Facebook Twitter

№ას-608-576-2014 30 იანვარი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „............ კ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ო-ა

მესამე პირი – გ. ჩ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმის, წესდებისა და დადგენილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. ო-ამ მოპასუხე ა(ა)იპ „.......... კ-ის“ მიმართ, მესამე პირის – გიორგი ჩაკვეტაძის მონაწილეობით.

სარჩელის დაზუსტებული მოთხოვნები:

1. ა(ა)იპ „ კ...............-ის“ 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების №რ-სკ01/12 ოქმის და კრების გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდების ახალი რედაქციის ბათილად ცნობა;

2. ა(ა)იპ „................ კ-ის“ 2012 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების №რ-სკ02/12 ოქმის ბათილად ცნობა;

3. წევრთა მიღების თაობაზე ა(ა)იპ „............... კ-ის“ 2012 წლის 8 დეკემბრის №რ-გს-01/12 დადგენილების ბათილად ცნობა;

4. ა(ა)იპ „............... კ-ის“ 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა;

5. ა(ა)იპ „........... კ-ის“ 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების №რ-სკ02/12 ოქმის ბათილად ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 81-95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „............ კ-ის“ 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების №რ-სკ01/12 ოქმი და კრების გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია;

2. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „........... კ-ის“ 2012 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების №რ-სკ02/12 ოქმი;

3. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „........... კ-ის“ 2012 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №რ-გს-01/12 წევრთა მიღების თაობაზე;

4. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „............ კ-ის“ 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმი;

5. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „............... კ-ის“ 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების №რ-სკ02/12 ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 184-192).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ – ა(ა)იპ „........... კ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „.............. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კავშირი ,,........... კ-ი” რეგისტრირებულია ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 მაისის დადგენილებით, რეგისტრაციის ნომერი 5/9-749, რომლის დამფუძნებელი წევრები იყვნენ: დ. მ-ე, გ. ძ-ე, ა. ჭ-ა, დ. ს-ე და ა. ტ-ე.

ააიპ ,,....... კ-ის” 2011 წლის 29 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის ოქმის საფუძველზე კომიტეტის 37 დელეგატიდან 31-ის მიერ, კრებაზე მიღებულ იქნა ახალი წესდება, არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი და დამტკიცდა გამგეობის ახალი შემადგენლობა.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,........... კ-ის” 2011 წლის 29 ნოემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომიტეტის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ლ. ო-ა, ხოლო გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: ლ. ო-ა, გ. ძ-ე, გ წ-ე, შ. მ-ე, რ. ი-ი, ი. გ-ე, ნ. თ-ი, ი. მ-ი და თ. ა-ი; დამტკიცდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,........... კ-ის” წესდების ახალი რედაქცია.

,,............. კ-ის” 2012 წლის 1 ივნისის გამგეობის N7 სხდომის ოქმის, ,,............ კ-ის” 14 სექტემბერის გამგეობის N8 კრების ოქმის და ,,............ კ-ის” 2012 წლის 5 ოქტომბრის გამგეობის N9 კრების ოქმის, 2011 წლის წესდების 4.5 მუხლის საფუძველზე დაზუსტდა ააიპ ,,................ კ-ის” წევრთა რაოდენობა, მიღებულ იქნა 11 წევრი და განისაზღვრა დელეგატთა საერთო რაოდენობა, რაც 2012 წლის 1 დეკემბრისთვის შეადგენდა 18 წევრს.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............. კ-ის” 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის Nრ-სკ01/12 მიხედვით, რომელსაც ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გ. ძ-ე, დ. მ-ე და ა. ტ-ე, ვიცე პრეზიდენტები: რ. ი-ი და შ. მ-ე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ, ამავე კრების გადაწყვეტილებით გამგეობის წევრებს: ლ. ო-ას, რ. ი-ს, შ. მ-ს, გ. წ-ს, ი. გ-ს, ნ. თ-ს, გ. ძ-ს, თ. ა-ს და ი. მ-ს შეუწყდათ უფლებამოსილება, პრეზიდენტის არჩევამდე და გენერალური მდივნის დანიშვნამდე უფლება-მოვალეობების შესრულება დაევალა გ. ძ-ს. კრებაზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა ლ. ო-ამ, რომლის განცხადებით კრების მოწვევისას არ იყო დაცული წესდების მოთხოვნები და კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილებები.

2012 წლის 6 დეკემბერს ლ. ო-ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის საფუძველზე სარეგისტრაციოდ მიღებული საქმის წარმოების შეჩერება, ვინაიდან კრება მოწვეული იყო და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონდარღვევით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............... კ-ის” 2012 წლის 7 დეკემბრის წევრთა საერთო კრების ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ო-ა, ბათილად იქნა ცნობილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ ,,.......... კ-ის” 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ01/12, კ-ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გ. ჩ-ე, არჩეულ იქნა ასევე ორი ვიცე პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გამგეობის წევრები.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,........ კ-ის” 2012 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების Nრ-სკ02/12 ოქმის მიხედვით (ესწრებოდნენ გ. ძ-ე, დ. მ-ე, ა. ტ-ე), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2012 წლის 27 დეკემბერს კ-ის პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევის დღის წესრიგით კრების მოწვევის შესახებ.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,........... კ-ის” რიგგარეშე საერთო კრების 2012 წლის 8 დეკემბრის Nრ-გს-01/12 დადგენილებით (ესწრებოდნენ გ. ძ-ე, დ. მ-ე ა. ტ-ე), კომიტეტის წევრებად მიღებული იქნენ: გ. ფ-ი, თ. მ-ი, კ. კ-ი, მ. დ-ი, გ. გ-ე, დ. ნ-ე, ლ. ა-ი, დ. ქ-ა, ხ. ს-ე, მ. ჯ-ი, ე. ი-ე, რ. ი-ი, შ. მ-ე, რ. რ-ი, გ. კ-ე, თ. რ-ი, ხ. გ-ი, გ. ლ-ე, თ. ს-ა, გ. ა-ი, ი. ჯ-ე, ფ. ლ-ე, შ. ხ-ა, რ. მ-ე, გ. ჩ-ე, ნ. წ-ი, თ. ნ-ე, ვ. ა-ი, ვ. ქ-ი ზ. ზ-ე, თ. ბ-ე, თ. ს-ე, ბ. დ-ა, ნ. ხ-ი, ი. ხ-ი, ლ. ტ-ე, რ. ბ-ე, ზ. ხ-ი, ი. ტ-ე, მ. ბ-ი, ა. მ-ე – სულ 41 წევრი.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,........... კ-ის” 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმის მიხედვით, კომიტეტის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ლ. ა-ი, ვიცე პრეზიდენტად – თ. რ-ი, გენერალურ მდივნად – რ. რ-ი; გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: ა. კ-ი, რ. ი-ი, ნ. წ-ი, ა. მ-ე და ფ. ლ-ე.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,......... კ-ის” 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების ოქმის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები კომიტეტის გამგეობის 2012 წლის 1 ივნისის N7 კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, 2012 წლის 14 სექტემბრის N8 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, 2012 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, 2012 წლის 7 დეკემბრის საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ.

რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 05/02/2013) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,......... კ-ის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან: ლ. ა-ი – პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; შ. მ-ე – ვიცე პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; თ. რ-ი – ვიცე პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; რ. რ-ი – გენერალური მდივანი, გამგეობის წევრი; ა. კ-ი – გამგეობის წევრი; რ. ი-ი – გამგეობის წევრი; ა. მ-ე – გამგეობის წევრი; ფ. ლ-ე – გამგეობის წევრი; ნ. წ-ი –გამგეობის წევრი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.2 მუხლის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,.............. კ-ის” წესდების 6.1 პუნქტის მიხედვით (რომელიც მოქმედებდა 2012 წლის 1 დეკემბრისათვის, წესდების ახალი რედაქციის მიღებამდე), კომიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ, წელიწადში მინიმუმ ერთხელ. ამავე წესდების 6.3 პუნქტის თანახმად, ვადამდელი ან გადავადებით არჩევნების ჩატარება შესაძლებელია გამგეობის დადგენილებით, შესაბამისი აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტის არსებობის შემთხვევაში. წესდების 6.4 პუნქტის მიხედვით, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა შესაძლებელია პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან საერთო კრების წევრთა 1/4-ის ინიციატივით. წესდების 7.2 პუნქტის მიხედვით კი, გამგეობის სხდომები იმართება პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მოწვევით საჭიროებისამებრ. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. გამგეობის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა. წესდების 7.3 პუნქტის მიხედვით, გამგეობის ყველა სხდომის ოქმებისა და სხვა პროცედურების წარმოება ხორციელდება პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და დასტურდება მისი ხელმოწერით, ან იმ პირის ხელმოწერით, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............... კ-ის” 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრება მიწვეული არ ყოფილა ზემოაღნიშნული წესდებით გათვალისწინებული წესით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,................ კ-ის” წესდების 6.5 პუნქტის მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სეპეკის ხმის უფლების მქონე წევრთა უბრალო უმრავლესობა 51%. წესდების 6.6 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით - 51%.

,,....................... კ-ის” 2012 წლის 1 ივნისის გამგეობის N7 სხდომის ოქმის, ,,.......... კ-ის” 14 სექტემბერის გამგეობის N8 კრების ოქმის, ,,............... კ-ის” 2012 წლის 5 ოქტომბრის გამგეობის N9 კრების ოქმის და 2011 წლის წესდების 4.5 მუხლის საფუძველზე, ააიპ ,,............... კ-ის” წევრთა რაოდენობა 2012 წლის 1 დეკემბრისთვის შეადგენდა 18 წევრს. ამდენად, 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრებაში, წესდების 6.5 პუნქტის საფუძველზე მონაწილეობა უნდა მიეღო 10 წევრს, ხოლო წესდების 6.6 პუნქტის საფუძველზე, დამსწრე პირებიდან გადაწყვეტილება უნდა მიეღო 6 წევრს. მოცემულ შემთხვევაში კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ სამმა წევრმა.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,.............. კ-ის” წესდების 6.7 პუნქტის საფუძველზე კრების თავმჯდომარე არის კომიტეტის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის ან უუნარობის შემთხვევაში – ასაკით უმცროსი ვიცე პრეზიდენტი. 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის მიხედვით, კომიტეტის პრეზიდენტმა ლ. ო-ამ უარი განაცხადა განსახილველ საკითხებში მონაწილების მიღებაზე, ვინაიდან კრება მოწვეული იყო წესდების მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული გარემოება კი არ წარმოადგენდა პრეზიდენტის უუნარობას ან არყოფნას, შესაბამისად რიგგარეშე საერთო კრება მოწვეული იყო და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა კომიტეტის წესდების მოთხოვნათა დარღვევით.

2012 წლის 1 დეკემბრის რიგგგარეშე საერთო კრების ოქმით და მიღებული წესდებით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კომიტეტის სამი წევრის მონაწილეობით 2012 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2012 წლის 27 დეკემბერს კრების მოწვევის შესახებ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევის დღის წესრიგით, ასევე, 2012 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება წევრთა მიღების შესახებ, ხოლო 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრებაზე არჩეულ იქნა კომიტეტის ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და გამგეობის წევრები.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,................ კ-ის” წესდების მიხედვით (რომელიც მოქმედებდა 2012 წლის 1 დეკემბრისათვის), პრეზიდენტის, ვიცე- პრეზიდენტების, გამგეობის და გენერალური მდივნის უფლებამოსილება განისაზღვრება 4 წლის ვადით. მოსარჩელე ლ ო-ა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,................ კ-ის” პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2011 წლის 29 ნოემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით იქნენ არჩეული გამგეობის წევრები, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი, შესაბამისად, 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი და გასაჩივრებული შემდგომი კრების ოქმები არ შეიცავდა დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ განხორციელდა მითითებული პირების უფლებამოსილებათა შეწყვეტა წესდებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რა აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტი არსებობდა, რასაც წესდების 6.3 პუნქტი ითვალისწინებდა.

ააიპ ,,................ კ-ის” წესდების როგორც 2012 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის, ისე წესდების ახალი რედაქციის მიხედვით, კომიტეტის ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამგეობის ყველა სხდომის ოქმებისა და სხვა პროცედურების წარმოება ხორციელდება პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და დასტურდება მისი ხელმოწერით, ან იმ პირის ხელმოწერით, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. კომიტეტის ახალი წევრების მიღების შესახებ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელმოწერილ იქნა პრეზიდენტის მიერ, შესაბამისად, გამგეობის გადაწყვეტილებებში მითითებული პირები ითვლებოდნენ კომიტეტის წევრებად და 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრება არ იყო უფლებამოსილი მხოლოდ სამი წევრის მონაწილეობით მიეღო გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან კომიტეტმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2003 წლიდან 2012 წლამდე არ წარუდგინა ინფორმაცია ახალი წევრების შესახებ, ახალი წევრები მიღებულად არ ითვლებოდნენ და 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები.

წესდების თანახმად, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებებს კომიტეტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის, გარიცხვის და ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ააიპ ,,............ კ-ის”-ს 2013 წლის 15 ივნისის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება (წევრთა მიღების თაობაზე გამგეობის გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ), გარდა იმისა, რომ განხორციელდა სამოქალაქო კოდექსის და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიღებული სადავო კრების ოქმების საფუძველზე არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ, მიღებულ იქნა წესდების მოთხოვნათა დარღვევით. 2013 წლის 15 ივნისის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრებს შეუწყდათ უფლებამოსილება ისე, რომ აღნიშნული წევრები მიწვეული არ ყოფილან კრებაზე. ამასთან, კომიტეტის ახალი წევრების მიღების შესახებ გამგეობის გადაწყვეტილებები გაუქმდა 2013 წლის 15 ივნისს, შესაბამისად, 2012 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით კომიტეტი შედგებოდა 18 წევრისაგან და რიგგარეშე საერთო კრება არ იყო უფლებამოსილი მხოლოდ სამი წევრის მონაწილეობით მიეღო გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............. კ-ის” 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ01/12 და კრების ოქმის საფუძველზე მიღებული წესდება; კომიტეტის წევრთა 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმი, 2012 წლის 8 დეკემბრის დადგენილება Nრ-გს-01/12 წევრთა მიღების თაობაზე, 2012 წლის 7 დეკემბრის რიგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ02/12 და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............ კ-ის” 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების ოქმი, რადგან, სადავო კრებები მოწვეულ და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 31-ე, 35-ე და 54-ე მუხლების, აგრეთვე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,............. კ-ის” წესდების მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა რ. ი-ის, შ. მ-ის, გ. ძ-ის, დ. მ-ის, ა. ტ-ის მოწმის სახით დაკითხვაზე. აპელანტი აღნიშნული პირების დაკითხვას ითხოვდა ჩატარებული კრებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

დასმულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

კონკრეტულ შემთხვევაში, კრებების მიმდინარეობის შესახებ გარემოებები აისახა შესაბამისი კრების ოქმებში, რომლებიც შედგენილ იქნა კრებების მიმდინარეობის დროს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ოქმების ბათილობის შესახებ მოთხოვნის არარსებობის პირობებში, კრების ოქმში ასახული გარემოებების ბათილობის მიზნით მოწმეთა ჩვენება, როგორც მტკიცებულება, კრების ოქმების საპირისპირო მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) (ტომი 3, ს.ფ. 82-93.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა(ა)იპ „............ კ-მა“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობებს, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარკვეულ პირობებზე. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ უნდა იქნეს სარეგისტრაციოდ სავალდებულო მონაცემები. ერთ-ერთ ასეთ მონაცემს წარმოადგენს კომიტეტის წევრების ვინაობა. ამგვარი სავალდებულო ფაქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. აქედან გამომდინარე, რომც გავიზიაროთ სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება 2012 წლის 1 ივნისს კომიტეტის ახალი წევრების მიღების შესახებ, კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა სამეწარმეო რეესტრში მათი რეგისტრაცია, რაც სავალდებულო იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ 2012 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით კომიტეტს ჰყავდა 18 წევრი. საქმის მასალებით უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული დროისათვის კომიტეტს ჰყავდა 3 დამფუძნებელი წევრი, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ 2012 წლის 1 დეკემბრის საერთო საერთო კრება მოიწვიეს და გადაწყვეტილებები მიიღეს იმჟამად მოქმედი წესდების ან კანონომდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

სასამართლოს არ მიუთითებია, თუ კანონის რომელ ნორმას ეწინააღმდეგება ა(ა)იპ „............. კ-ის“ სადავო გადაწყვეტილებები;

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას შეეხება და ყურადღება არ მიაქცია ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც ადგენს, რომ ცვლილება ძალაში შედის რეგისტრაციის მომენტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „............ კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა(ა)იპ „............ კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის - ლ. ო-ას შუამდგომლობა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე შემდეგ გარემოებთა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. მოცემულ შემთხვევაში, ა(ა)იპ „.............. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ანუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ საქმის საკასაციო ინსტანციაში წარმოებისას ადვოკატისათვის გადახდილი 1768.00 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ოდენობა არ აღემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას. რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის პირველ და სააპელაციო ინსტანციებში წარმოებისას ადვოკატისათვის გადახდილი თანხის კასატორისათვის დაკისრებას, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, ვინაიდან ხსენებული თანხის გადახდის თაობაზე შუამდგომლობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი არ ყოფილა (საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 27.01.2014წ., საქმე №ას-165-158-2013, სუსგ, 30.10.2013წ., საქმე #ას-659-626-2013).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „.................. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ „........... კ-ს“ ლ. ო-ას სასარგებლოდ დაეკისროს 1768.00 ლარის გადახდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე