№ას-1068-1021-2014 6 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. რ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ. კ-ისა და მესამე პირის შპს „ა.-გ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ 371000 ლარის, უსაფუძვლოდ მიღებული ფულადი თანხის სარგებლობით მიღებული შემოსავლის – 105 690 ლარისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება ვალდებულების შესრულებამდე ყოველი დღისთვის 0,1%-ის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა. ჯ-ი“ და შპს „ა. ფ-ი“ ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას. მოპასუხე ა. რ. კ-მა შპს „ა. ჯ-დან“ 2011 წელს მიიღო 371000 ლარი, რომელსაც იგი ანგარიშსწორებაში არ უთვლის შპს „ა. ჯ-ს“ იმის გამო, რომ ეს თანხა პირადად მას აქვს მიღებული და არა როგორც შპს „ა. ფ-ის“ წარმომადგენელს. სადავო თანხა მოპასუხემ მიიღო სამ ეტაპად: 1. 2011 წლის 22 თებერვალს შპს „ა. ჯ-დან“ მიიღო 251000 ლარი, საიდანაც 250000 ლარი შეიტანა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს. კ-ის“ ანგარიშზე კაპიტალში შენატანის სახით, ხოლო 1000 ლარი დაუტოვა ძმისშვილს – დ. კ-ს; 2. 2011 წლის 27 სექტემბერს ა. რ. კ-სა და გ. კ-ას გადაეცათ 80000 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა ა. რ. კ-ისა და გ. კ-ას კუთვნილი კომპანიის შპს „ა. გ-ას“ საგადასახადო ვალდებულების გასასტუმრებლად; 3. 2011 წლის აპრილში ა. რ. კ-ს გადაეცა 40000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ყველა თანხა კომპანიიდან გატანილ იქნა ა. რ. კ-ის თხოვნით, შესაბამისად, სწორედ ის არის ვალდებული პირი, აანაზღაუროს მიღებული თანხები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს „ა. ჯ-სათვის“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ 26257,5 ევროს ეკვივალენტის ლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, შპს „ა. ჯ-ის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გახსნილი აქვს სს „ბ. რ-ში“ 2011 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 27 მაისამდე პერიოდში ა. რ. კ-მა ჩარიცხა 24 776 ევრო, ხოლო სს „პ. ბ-ში“ – 2010 წლის 19 ივნისიდან 2013 წლის 30 მაისამდე 1481,5 ევრო. აღნიშნული და სხვა თანხები ა. რ. კ-მა შპს „ბ. ჯ-ს“ ჩაურიცხა სესხის სახით, 2 წლის ვადით უპროცენტოდ, რაც არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ დაუბრუნებიათ.
შპს „ა. ჯ-მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. რ. კ-ის მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენს შპს „ა. ჯ-სა“ და შპს „ა. ფ-ს“ შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, კერძოდ კი, თხილის მიწოდების საფასურს, რომელსაც ზოგჯერ თავად კომპანია, ზოგჯერ კი, კომპანიის წარმომადგენელი ა. რ. კ-ი რიცხავდა შპს „ა. ჯ-ის“ ანგარიშზე.
მესამე პირმა შპს „ა. გ-ას“ წარმომადგენელმა არ ცნო შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ა. ჯ-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. რ. კ-ს, შპს ,,ა. ჯ-ის’’ სასარგებლოდ, დაეკისრა 251 000 (ორასორმოცდათერთმეტი ათასი) ლარისა და 26 370 (ოცდაექვსიათას სამას სამოცდაათი) ლარის გადახდა. სხვა ნაწილში შპს ,,ა .ჯ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. რ. კ-ს დაეკისრა შპს ,,ა. ჯ-ის’’ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2900 (ორიათას ცხრაასი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. შპს ,,ა. ჯ-ს’’ უარი ეთქვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს „ა. ჯ-მა“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ა. რ. კ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ”ა. ჯ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ”ა. ჯ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ”ა. ჯ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. რ. კ-ს შპს ”ა. ჯ-ის” სასარგებლოდ, დაეკისრა ძირითადი თანხა 251 000 ლარი, მასვე დაეკისრა ზიანის სახით 62 750 ლარის გადახდა შპს ”ა. ჯ-ის” სასარგებლოდ, დანარჩენ ნაწილში შპს ”ა. ჯ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ”ა. ჯ-ს” ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა, შპს ”ა. ჯ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1717,60 ლარის გადახდა, ა. რ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟი 2510 ლარი, შპს ”ა. ჯ-ს” ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4117 ლარი, .ა რ. კ-ს შპს ”ა. ჯ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური სახის უსწორობა, რის გამოც მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, იგი უნდა გასწორებულიყო, შესაბამისად, 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად, სარეზოლუციო ნაწილის მე-13-16 პუნქტების ნაცვლად მიეთითა შემდეგი: ”გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. რ. კ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სწორად იყო განმარტებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, ამ ვადისა და წესის შეცვლის მიზნით, 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შესწორების შეტანა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის დაწესება, არღვევს მხარეთა საპროცესო უფლებებს. კერძოდ: კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა ეხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 18 მარტის კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ნორმა სადავო ურთიერთობას არ აწესრიგებს, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევები, როცა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად. მოცემულ შემთხვევაში კი, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის აღძვრისას მოპასუხე ა. რ. კ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე, არ არსებობდა.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებიდან 5-დღიანი ვადა გავიდა 2014 წლის 21 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით კი, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების 5-დღიანი ვადა იწურება 2014 წლის 22 სექტემბერს, მაშინ, როცა გადაწყვეტლების სრული ტექსტი დღემდე არ ჩაჰბარებიათ და მხოლოდ სარეზოლუციაო ნაწილი გადაეცათ 2014 წლის 19 სექტემბერს. ამდენად, სახეზეა, რომ მხარეს ერთმევა ისეთი სასამართლო გადაწყვეტლების გასაჩივრების უფლება, რომლის სრული ტექსტი მას არ მიუღია, რაც ყოვლად ალოგიკური და უსამართლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. რ. კ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ. კ-ის წარმომადგენელ გურამ გვენცაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მის მიერ 2014 წლის 16 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13-16 პუნქტები, სადაც მითითებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი, უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: ”გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში”.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრი ავტორმა ა. რ. კ-მა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში 2014 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომც არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით განჩინების გაუქმების საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება, ვინაიდან მას, აღნიშნულ განჩინებაში მითითებული გასაჩივრების 5-დღიანი ვადის პირობებშიც, საკასაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებულ ვადაში აქვს შეტანილი, შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით არ ირღვევა მხარის საპროცესო უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. რ. კ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური