Facebook Twitter

ბს-75-72-(კ06) 27 მარტი, 2006 წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე(თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. დ-ე-ა-ის საკასაციო საჩივრისდასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 ივნისს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. დ-ე-ა-ემ მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ამავე ფონდის ტყიბულის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი მეუღლის _ ა. ა-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და შესაბამისი პენსიის დანიშვნა (ს.ფ. 2-3).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. Dა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.35-37).

ლ. დ-ე-ა-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (ს.ფ. 42-43).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლ. დ-ე-ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. დ-ე-ა-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 69-70).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით ლ. დ-ე-ა-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზის) მითითების თაობაზე, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, კასატორი არ მიუთითებდა, თუ რომელი კანონი არ გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რომელი კანონი გამოიყენა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რომელი კანონი განმარტა არასწორად და აღნიშნულმა დარღვევებმა გამოიწვია თუ არა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 74-75).

საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით კასატორ ლ. დ-ე-ა-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. დ-ე-ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი), კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების კონსტატაციით, ზოგადად მიუთითებს განჩინების არასწორობისა და უკანონობის თაობაზე და ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო და მატერიალური სამართლის რომელიმე ნორმის დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ განსხვავდება კასატორის მიერ თავდაპირველად შემოტანილი, ხარვეზზე დატოვებული საკასაციო საჩივრისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ლ. დ-ე-ა-მ ვერ შეძლო კანონით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზება და ვერ შეავსო საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული საკასაციო საჩივრის ხარვეზი, რის გამოც ლ. დ-ე-ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-ე-ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.