№ას-728-696-2014 27 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ო-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ჯ. ო-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის აგვისტოში ნ. ბ-სა და ჯ. ო-ს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ჰასკის ჯიშის ძაღლის ლეკვის ჩუქების თაობაზე;
ჰასკის ჯიშის ლეკვი „ლულუ“ იმყოფება ჯ. ო-ის მფლობელობაში;
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ჯ. ო-ე სათანადოდ უვლიდა ნაჩუქარ ძაღლს. ამასთან, მას არ გამოუვლენია უმადურობა ნ. ბ-ის მიმართ.
სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის მიმდინარეობისას დაკმაყოფილებულ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელსაც უნდა დაედგინა ძაღლის მდგომარეობა (ჯანმრთელობა, მოვლის სათანადოობა), ჩატარებული აცრებისა და საცხოვრებელი პირობების შესაბამისობა საჭიროებასთან, თუმცა მოსარჩელემ მოგვიანებით (ექსპერტიზის ჩატარებამდე) უარი განაცხადა თავის შუამდგომლობაზე, შესაბამისად, ექსპერტიზა აღარ ჩატარებულა.
პალატამ განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მოპასუხე სათანადოდ არ უვლის ძაღლს, მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. მოსარჩელემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ან დიდი უმადურობა გამოავლინა. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, ძაღლის ნახვასთან ან ინფორმაციის მიუწოდებლობასთან მიმართებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ არც აღნიშნული გარემოებები იქნა დადასტურებული, თუმცა მათი დადასტურების შემთხვევაშიც, ისინი ვერ იქნებოდა უმადურობის იმ ხარისხის გამოვლენა, რაც ხელშეკრულების გაუქმებას გამოიწვევდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის საფუძვლები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იგნორირებულია ისეთი საკითხები, რომელიც სასამართლოს აძლევდა საფუძველს სარჩელი დაეკმაყოფილებინა. სასამართლომ არ მისცა შეფასება ისეთ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას;
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა ცოცხალ არსებას და მის ექსპლუატაციას მოგების მიზნით, სასამართლომ უგულებელყო ძაღლის მდგომარეობა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე ძაღლი კვლავ დაუტოვა მფლობელს;
კასატორის მითითებით, მის მიერ სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებდა მოპასუხის მიერ ჩუქების ხელშეკრულების პირობის დარღვევას, მათ შორის წარდგენილი იყო ამონაბეჭდი ინტერნეტ საიტიდან იმის დასტურად, რომ მოპასუხე ძაღლს იყენებდა მოგების მიღების მიზნით. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა კასატორის, როგორც პიროვნების, თვითშეფასების და ღირსების საკითხს, რითაც ფეხქვეშ გათელა მისი კონსტიტუციური და მორალური უფლებები;
კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სასამართლო გადაწყვეტილებაში იგნორირება გაუკეთა სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტურ მოთხოვნებს, გარიგების წარმოშობის და შეწყვეტის შესახებ და კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით მხარე შეზღუდა. მოცემულ შემთხვევაში შეთანხმების აუცილებელი პირობა იყო ის, რომ მოპასუხეს უნდა შეექმნა ძაღლისათვის შესაბამისი პირობები, უნდა მიეცა მოსარჩელისთვის ძაღლის მონახულების შეუზღუდავი შესაძლებლობა და არ უნდა გამოეყენებინა ძაღლი შეჯვარების გზით მოგების მისაღებად. აღნიშნული პირობების დარღვევა კასატორის მოსაზრებით მტკიცდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც ცალსახად არის სამოქალაქო კოდქსით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი ეხება მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ისეთ საქციელს, რომლის პირველი შემფასებელი არის უშუალოდ ადრესატი მისი პატივისა და ღირსების თვითშეფასებიდან გამომდინარე, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული კონოლოგიური ფედერაციის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ძაღლის საბუთებზე ყალბი თარიღია დაფიქსირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 30 ივნისი, საგადახდო დავალება №1) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე