№ას-863-825-2014 27 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. ბ-ი, ს. ა-ი, ა. ხ-ი, ა. დ-ი, მ. გ-ა, გ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ლ-მა“ მოპასუხეების: მ. ბ-ის, ს. ა-ის, ა. ხ-ის, ა. დ-ის, მ. გ-ისა და გ. ა-ის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 16935.60 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-მა“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
შპს „ლ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მოპასუხეებს: მ. ბ-ს, ს. ა-ს, ა. ხ-ს, ა. დ-ს, მ. გ-სა და გ. ა-ს შპს „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3528.60 ლარის გადახდა;
მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 237.22 ლარის და ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის – 120 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სამედიცინო კომპლექსის „ა” ბლოკის კიბის უჯრედების და მომიჯნავე კოლონებზე 1-დან მე-8 სართულის ჩათვლით 570კვ.მ ნალესს გაუჩნდა ბზარები და ჩამოიშალა.
2012 წლის 6 აპრილს, შპს „ლ-სა“ და მოპასუხეებს (თითოეულთან ცალ-ცალკე) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისად, მოპასუხეები მ. ბ-ი, ს. ა-ი, ა. ხ-ი, ე. დ-ი, მ. გ-ი, გ. ა-ი მიღებულ იქნენ მრავალპროფილიანი სამედიცინო კომპლექსის მშენებლობაზე მლესავებად შემდეგი პირობებით:
– შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, გამომუშავებით;
– ანაზღაურება ხორციელდება სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
– „დამსაქმებლის“ სამუშაო დრო განისაზღვრა 6-დღიანი სამუშაო კვირით;
– ყოველ სამუშაო დღეს შესვენება განისაზღვრა ერთი საათით;
– აუცილებლობის შემთხვევაში, „დამსაქმებელს“ აქვს უფლება ამუშავოს „დასაქმებული“ დასვენების დღეებში;
– აუცილებლობის შემთხვევაში „დასაქმებულს“ შეიძლება დროებით დაეკისროს სხვა სამუშაოს შესრულება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით;
– „დასაქმებული“ პასუხს აგებს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და ვალდებულია დაკისრებული დავალებები შეასრულოს პირადად, კეთილსინდისიერად და შესაბამის პროფესიულ დონეზე;
– „დასაქმებულს“ არ აქვს უფლება მასზე დაკისრებული მოვალეობები გადასცეს სხვა რომელიმე მესამე პირს „დამსაქმებელთან“ შეთანხმების გარეშე.
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია, მათ შორის, მხარეთა შეთანხმება; ხელშეკრულებით დაწესებული ვადის გასვლა; ხელშეკრულების მოშლა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით; „დასაქმებულის“ მიერ შრომის შინაგანაწესის ან/და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა; „დასაქმებულის“ მიერ სამსახურის არასაპატიოდ გაცდენა; სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, სამსახურში დაგვიანებით მისვლა და სხვ.
სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა შპს „ლ-ის“ დირექტორის (როგორც „დამქირავებლის“) მიმართ მოპასუხეების მხრიდან წერილობითი განცხადებები სამსახურში მიღების თაობაზე, კონკრეტული თანამდებობის მითითებით, აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს „ლ-ის“ დირექტორის ბრძანებებით N21 (2012 წლის 6 აპრილის), N28 (2012 წლის 24 აპრილის) თავად შპს „ლ-ი“ (დირექტორის სახით) განსაზღვრავდა სამსახურში მიღებული დასაქმებულებისგან ბრიგადის შექმნისა და ბრიგადის წევრთა შემადგენლობის, მათ შორის ბრიგადირის დანიშვნის საკითხს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ურთიერთობა უნდა შეფასებულიყო, როგორც შრომის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილში და განმარტა, რომ ნარდობისგან შრომითი ურთიერთობის განმასხვავებელი ძირითადი ნიშნები იმაში მდგომარეობს, რომ შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული დამოკიდებულია დამსაქმებლის მიერ დადგენილ წესებზე, სწორედ დამსაქმებელი განსაზღვრავს დასაქმებულის სამუშაო დროს და საქმიანობის პროცესს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა მოპასუხეებისთვის 6-დღიანი სამუშაო კვირის, სამუშაო დღის განმავლობაში ერთსაათიანი შესვენების დროის დაწესებით, გარდა ამისა, საქმიანობის პროცესის დამსაქმებლის მიერ წარმართვა გამოიხატა მოპასუხეებისგან სამუშაო ბრიგადის შექმნის, ბრიგადის ხელმძღვანელის (ბრიგადირის), ქვებრიგადირის თანამდებობის განსაზღვრისა და ამ თანამდებობებზე მოპასუხეთაგან კონკრეტული პირების დამსაქმებლის მიერ დანიშვნის შესახებ ბრძანებების გამოცემაში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლებზე, რომელთა შორისაა ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის გასვლით, შრომითი შინაგანაწესის დარღვევის, ან შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის, სამსახურის არასაპატიოდ გაცდენის, დაგვიანების, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების გამო.
საქმის მასალებში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 თებერვლის დასკვნის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოება: ქ.თბილისში, დ. ა-ის ხეივნის მე-... კილომეტრზე, ნაკვეთი .... მშენებარე კორპუსის „ა“ ბლოკის კიბის უჯრედის კედლებზე და მომიჯნავე კოლონებზე, 1-დან 8 სართულის ჩათვლით, ქვიშა-ცემენტის დუღაბით შელესილი ფართობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველი სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით მთლიან ფართობზე, ქვიშა-ცემენტის საბათქაშე დუღაბი უხარისხოა, მექანიკური ზემოქმედებით ადვილად იშლება და მათგან ნიმუშების აღება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ვერ დგინდებოდა ბათქაშის სიმტკიცე. აღნიშნული სავარაუდოდ დუღაბში ცემენტის დაბალმა შემცველობამ განაპირობა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვიშა-ცემენტის დუღაბის მომზადების პერიოდში არასაკმარისი რაოდენობით იქნა გამოყენებული ცემენტი, ამიტომ დუღაბი უხარისხო, ხოლო მისი სიმტკიცე ძალზედ დაბალი იყო.
მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები დუღაბის მომზადებასა და შელესვას ახორციელებდნენ დამქირავებლის – შპს „ლ-ის“ მიერ შეძენილი და მიწოდებული მასალებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 18 თებერვლის დასკვნის შესაბამისად 570კვ.მ კედლებიდან და სვეტებიდან ნალესის დემონტაჟისათვის და აღნიშნული ნაგვის 15კმ-ზე გადატანისათვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა საორიენტაციოდ 1183.7 ლარით (დღგ-სა და სხვა, დამკვეთის მიერ მითითებული დარიცხვების ჩათვლით. 570კვ.მ კედლების და სვეტების შესალესად და შესაფითხნად საჭირო მასალების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა საორიენტაციოდ 2344.9 ლარით (დღგ-სა და სხვა, დამკვეთის მიერ მითითებული დარიცხვების ჩათვლით). აქვე აღსანიშნავი იყო, რომ აღნიშნული სამუშაოების შესარულებლად ქვიშა უნდა დახარჯულიყო ≈ 3.18 ტონა, ხოლო საფითხნი ≈ 416.10კგ. სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნაკლიანი ნალესის გამოსწორება განახორციელა თავად მოსარჩელემ – შპს „ლ-მა“. ამასთან, მოპასუხეებზე „ა“ ბლოკის კიბის უჯრედის 694მ²-დან სადავო, უხარისხოდ შესრულებულ 570მ² ფართობზე ხელფასის სახით გაიცა 3562.50 (570მ² Х 6.25 ლარზე) ლარი.
სამღებრო სამუშაოებზე ხელფასის სახით გაწეული ხარჯის – 2137.50 ლარის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებები შპს „ლ-ის“ დირექტორის N83 ბრძანება, მღებავების სამსახურში მიღებისა და 1კვ.მ კედლის შესაღებად მომზადების შრომის ანაზღაურებად 3.75 ლარის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ხარჯის (ხელფასის სახით 2137.50 ლარის) გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
საქმის მასალებში წარდგენილი სასაქონლო ზედნადების ცხრილების მიხედვით, მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა მეტალის ბადე, ღირებულებით 2880 ლარი და 4032 ლარი, მთლიანობაში 6912 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასახელებული მტკიცებულებით (სასაქონლო ზედნადების ცხრილი) არ დასტურდებოდა სადავო ფართზე (570კვ.მ.) დამხმარე მასალების სახით აღნიშნული ხარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება. ასევე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დამხმარე მასალის სახით ე.წ. კუთხოვანაზე 152 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება.
ნალესის დემონტაჟის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ხარჯის სახით 1735.5 ლარის დადგენის თაობაზე და ამ ნაწილში გაიზიარა საქმის მასალებში არსებული საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული გაანგარიშება, რომლის შესაბამისად, ნალესის დემონტაჟის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 1180.7 ლარით, მათ შორის, 91.2 ლარი ზედნადები ხარჯები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 1 ოქტომბრის დასკვნის დასკვნითი ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბათაქაშე დუღაბის დაბზარვის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი: ცემენტის დაბალი მარკა და მისი ნაკლებობა დუღაბში, წყლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, დუღაბის არასაკმარისი შერევა და მათ შორის მომართვაში ნახსენები, ქვიშაში თიხის ნორმებით დაწესებულზე გადამეტებული შემცველობაც; ვინაიდან ვერ მოხერხდა უხარისხო დუღაბისა და დუღაბში გამოყენებული ქვიშის სინჯების მოპოვება და ლაბორატორიული შემოწმება, დუღაბის უხარისხობის მიზეზის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა (2013 წლის 1 ოქტომბრის დასკვნა) არ წარმოადგენდა მოპასუხეების მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამომრიცხავ მტკიცებულებას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ საქმის მასალებში წარადგინა ექსპერტის დასკვნა (2013 წლის 4 თებერვლის დასკვნა), რომლის კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსის შესაბამისად დადგინდა, რომ სადავო ფართზე ქვიშა-ცემენტის საბათქაშე დუღაბი უხარისხო იყო და აღნიშნული სავარაუდოდ დუღაბში ცემენტის დაბალმა შემცველობამ განაპირობა, მოპასუხეების მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნა, რომელიც საბათქაშე დუღაბის დაბზარვის ზოგადი მიზეზების ჩამონათვალს შეიცავდა, 2013 წლის 4 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო და გამომრიცხავ მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც უდავო იყო სადავო ფართზე მოპასუხეთა მიერ შესრულებული სამუშაოს უხარისხობის ფაქტობრივი გარემოება, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამუშაოს უხარისხოდ შესრულება თავად მოსარჩელის (დამქირავებლის) მიერ მიწოდებულმა არასათანადო ხარისხის მასალებმა გამოიწვია, მოპასუხეთა მხარეზე იყო, რაც ვერ დასაბუთდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 570კვ.მ-ზე ნალესის ჩამოშლა მოპასუხეების მხრიდან სამუშაოს არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით, აგრეთვე, შპს „ლ-სა“ და მოპასუხეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებების 4.4 პუნქტის, რომლის თანახმად, „დასაქმებული“ პასუხს აგებს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და ვალდებულია დაკისრებული დავალებები შეასრულოს პირადად, კეთილსინდისიერად და შესაბამის პროფესიულ დონეზე. „დასაქმებული“ სამუშაოს შესრულების დროს ვალდებულია გაუფრთხილდეს „დამსაქმებლის“ ქონებას, თავისი ხარჯებით გამოასწოროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ს. ა-მა, ა. ხ-მა, ა. დ-მა, მ. გ-მა და გ. ა-მა.
კასატორების მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლოს დასკვნები, რომლებითაც მიჩნეულია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი დადგა მოპასუხეების ქმედების შედეგად, დაუსაბუთებელია, აღნიშნული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, უფრო მეტიც, ისინი წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან – ექსპერტიზის დასკვნებთან.
საკითხი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ნალესის დაბზარვის მიზეზი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. საქმეზე წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეიცავს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა იყო ზიანის მიზეზი. სასამართლომ საკითხი მიკერძოებულად შეაფასა, კერძოდ, გამოიყენა არა ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი, არამედ, დასკვნის კვლევითი ნაწილიდან გამოიყენა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და გადაწყვეტილება მასზე დაამყარა. უფრო მეტიც, ექსპერტიზის წინაშე საერთოდ არ დასმულა კითხვა, თუ რამ გამოიწვია უხარისხობა, საკითხი შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული: გთხოვთ, ჩაგვიტაროთ ექსპერტიზა და დაგვიდგინოთ ქ.თბილისში, ა-ის ხეივანი მე-.... კმ. ნაკვეთი .....-ზე მშენებარე კორპუსის ა ბლოკის კიბის უჯრედზე და მომიჯნავე კოლონებზე 1-დან 8 სართულის ჩათვლით ქვიშა-ცემენტის ხსნარით გალესილი ფართების ხარისხი. აღნიშნულზე ექსპერტმა შემდეგი პასუხი გასცა: მონიშნულ ფართობზე ქვიშა-ცემენტის საბათქაშე დუღაბი უხარისხოა, მექანიკური ზემოქმედებით ადვილად იშლება და მათგან ნიმუშის აღება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ვერ დგინდება ბათქაშის სიმტკიცე, აღნიშნული სავარაუდოდ დუღაბში ცემენტის დაბალი შემცველობით არის განპირობებული. ამდენად, ექსპერტმა მხოლოდ ის შეაფასა, იყო თუ არა ნალესი ხარისხიანი, რაც პრინციპში სადავოც არ იყო.
არადამაჯერებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს მოპასუხეებმა ვერ მოახერხეს მოსარჩელის მიერ მათთვის არასათანადო ხარისხის მასალის მიწოდების ფაქტის დამტკიცება. სასამართლომ საერთოდ უგულებელყო სპეციალისტების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დუღაბში ცემენტის ნაკლებლობა ნალესის დაბზარვის გამომწვევი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო.
კასატორებისათვის გაუგებარია, თუკი ცემენტი ნალესში არ გამოიყენეს, იგი ფიზიკურად ხომ უნდა არსებობდეს. მათი მოსაზრებით, მოსარჩელე აუცილებლად შეამჩნევდა ცემენტს, რომელიც დუღაბს დააკლეს, რადგან მლესავები იმყოფებოდნენ მისი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, ამასთან, მათზე კონტროლს ახორციელებდა ინჟინერი და თავად დირექტორიც. აღნიშნულ საკითხზე სარჩელში არაფერია მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, ს. ა-ის, ა. ხ-ის, ა. დ-ის, მ. გ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის, ს. ა-ის, ა. ხ-ის, ა. დ-ის, მ. გ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ა-ის (პირადობის მოწმობის მიხედვით – ა-ე, პირადი ნომერი – ..............) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის, ს. ა-ის, ა. ხ-ის, ა. დ-ის, მ. გ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: მ. ბ-ს, ს. ა-ს, ა. ხ-ს, ა. დ-ს, მ. გ-სა და გ. ა-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ა-ის (პირადობის მოწმობის მიხედვით – ა-ე, პირადი ნომერი – ............) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 12, გადახდის თარიღი – 2014 წლის 24 სექტემბერი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე