Facebook Twitter

საქმე №ას-598-566-2014 16 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ა. ჯ. ლ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ჯ. ლ-ის“ მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების - 2 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოპასუხის წარმომადგენელ ე.ხ-ის 2013 წლის 11 იანვრის განცხადებისა და მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შპს „ა. ჯ. ლ-ს“ ექსპერტიზის ბიუროს დებულების შესაბამისად, გაეწია დაჩქარებული საექსპერტო მომსახურება, რომლის ღირებულებამაც, იმ დროს მოქმედი ტარიფის შესაბამისად, შეადგინა 2 800 ლარი.

მოსარჩელის მიერ შედგენილი დასკვნა ჩაიბარა მოპასუხემ, რაც დასტურდება ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 18 იანვარს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.

მოპასუხეს მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

მართალია, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საექსპერტო მომსახურების თაობაზე, თუმცა მოსარჩელეს რეალურად რაიმე მომსახურება არ გაუწევია, ბიუროს მიერ შედგენილი აქტი არ ასახავს გამოსაკვლევი ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას. მოპასუხის პარტნიორი კომპანიის - შპს „ა. ჯ. ფ-ის“ დაკვეთით ამავე ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე მოსარჩელე ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქონება შეფასებულია დაახლოებით 100 000 ლარით მეტად, ვიდრე ეს ასახულია სადავო დასკვნაში. ამ ორი დასკვნის შედარებით დასტურდება, რომ დროის მცირე შუალედში - 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე ქონების ღირებულება შემცირდა 6,2%-ით. გარდა აღნიშნულისა, შეფასება შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების - IVSC-ის სტანდარტების დაუცველად. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ, სადავო დასკვნაში არ არის მითითებული შეფასების წყარო და აუცილებელი პირობები. მიწის შესადარისი ანალოგები არის ბევრად მცირე, ვიდრე შესაფასებელი ობიექტის მიწა, ამასთან, ამ განსხვავებაში შემფასებელს დაშვებული აქვს 15%-იანი სხვაობა, ხოლო ამ სხვაობის განმარტება არ არის მითითებული, რაც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების 104-ე გვერდის 5.1.8 პუნქტის მოთხოვნებს.

მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა იკისრა სამუშაოს ხარისხიანად შესრულების ვალდებულება, ამ გარემოების გათვალისწინებით კი, თანხის დაკისრების მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა. ჯ. ლ-ს“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისრა 2 800 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2013 წლის 11 იანვარს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შპს „ა. ჯ. ლ-ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ.

2013 წლის 18 იანვარს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა საექსპერტო დასკვნა და ქ.თბილისში, დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე არსებული 23 382 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2013 წლის იანვრის მდგომარეობით განისაზღვრა 1 277 152 ლარით.

2012 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა საექსპერტო დასკვნა შპს „ა. ჯ. ფ-ის“ დაკვეთის შესაბამისად და ქ.თბილისში, დ.ზაჰესის ტერიტორიაზე არსებული 23 382 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 1 361 802,5 ლარით.

2012 წლის 29 აგვისტოს შპს „ბ. ჯ-მა“ მოამზადა საექსპერტო დასკვნა შპს „'ა. ჯ. ფ-ის“ დაკვეთის შესაბამისად და ქ.თბილისში დ.ზაჰესის ტერიტორიაზე არსებული 23 382 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 570 000 აშშ დოლარით.

საქმიანობაში ხელმძღვანელობენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულებაა, რომლის ძალითაც მენარდემ აიღო ვალდებულება, შეეფასებინა უძრავი ნივთი - ჩაეტარებინა სასაქონლო ექსპერტიზა, ხოლო შემკვეთი ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ხელშეკრულების თანახმად, შეკვეთილი იყო დაჩქარებული შეფასება, რაც ორჯერ აძვირებდა საფასურს.

სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 640-ე, 641-ე, 644–ე მუხლების თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ს“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 18 იანვარს მომზადებულ საექსპერტო დასკვნაზე არ გადაუხდია მომსახურების ღირებულება გაორმაგებული ტარიფით, რაც მოპასუხემ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით ახსნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა უხარისხოდ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით.

სასამართლოს განმარტებით, თავად ის გარემოება, რომ მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 2 800 ლარით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, მნიშვნელოვანი იყო შემდეგი საკითხების დადგენა: ა) გაუწია თუ არა მომსახურება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შპს „ა. ჯ. ლ-ს“; ბ) არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება შეფასების სტანდარტებზე და გ) შეესაბამებოდა თუ არა უძრავი ქონების შეფასების თაობაზე დასკვნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ სტანდარტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულთაგან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ის“ დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ 2013 წლის 18 იანვარს მოამზადა საექსპერტო დასკვნა; ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულება არ მოიცავდა გამოკვლევის პროცესში სტანდარტებზე შეთანხმებას, აუცილებელ მოთხოვნას, რომ მომზადებულიყო ექსპერტის დასკვნა ISO სტანდარტების სრული დაცვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა ვალდებულება, გამოკვლევის პროცესში აუცილებლად ეხელმძღვანელა მხოლოდ მითითებული სტანდარტებით; საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ექსპერტის დასკვნა მომზადდა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების დარღვევით.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 641–ე მუხლით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის პირველ ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლო უნდა იყოს, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის რაიმე კონკრეტულ პირობებსა თუ კვლევისას ამა თუ იმ სტანდარტის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. მეორე ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, რადგან მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია პირობებზე შეთანხმებას, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, ექსპერტიზის სადავო დასკვნა ვარგისი იყო თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

ამ თვალსაზრისით ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას შპს „ა. ჯ. ლ-ის“ შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შეიცავდა. აღნიშნულ გარემოებაზე საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მითითებას ასევე ადგილი არ ჰქონია საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, ამასთან, აპელანტი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დასკვნა ვარგისი იყო ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, მოწინააღმდეგე მხარეს გამოყენებული ჰქონდა დასკვნა იმ მიზნებისათვის რისთვისაც ესაჭიროებოდა, კერძოდ, მან ინტერნეტის მეშვეობით გააკეთა განაცხადი უძრავი ქონების გაყიდვის თაობაზე, სადაც გასაყიდ ფასად სწორედ ექსპერტის დასკვნაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება გამოიყენა. საწინააღმდეგო არგუმენტები მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, სადავო ექსპერტიზის დასკვნა ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე, 105-ე მუხლებზე და ვინაიდან არ არსებობდა უძრავი ქონების შეფასების სტანდარტების თაობაზე შეთანხმება, სასამართლო ვერ იმსჯელებდა დასკვნის შესაბამისობაზე შეუთანხმებელ სტანდარტებთან. ასეთ პირობებში კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნეოდა, თუკი იგი ვარგისი იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

ის გარემოება, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ს“ აღნიშნული დასკვნის გამოყენება არ შეეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის და რომ სადავო დასკვნის ნაკლის გამო მოპასუხის მიმართ მესამე პირებს წარმოექმნათ რაიმე უფლებების გამოყენების წინაპირობა ასეთის თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე შეაფასა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის №000133513 ექსპერტის დასკვნა და ისე მიიჩნია ნივთობრივად ნაკლიან ნაკეთობად, რომ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ექსპერტების დასკვნის შეფასების თაობაზე არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით.

მიუხედავად მხარეთა შორის კვლევისას გამოსაყენებელი სტანდარტების შეთანხმების არარსებობისა, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო დასკვნის ხარისხიანობის საკითხის დადგენას და აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის, ამასთან, მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იქნებოდა, სასამართლოს, რომელსაც ამ უძრავი ქონების შეფასების, კვლევისას ამა თუ იმ სტანდარტების გამოყენების თვალსაზრისით არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა, უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა დასკვნები უძრავი ქონების შეფასების თაობაზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის უხარისხობისა და უძრავი ქონების ღირებულების დადგენის მიზნით.

პალატამ იმ გარემოებებზეც მიუთითა, რომ სადავო დასკვნით განისაზღვრა უძრავი ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება, რაც არ შეიცავს ზუსტ, დადგენილ მონაცემებს, ანუ ისეთ მონაცემებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად რაოდენობრივად განსაზღვრულ ფულად შეფასებას უნდა შეიცავდეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, არ ჰქონდა გადახდილი 2 800 ლარი, რის გამოც მას კრედიტორის სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა. ჯ. ლ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, პალატამ ისე გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არ უმსჯელია, თუ რატომ არის სადავო ექსპეტიზის დასკვნა ხარისხიანი. სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისა, მხარისაგან მოითხოვა კიდევ სხვა, არარსებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც არასწორია. საქმის განხილვის დაწყებისას სასამართლო ცდილობდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისაგან იმის გარკვევას, თუ რატომ არ წარადგინა შეგებებული სარჩელი სადავო დასკვნის გამო ზიანის მიყენების შემთხვევაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ექსპერტის დასკვნა მიიჩნია უდავოდ, იმგვარად, რომ მნიშვნელობა არ მიუნიჭებია არც შეფასების მეთოდის და არც სხვა გარემოებისათვის.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის ბიუროს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები და მომზადებული დასკვნა შეესაბამება ჩვეულებრივი მოხმარების პირობებს, თუმცა, გაურკვეველია, თუ რაზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მოსარჩელემ იკისრა სამუშაოს ხარისხიანად შესრულების ვალდებულება, საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი, დასტურდება სწორედ ამ სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, შეეფასებინათ დასკვნის სისწორე, თუმცა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად იქნა მიჩნეული, ხოლო სადავო დასკვნა - ხარისხიანად.

სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ხელშეკრულებაში კონკრეტულ სტანდარტებზე მიუთითებლობის პირობებში, მხარეს არ აქვს უფლება, შეიტანოს ეჭვი დასკვნის კანონიერებაში, ისეთ ვითარებაშიც კი, როდესაც წარმოდგენილია საპირისპირო მტკიცებულებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის ბიუროსთან დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სტანდარტულ პირობას და ხელშეკრულების პროექტში რაიმე პუნქტის ჩამატება თუ გამოკლება გამორიცხულია. შეფასების ბაზარზე მოსარჩელე მონოპოლისტია, რაც აძლევს მას სრულ შესაძლებლობას, უფლება-მოვალეობათა უკანონოდ განხორციელებისა.

ნებისმიერ საქმიანობას გააჩნია ხარისხი და სტანდარტი, ისეთი შემთხვევისას, როდესაც ეს სტანდარტი ხელშეკრულებაში არაა გაწერილი, საქმიანობის განხორციელებაში გამოყენებული უნდა იქნას ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალ მოღვაწეთა მიერ დადგენილი სტანდარტები. ამ თვალსაზრისით სადავო დასკვნა არ ემყარება ამ საქმეში დასაქმებულ ექსპერტ-სპეციალისტთა მიერ დადგენილ მეთოდს, რაიმე ანალოგიას, რის გამოც, სადავო დასკვნის გამოყენება კასატორს მიაყენებდა დიდ ზიანს, როგორც საგადასახადო თვალსაზრისით, ისე ნებისმიერ მესამე პირ ინვესტორთან მიმართებით, ამდენად, პრაქტიკული თვალსაზრისითაც კი, დასკვნის გამოყენება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც, ამავე კოდექსის 644-ე მუხლის შესაბამისად, დამკვეთი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა იგი ზიანის ანაზღაურებას.

დასკვნის უხარისხობა დასტურდება არა მხოლოდ იმით, რომ საექსპერტო კვლევა არ ემყარება საერთაშორისო სტანდარტს, არამედ, იმითაც, რომ მასში არ არის გადმოცემული შემფასებლის პროფესიული აზრი. გამოყენებულია შედარების მეთოდი, თუმცა არ არის წარმოდგენილი იმავე ტიპის გასაყიდი ობიექტები, ამასთანავე, ამ მეთოდის გამოყენებისას სავალდებულოა ობიექტის სწორად განსაზღვრა და შესადარებელი ობიექტის მითითება. მოცემულ შემთხვევაში, შემფასებელმა არათუ ანალოგები არ მიუთითა სადავო დასკვნაში, არამედ შეცდომაში შეიყვანა დამკვეთი ობიექტის ადგილმდებარეობის გაურკვევლად ასახვით. აღნიშნული იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ შემფასებლის პროფესიული აზრი სიცრუეა.

დასკვნის შედგენისას არ არის დაცული შედარების პროცესის კანონზომიერება, მიწის ნაკვეთის შეფასებაზე გამოყენებული ანალოგები ძალიან პატარა და დაუდგენელი ადგილმდებარეობის ნაკვეთებია, ხოლო შენობა-ნაგებობებზე მიღებული საბაზრო ღირებულება საერთოდ არ არის მითითებული თუ საიდანაა მოტანილი და რა ლოგიკას ემყარება, რაც იმას ადასტურებს, რომ შედგენილი დასკვნა უხარისხოა და არ ასახავს რეალობას, გარდა აღნიშნულისა, ექსპერტიზის ამავე ბიურომ დროის მოკლე მონაკვეთში ერთი და იმავე ქონების ღირებულება სხავადასხვაგვარად შეაფასა და სადავო დასკვნით იგი 6,2%-ით შეამცირა. დასკვნაში მოსარჩელეს მითითებული აქვს IVS-1-ის 3.1 პარაგრაფის გამოყენებაზე, რაც ასევე ადასტურებს ექსპერტის ვალდებულებას, დასკვნის შედგენისას დაეცვა საერთაშორისო სტანდარტები, თუმცა უხეშადაა დარღვეული ამ სტანდარტებით დადგენილი წინაპირობები.

საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა რაღაც დაარქივებული მასალებით, რაც, კასატორის შეფასებით, მიუთითებს დასკვნის სიცრუეზე. ამ გარემოებიდან გამომდინარე, იშუამდგომლა სხდომის ოქმების გამოკვლევის თაობაზე.

გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლით, თუმცა, ამავე კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, არ გამოუკვლევია, თუ რატომ არ წარმოადგენდა სადავო დასკვნა ნაკლიანს, ამასთანავე, ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მსჯელობისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სს „ა. ჯ. ლ-ი“ და მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა. ჯ. ლ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა. ჯ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა. ჯ. ლ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ა. ჯ. ლ-ის“ მიერ 2014 წლის 30 მაისის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა. ჯ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ა. ჯ. ლ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა. ჯ. ლ-ს“ (ს/№.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ა. ჯ. ლ-ის“ მიერ 2014 წლის 30 მაისის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე