№ას-602-570-2014 30 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „........ ჰ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 1 ივლისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. გ-მა მოპასუხე სს „....... ჰ-ის“ მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო თანხის, 9877.89 აშშ დოლარის ანაზღაურება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. გ გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. სს „........... ჰ-ს“ დაეკისრა 9877.89 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 23 აგვისტოს, ,,თ. ბ-სა” და მოსარჩელის მამკვიდრებელს, ი. გ-ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 26 ოქტომბერს ამავე სუბიექტებს შორის დაიდო ახალი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1893433-2209464, რომლის მიხედვითაც, ბანკმა სესხის სახით ი გ-ზე გასცა 10000 აშშ დოლარი, წლიური 16%-ის სარგებლით. იმავე დღეს, 2012 წლის 26 ოქტომბერს, 2011 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ძირითადი №924421 ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომელიც სესხის მიღებამდე ი. გ-ს ავალდებულებდა დაზღვეულიყო სიცოცხლეზე სესხის მიმდინარე (10000 აშშ დოლარი) ოდენობით სს ,,....... ჰ-ში” სს ,,თ. ბ-ის” სასარგებლოდ, სესხის მოქმედების ვადით;
დასახელებულ სუბიექტებს შორის, 2012 წლის 15 ოქტომბერს დადებული შეთანხმებით საკრედიტო მომსახურების შესახებ №924421 ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა კლიენტისათვისათვის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის უფლება, ხოლო ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე, ბანკს უფლება მიეცა თვითონ უზრუნველეყო კლიენტის დაზღვევა, ბანკის მიერ შერჩულ კომპანიაში. ბანკმა გამოიყენა ზემომითითებული 10.3 პუნქტით მინიჭებული უფლება, ი. გ-ის სიცოცხლის დაზღვევა უზრუნველყო თვითონ და იმავე დღეს გასცა სადაზღვევო პოლისი №1893433-2209464, რომლის სინამდვილეც დადასტურდა ,,თ. ბ-ის” თელავის ფილიალის დირექტორის, აგრეთვე, სადაზღვევო ჰოლდინგ „.......-ს“ წარმომადგენელ გ. ნ-ის ხელმოწერითა და „თ. ბ-ის“ ბეჭდით №009021. აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა რისკი: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა სს ,,თ. ბ-ის” საცალო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირების სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-13 თავით გათვალისწინებული ,,გამონაკლისებისა”. ვალდებულების დადგომის მომენტიდან ი. გ-ი იხდიდა თანხას, გამომდინარე სს ,,თ. ბ-ის” მიერ დამტკიცებული დაფარვის გრაფიკიდან;
2013 წლის 20 იანვარს ი. გ-ი მოთავსდა თელავის რაიონულ საავადმყოფოში პნევმონიის და ფილტვების იდეოპათიური ფიბროზის დაუზუსტებელი დიაგნოზით. ავადმყოფობის გართულების გამო, 24 იანვარს იგი გადაყვანილ იქნა ქ.თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა აივ ინფექციის მე-3 სტადია და გადაყვანილ იქნა ინფექციური საავადმყოფოს იმუნოლოგიის ცენტრში. მკურნალობის მიუხედავად, ი. გ-ი გარდაიცვალა 2013 წლის 12 თებერვალს;
სადაზღვევო პოლისის მიხედვით, ი. გ-ის სიცოცხლე დაზღვეული იყო საბანკო კრედიტის თანხით – 10000 აშშ დოლარით. სადაზღვევო ანაზღაურება მოიცავდა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ბანკის მიმართ დარჩენილ საკრედიტო მიმდინარე დავალიანებას (ძირითად თანხას დამატებულ სარგებელს), სადაზღვევო პრემიას – მიმდინარე სადაზღვევო თანხის 0.72%-ს);
სადაზღვევო საზღაურის თანხა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომეტისათვის (2013 წლის 12 თებერვლისათვის, როდესაც გარდაიცალა ი. გ-ი) შეადგენდა 9877.89 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა – 9779.28 აშშ დოლარი და დარიცხული სარგებელი – 98.61 აშშ დოლარი);
ი. გ-ი, დაბადებული ... წლის .... თებერვალს, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პრ ცენტრში აღრიცხვაზე იქნა აყვანილი 2013 წლის 23 ინვრიდან. იგი გადაყვანილ იქნა შპს პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო მძიმე სუნთქვის უკმარისობა. ჩატარებული ინსტრუმენტალ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე პაციენტს დაესვა დიაგნოზი: აივ ინფექცია/შიდსი, სტადია 3, პნევმოცისტური პნევმონია. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ იქნა მიღწეული და ეს უკანასკნელი გარდაიცვალა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტი სავარაუდოდ ინფიცირებული იყო აივ ინფექციით რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა რადგან კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლენა გვიან ეტაპზე ხდება, იგი არ იყო გამოკვლეული ამ დაავადებაზე და შესაბამისად, მან არ იცოდა, რომ დაავადებული იყო ამ ინფექციით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად სს ,,თ. ბ-ის” საცალო საკრედიტო პროდუქტის კლიენტი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-13 პუნქტით გათვალიწინებულ ,,გამონაკლისებზე” მითითება, დაუსაბუთებელი იყო და გაზიარებას არ ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „................ ჰ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით სს „............... ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაზღვეული პირის გარდაცვალება გამოწვეული იყო დაზღვევამდე არსებული დაავადებით, რაც 2012 წლის 26 ოქტომბრის დაზღვევის პოლისისა და სს „თ. ბ-ის“ საცალო საკრედიტო პროდუქტის კლიენტი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-13 თავით დადგენილი გამონაკლისების მიხედვით წარმოადგენდა იმ შემთხვევას, რომლითაც გამოირიცხებოდა მზღვეველის მხრიდან დაზღვეულისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო, ბენეფიციარი შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პრ ცენტრში აღრიცხვაზე აყვანილ იქნა 2013 წლის ინავრიდან. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ,,............. ჰ-ის” მიერ დ. გ-ის მიმართ 2013 წლის 10 და 23 აპრილს გაცემულ წერილებზე, ამ წერილების მიხედვით, სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ ი. გ-ზე სესხი 10000 აშშ დოლარის ოდენობით გაიცა დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ, ანუ პაციენტი დიაგნოსტირებული იყო სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, რაც დასტურდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100-ის მოკლე ანამნეზის გრაფაში მითითებული ჩანაწერით იმის თაობაზე, რომ პაციენტი ერთი წელია ავადმყოფობდა. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტით დადგენილ გამონაკლისზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სს „თ. ბ-ის“ საცალო საკრედიტო პროდუქტის კლიენტი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტით დადგენილ სადაზღვევო თანხის გაცემაზე უარის საფუძვლად მითითებული საგამონაკლისო გარემოებების სწორად განმარტებას. ,,დაზღვევის პირობების” 13.1 პუნქტი სასამართლოს მხრიდან უნდა განმარტებულიყო, პირველ როგში, აღნიშნული შეთანხმების ხელმომწერი მხარის – შპს „.................. ჰ-ის“, როგორც მზღვეველის ზუსტი ნების დადგენის გზით.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ მზღვეველი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის 13.1 პუქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას უკავშირებდა დაზღვეული პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის (დაავადების) დაზღვევამდე დიაგნოსტირების გარემოებას, რასაც თავის მხრივ უკავშირებდა ჯანმრთელობის ფორმა 100-ში, მოკლე ანამნეზში მითითებული ავადმყოფობის მიმდინარეობის ერთწლიან პერიოდს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტი, თავად მოპასუხე (აპელანტი) შპს „.......... ჰ-ის“, როგორც მზღვეველის პოზიციის გათვალისწინებით უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ სადაზღვევო თანხის გაცემაზე დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არსებობდა მაშინ, როდესაც დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეული იყო დაზღვევამდე არსებული ან/და ქრონიკული დაავადებით, რომლის დიაგნოსტირების ობიექტური შესაძლებლობა დაზღვეული პირისთვის არსებობდა დაზღვევის მომენტისათვის (ანუ დაზღვევამდე).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, მართალია, არსებობდა პაციენტის (დაზღვეულის) დაზღვევამდე დაავადების ვარაუდი, თუმცა ამავდროულად დადგინდა, რომ ვინაიდან, გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის (აივინფექციის) კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება გვიან ეტაპზე ხდება, ავადმყოფი არ იყო გამოკვლეული აღნიშნულ დაავადებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ი დიაგნოსტირებული იყო 2013 წლის იანვარში, ანუ დაზღვევის შემდგომ, ამასთან, დაზღვევამდე ობიექტურად არ არსებობდა დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, რაც ვერ იქნება განხილული დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სს „თ. ბ-ის“ საცალო საკრედიტო პროდუქტის კლიენტი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-13 თავის 13.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი გარემოება, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „............. ჰ-მა“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სს „თ. ბ-ის“ საცალო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირების დაზღვევის პირობების 13.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და ან ქრონიკული დაავადებით, ხოლო სადაზღვევო პოლისით დაზღვეულია დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა დაზღვევის პირობების მე-13 თავით გათვალისწინებული „გამონაკლისებისა“. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზღვეული დაავადებული იყო დაზღვევამდე არსებული ქრონიკული დაავადებით, მის მემკვიდრეს უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
ი. გ-ის გარდაცვალების მომენტისათვის არსებობდა ორი დაზღვეული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლებიც გაფორმებული იყო 2011 წლის 23 აგვისტოსა და 2012 წლის 26 ოქტომბერს. ამასთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრქტიკული ცენტრის წერილში მიეთითა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყო რამდენიმე წლის მანძილზე. შექმნილ ვითარებაში, სადაზღვევო კომპანია იდგა არჩევანის წინაშე, საერთოდ არ აენაზღაურებინა თანხა. რამდენადაც მეორე ხელშეკრულების დადების დღიდან გარდაცვალებამდე გასული იყო 5 თვე და ამავდროულად, იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხსენებულ წერულში მითითებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში პაციენტის ინფიცირების შესახენ, სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტა აენაზღაურებინა მხოლოდ 2011 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოადგენს მხარეთა ნდობაზე და პარტნიორულ ურთიერთობაზე დამყარებულ ურთიერთობას. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კანონის აღნიშნული ნორმა მოითხოვს მხარეთა შორის ურთიერთნდობის არსებობას და სამოქალაქო ბრუნვის წესების უპირობოდ დაცვას. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისამდმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, „............... ჰ-მა“, როგორც კეთილსინდისიერმა მხარემ, აანაზღაურა 2011 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებამ შეიძლება ბიძგი მისცეს კონტრაქტორებს, თავი შეიკავონ და არ გამოიჩინონ გულისხმიერება კონტრაგენტის მიმართ, რაც დააზარალებს სამოქალაქო ბრუნვას, მის სტაბილურობას, მხარეთა ურთიერთნდობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „.............. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „............. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების (874 ლარი) 70% – 611.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „........... ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – სს „......... ჰ-გს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (874 ლარი, საგადახდო დავალება № 10677, გადახდის თარიღი – 2014 წლის 18 ივნისი) 70% – 611.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე