საქმე №ას-58-53-2015 26 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ-ა, მ. კ-ე, ვ. მ-ი, შპს „E. D-T“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობისა და გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ .ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჭ-ას, მ. კ-ის, ვ. მ-ისა და შპს „E. D-T-ის“ მიმართ 2007 წლის 28 მაისს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობისა და გამიჯვნის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ასევე მატერიალური ზიანის - 22 299,52 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.ბ-მ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის წარმომადგენელ რ.შ-ის განმარტებით, ბ.ბ-მ 2014 წლის 19 დეკემბერს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გააგზავნა საკასაციო საჩივარი, თუმცა კონვერტზე არასწორად მიეთითა ადრესატის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო რეკვიზიტები, სასამართლოს დასახელება და მისამართი. აღნიშნულის თაობაზე რ.შ-ს, როგორც მხარის წარმომადგენელს ეცნობა ფოსტის თანამშრომლის მიერ. ტექნიკური ხარვეზის გამო, 2014 წლის 30 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის სასამართლოში გადაგზავნა. ამდენად, კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის მოგვიანებით წარდგენის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თავის მხრივ, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს ვალდებულება, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე გამოარკვიოს საკასაციო საჩივრის ფორმალური შესაბამისობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის მოიაზრება იმისი უტყუარად დადგენა, კასატორმა მხარემ დაიცვა თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი განსაზღვრულია საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით და დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ბ.ბ-ის წარმომადგენელ რ. შ-ის განცხადება, რომელსაც ერთვის კასატორის საპენსიო მოწმობის ასლი. საპენსიო მოწმობა, სადაც მითითებულია „ინვალიდობა დადგენილია მუდმივად“ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ბ.ბ-სათვის განჩინების საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების საფუძვლად და ეს გარემოება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2014 წლის 2 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა რ.შ-მ.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, რ.შ-ე იცავს ბ.ბ-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგულირებულია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების წესი და დადგენილია, რომ შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ის ჩაბარდა მის წარმომადგენელს, რაც თავის მხრივ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის დადგენილი ვადის დენის დაწყების საკმარისი საფუძველია, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 3 დეკემბრიდან და ამოიწურა სამუშაო დღეს - ამავე წლის 23 დეკემბერს. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი კი, ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს (სსსკ 61.3 მუხლი), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია.
რაც შეეხება კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობას, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
საკასაციო საჩივარზე მტკიცებულებად დართული საფოსტო კონვერტის შესწავლით დასტურდება, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს ბ. ბ-მ კორესპოდენცია გააგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მისამართად მითითებულია ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქN12. საყურადღებოა, რომ საკასაციო საჩვარს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ წარმოდგენილი კონვერტით სწორედ წინამდებარე საქმეში განთავსებული საკასაციო საჩივარი იყო გაგზავნილი, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ბ.ბ-ის მოთხოვნის საფუძვლეზე ან მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვა დავა არ მიმდინარეობს (ამ გარემოების დადასტურება მხარეს ობიექტურად შეეძლო), ამდენად, საფოსტო კონვერტზე მისამართის უსწოროდ მითითება ვერ გახდება მხარის მიერ საპროცესო ვადის დაცულად მიჩნევის საფუძველი, ამ კუთხით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კორესპოდენციის ადრესატად მითითებულია ქუთაისის საქალაქო და არა სააპელაციო სასამართლო, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი მოცემულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგად ნაწილში, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ამ ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვის მიმართაც (სსსკ 399-ე და 372-ე მუხლები), კერძოდ, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. მართალია, ამავე კოდექსის 65-ე მუხლი ზოგადად ითვალისწინებს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს შემდეგი: სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენელ რ. შ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩვრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ბ-ის წარმომადგენელ რ. შ-ის შუამდგომლობა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე