა მოსარჩელე ნ. ს-სთან შეთანხმების გარეშე;

3. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 260000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ამ უკანასკნელის საავტორო უფლებების დარღვევის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. აღიარებულ იქნა ნ. ს-ის საავტორო უფლება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პ-ზე“;

5. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აეკრძალა გადაცემა „პ-ის“ გამოყენება ნ. ს-სთან შეთანხმების გარეშე;

6. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 15000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებში წარდგენილი 2004 წელს დაწერილი პროექტი პირობითი სათაურით: ,,ტელეპროექტები”, შესრულებულია მოსარჩელე ნ. ს-ის მიერ.

ეს გარემოება, გარდა თავად მოსარჩელის განმარტებისა, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ს.ფ. 113-ზე (ტომი 1) მოთავსებული კონვერტით, რომლითაც ჯერ კიდევ 2004 წლის იანვარში ნ. ს-მ მის მიერ შესრულებული ,,ტელეპროექტების” დეპონირება მოახდინა თბილისის ერთ-ერთ საფოსტო განყოფილებაში. აღნიშნული ნაწარმოების მოსარჩელისადმი კუთვნილება ასევე დასტურდებოდა მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების: ვ. ტ-ის და შ.-ბ. ი.-ა-ის ჩვენებებით. ამასთან, იმ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულებები, რომ საქმეში მოთავსებული ნაწარმოები, პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტები”, დაწერილი იყო მოსარჩელის მიერ, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ნ. ს-ის მიერ 2004 წელს დაწერილი პროექტი, პირობითი სათაურით – „ტელეპროექტები“, წარმოადგენდა იდეას, რომელზეც ვერ გავრცელდებოდა საავტორო უფლება. ამ პროექტის ნაწარმოებად მიჩნევისათვის, საჭირო იყო მისთვის შესაბამისი ობიექტური ფორმის მიცემა, რაც მის აღქმასა და რეპროდუცირებას შესაძლებელს გახდიდა. ნ. ს-ის პროექტი, იდეა, პირობითი სათაურით – „ტელეპროექტები“, რომ მიჩნეულიყო ნაწარმოებად და მასზე გავრცელებულიყო საავტორო უფლებები, საჭირო იყო მისი არსებობა ობიექტური ფორმით, რაც უნდა გამოვლენილიყო ,,აუდიოვიზუალური ნაწარმოების“ (მაგალითად: ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა) სახით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა, ხოლო მე-4 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, რეპროდუცირება ნიშნავს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადებას ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით.

ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნაწარმოები დაცვადია, თუკი იგი რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ ნაწარმოების შინაარსი გარეგნულად გამოხატულია. კანონმდებლობა ნაწარმოების ფორმის რაიმე სტანდარტს არ ადგენს, მთავარია, იგი აღქმადი და რეპროდუცირებადი იყოს.

მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ ნ. ს-ს პროექტი დაწერილი ჰქონდა, რადგან დავის ობიექტი – ნ. ს-ის „ტელეპროექტები“ საქმეში წარდგენილი იყო წერილობითი ფორმით, შესაბამისად, იგი საავტორო სამართლით დაცვადი ობიექტებისადმი წაყენებულ ამ მოთხოვნას ცალსახად აკმაყოფილებდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარდგენილი 2004 წელს დაწერილი პროექტი, პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტები”, წარმოადგენდა მოსარჩელე ნ. ს-ის პროექტს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა საავტორო სამართლით დაცვად ობიექტს და რომელზეც უნდა გავრცელებულიყო საავტორო უფლება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების შემთხვევაში, თავად ავტორმა უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ნაწარმოები მას ეკუთვნის და იგი უფლების დარღვევის ფაქტამდე შეიქმნა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ დასახელებულ ნაწილში შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომ პროექტი პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტები” მას ეკუთვნოდა და იგი 2011 წლამდე, ანუ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გადაცემა ,,პ-ის” გასვლამდე შეიქმნა. მხარეები არ დავობდნენ იმ ფაქტზეც, რომ 2011 წლის 24 აპრილიდან 2011 წლის 16 ივლისამდე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გადიოდა გადაცემა ,,პ-ი”. მითითებული აუდიოვიზუალური ნაწარმოების შედარებით მოსარჩელის მიერ შექმნილ ნაწარმოებთან, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ისინი, შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ერთმანეთის მსგავსი იყო. ამასთან, მოსარჩელის კუთვნილი ნაწარმოების, პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტების’,’ გადამუშავების შედეგად შექმნილი გადაცემა ,,პ-ი’’ წარმოადგენდა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელის” ეთერში გასულ ამ გადაცემაზე საავტორო უფლება სხვა თანაავტორებთან ერთად ეკუთვნოდა ნ. ს-ს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებია გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კოპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მხრიდან მითითებული ნორმებით დადგენილი დანაწესების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მოპასუხე მაუწყებლის ეთერში გადაცემა „პ-ის“ გასვლისას ნ. ს-ის საავტორო უფლების დარღვევაში.

იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გადაცემა „პ-ის“ გასვლამდე, მოსარჩელის კუთვნილი ნაწარმოები პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტები’’ რაიმე ფორმით გამოქვეყნებული არ ყოფილა, მტკიცების საგნის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა იმის დადგენა, ხელმისაწვდომი იყო თუ არა ეს ნაწარმოები მოპასუხისათვის. ამ გარემოების მტკიცების ტვირთიც, ბუნებრივია, მოსარჩელეს ეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ს-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით შეძლო ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაც. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების – ვ. ტ-ისა და ბ. ა-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2007 წელს ნ. ს-მ მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და წარუდგინა მის მიერ დაწერილი სატელევიზიო პროექტი პირობითი სათაურით ,,ტელეპროექტები’’. იმ დროს ვ. ტ-ი იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული დირექტორი, ხოლო ბ. ა-ი – გენერალური პროდიუსერის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა ასევე, CD დისკით, სადაც ჩაწერილი იყო ელ.ფოსტის გახსნის და ელ.ფოსტაზე მიმაგრებული ფაილების გახსნის პროცესი, ასევე, ელ.ფოსტის ამონაწერებით, რომლებიც ნათარგმნი იყო ქართულ ენაზე და დამოწმებული იყო ნოტარიულად.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. ს-ის სარჩელის მოთხოვნას სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ წარმოადგენდა: ა. გადაცემა „პ-ზე“, რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2011 წლის 24 აპრილიდან ახორციელებდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი’’, საავტორო უფლების აღიარება; 2. საავტორო უფლებების ხელყოფის აკრძალვა, კერძოდ, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებლისათვის’’ ნ. ს-სთან შეთანხმების გარეშე გადაცემა „პ-ის“ გამოყენების აკრძალვა; 3. საავტორო უფლების დარღვევის გამო მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 260000 ლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტით, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-9 მუხლით, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხსენებული კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, მე-18 მუხლის, 58-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. ს-ის სარჩელის იმ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რომლებიც შეეხებოდა მისი საავტორო უფლების აღიარებას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ გადაცემა „პ-ზე“ და მოპასუხისათვის გადაცემა „პ-ის“ გამოყენების აკრძალვას ნ. ს-სთან შეთანხმების გარეშე.

რაც შეეხებოდა სარჩელის მესამე მოთხოვნას, რომელიც შეეხებოდა საავტორო უფლების დარღვევის გამო მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 260000 ლარის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხეს კომპენსაციის სახით უნდა დაკისრებოდა 15000 ლარის გადახდა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა გადაცემა ,,პ-ის’’ წლიური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 27) და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია 15000 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, ელექტრონული საფოსტო გზავნილების ამონაწერების თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თ.კ-ის ელექტრონულ მისამართზე (ასევე სხვა თანამშრომლების ელექტრონულ მისამართებზე) ნ. ს-ის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილია რეალითი შოუს მოკლე მონახაზი, ფაილის სახელწოდებაა – იდეა, ტელეპროექტები. გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებული 2011 წლის 23 სექტემბრის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა კომპაქტ-დისკი, სადაც ჩაწერილია ელექტრონულ ფოსტაზე მიმაგრებული ფაილების გახსნის პროცესი. მოცემული მტკიცებულებით ასევე დასტურდება, რომ დასახელებულ პირებს გაეგზავნათ რეალითი შოუს – „ტელეპროექტების“, ფაქტობრივად ერთგვერდიანი მონახაზი, აღნიშნულს ცხადყოფს მონახაზის ბოლოში არსებული ტექსტი. ამდენად, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელემ ზემომითითებული რეალითი შოუ დაასათაურა პროექტად, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით იგი თავადვე აღიარებდა იმ ფაქტს, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან და სხვა თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტით გააგზავნა მხოლოდ რეალითი შოუს ერთგვერდიანი იდეა. აშკარაა, რომ ასეთ იდეაზე ვერ გავრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 9.1 მუხლი. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ტექსტი (იდეა/მონახაზი) ვერ ჩაითვლება ნაწარმოებად და იგი ვერ იქნება საავტორო სამართლით დაცვადი ობიექტი;

დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-სათვის კომპენსაციის სახით 15000 ლარის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლო ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება და თვლის, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეს 15000 ლარი, თუმცა კონკრეტულად რაში მდგომარეობს კომპენსაციის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძვლები და რატომ აღნიშნული ოდენობით, გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის კომპენსაციის სახით 245000 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას შემდეგი დასაბუთებით:

სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. სარჩელის მე-3 მოთხოვნასთან მიმართებით გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. დასახელებული მოთხოვნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მთლიანად იყო დამოკიდებული მოსარჩელის საავტორო უფლებების არსებობა-არარსებობაზე, ხოლო შემდგომ – მათი დარღვევის აღიარების ფაქტზე. მოცემული საქმის განმხილველი არც ერთი ინსტანციის სასამართლო არ შეეხო კომპენსაციის დაანგარიშების საკითხს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას, შესაბამისი მტკიცებულებების აღწერილობას, თუ რას დაეყრდნო სასამართლო მოსარჩელის დარღვეული საავტორო უფლებების დაცვის საკომპენსაციოდ 260000 ლარის ნაცვლად 15000 ლარის განსაზღვრისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს – სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (750 ლარი) 70% – 525 ლარი. რაც შეეხება კასატორ ნ. ს-ს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით იგი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (750 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 1 მაისი, საგადასახადო დავალება № 302835) 70% – 525 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე