Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№330210013248501 30.01.2015წ.

საქმე Nას-88-82-2015

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ. ც-ი, ს. კ-ა“

წარმომადგენელი - გიორგი ინგოროყვა

მოწინააღმდეგე მხარე - ე. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საქმეზე - შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სარჩელის გამო, ე. გ-ას მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სახელით სარჩელი აღიძრა სასამართლოში მოპასუხე ე. გ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. სახელდობრ, მოსარჩელემ მოითხოვა, მისადმი დაქვემდებარებულ კლინიკაში პაციენტ ი-ა ა-ის მკურნალობის ხარჯების დაკისრება 13 627 ლარის ოდენობით და შეთანხმების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით, 3500 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. გ-ას მოსარჩელე შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 13 627 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ე. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სახელით საკასაციო საჩივარი წარადგინა გ. ი-ამ, რომელმაც მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ვალდებულება, იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. მხარის მიერ კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვალა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმის მიუხედავად, ჩაიბარა თუ არა მოგვიანებით მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ ც-ი, ს კ-სათვის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2014 წლის 07 ნოემბრის სხდომის დღე (ტ.2. ს.ფ. 83). შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მართალია შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ წარმომადგენელმა - გ. ი-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 25 დეკემბერს (ტომი 2, ს.ფ. 98). თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „მ. ც-ი, ს. კ-ისათვის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2014 წლის 07 ნოემბრის სხდომის დღე, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს 2014 წლის 07 დეკემბერი ანუ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე. ამასთან, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ წარმომადგენელს - გ. ი-ას არ მიუმართავს სასამართლოსათვის 2014 წლის 25 დეკემბრამდე. დადგენილია, რომ შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ წარმომადგენელმა - გ. ი-ამ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 14 იანვარს, საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. ც-ი, ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. შპს „მ. ც-ი, ს. კ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ი-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (692 ლარი, გადახდის თარიღი – 2015 წლის 14 იანვარი, საგადახდო დავალება N7197.48.1) 692 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი